ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ ისინი მეზობლებს თავს არ ესხმიან – “იმ შემთვევების გარდა, თუ მათ ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ბაზები არ არის განლაგებული”.
ჩვენ არ ვესხმით თავს მეზობელ ქვეყნებს. ამ ინციდენტის შესახებ ახლა თქვენგან მესმის. უნდა გამოვიკვლიო, რა არის ამ ინფორმაციის წყარო და მისი ხასიათი, რის შემდეგაც შევძლებ კომენტარის გაკეთებას. სხვათა შორის, ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკა არ არის მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმა – გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იქ ჩვენი მოწინააღმდეგეების (კერძოდ, სიონისტური რეჟიმისა და ამერიკის შეერთებული შტატების) სამხედრო ბაზებია განლაგებული, საიდანაც ირანზე და მის უდანაშაულო ხალხზე თავდასხმები ხორციელდება. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, თუ რეგიონში არსებული ნებისმიერი სამხედრო ბაზა ირანის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული და იქ ამერიკული ძალები იქნებიან მობილიზებული, ჩვენ მათ სამიზნედ ვაქცევთ. ეს არის ჩვენი ოფიციალური პოლიტიკა”, – ამბობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია APA ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ირანულმა დრონმა ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა.
აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც.
ირანიდან გადასროლილი დრონების გამო, აზერბაიჯანი საპასუხო ნაბიჯების გადადგმას აანონსებს. ირანის ელჩი უკვე დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.