გდი-სა და ბეჟან გვაზავას დაპირისპირება სოფელ გრიგოლიში
ტელეკომპანია ,,ოდიშის” ინფორმაციით გუშინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიში, მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებულმა და 4 წლის ძებნილმა ბეჟან გვაზავამ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამსახურის თანამშრომლებს: რ. ხ-ს, რ. შ-სა და დ. ჯ-ს ცეცხლი გაუხსნა.
წყაროს ინფორმაციით, გდი-ს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი აღმოაჩინეს, რასაც მოჰყვა გვაზავასა და გდი-ს თანამშრომლებს შორის დაპირისპირება. წყაროს ცნობით, დაზიანებულია გდი-ს სახელმწიფო მანქანაც. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში მომხდარს არ ადასტურებენ, თუმცა არ უარყოფენ, რომ გუშინ რ.ხ, რ.შ და დ.ჯ სამსახურში იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, შეტყობინება უწყებაში არ შესულა და არც გამოძიება დაწყებულა. შეგახსენებთ, რომ ბეჟან გვაზავას სახელს უკავშირდება ბოლო დროს არჩევნებში ქართული ოცნების სასარგებლოდ კრიმინალური ჯგუფების მიბილიზება.
ბეჟან გვაზავას 7 წლით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა 2019 წლის 7 დეკემბერს. სასამართლომ ბეჟან გვაზავა დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.
გვაზავამ ცეცხლსასროლი იარაღით ალიკა ლაგვილავას ესროლა. გვაზავა გრიგოლიშის “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელი იყო , ხოლო ალიკა ლაგვილავა ამავე შტაბის კოორდინატორი. ბეჟან გვაზავასა და ალიკა ლაგვილავას შორის დავა მიწის ნაკვეთს უკავშირდებოდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ახალგაზრდა კაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით მიმდინარეობდა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბეჟან გვაზავა დაკავებული არ არის.