ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის ნიშნეული ყოფითი პრობლემები ლარის კურსის ვარდნამ კიდევ უფრო გაართულა, სტუდენტებისა და მათი ოჯახების წინაშე განსაკუთრებით მძაფრად დგას ბინის ხელმისაწვდომ ფასებში დაქირავების პრობლემა.
უძრავი ქონების სააგენტოების ცნობით, ყველაზე იაფფასიანი ბინის ქირა თბილისში 50 – 100 დოლარის ფარგლებში მერყეობს და, თუმცა ბინის მფლობელები ირწმუნებიან, რომ ეს არის ზღვარი, რომლის ქვემოთ ბინის გაქირავება აზრს კარგავს, ფასების კლება გარდუვალია დამქირავებელთა დაბალი გადახდისუნარიანობის გამო.
დიახ, ბინის ქირამ მაისის თვესთან შედარებით იკლო , მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ლარის კურსის ვარდნისა და დოლარის გაძვირების გამო ეს კლება სულაც არ არის კლება და პირიქით მატებაა, ამიტომ არის, რომ ბინის ქირაზე მოთხოვნა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განახევრდა- უბრალოდ მოსახლეობას არა აქვს ბინის დაქირავების საშუალება და სტუდენტების ერთ მნიშვნელოვან ნაწილს მოუწევს თბილისის დატოვება ან ნათესავებთან შეკედლება, რაც თავის მხრივ სხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული.
სხვებთან ერთად ზუგდიდელ სტუდენტთა მშობლებიც ამაოდ ეძებენ თბილისში დასაქირავებელ ბინებს შედარებით იაფად, იაფფასიანი ბინები ფაქტობრივად არ არის, ერთნაირად მაღალია და ხელმიუწვდომელი კეთილმოწყობილი ბინაც და კეთილმოუწყობელიც, გარეუბანშიც და ცენტრშიც. თუ ადრე ოთახის დაქირავება კერძო სახლში უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე საცხოვრებელ კორპუსებში, ახლა ეს შეღავათიც აღარ არსებობს – სახლის მფლობელსაც და ბინის მფლობელსაც ერთნაირად უჭირს და ფასებს ვერ უკლებს.
დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე დაბალფასიანი ბინა 300 – 400 ლარად ქირავდება და ისიც მხოლოდ გარეუბანში, რაც თუ ტრანსპორტის ხარჯებსაც გავითვალისწინებთ, ცენტრალურ უბნებში დასაქირავებელ ფასს უახლოვდება.
არანაკლებ პრობლემურია ბინის დაქირავება ზუგდიდსა და სხვა ქალაქებშიც. ბინების დაქირავება ცენტრალურ უბნებში მდებარე კორპუსებში – 200 – 300 ლარი ჯდება, კერძო სახლებში – 100 – 200 ლარი, ეს აიძულებს სხვა რაიონებსა და სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს ბინის დაქირავების ნაცვლად სახლებიდან იარონ, რაც, ტრანსპორტის ხარჯებზე რომ არაფერი ვთქვათ, აშკარად შეუშლის მათ ხელს სრულფასოვან სწავლასა და სტუდენტურ ცხივრებაში, რადგან საქმე მხოლოდ ლექციებზე დასწრებაში კი არ არის, არამედ ლექციის შემდგომ მუშაობაშიც და ინტელექტუალური განვითარების სხვა შესაძლებლობების ხელმისაწვდომობაში. ახალგაზრდა, რომელიც ბოლო ლექციაზე სულ საათს დაჰყურებს იმის შიშით, რომ შინდასაბრუნებლად ტრანსპორტს ვერ მიუსწრებს, ამ შესაძლებლობებს მოკლებულია, დაღლილობასა და დროის კარგვაზეც რომ არაფერი ვთქვათ..
ასე რომ, არათუ ბინის დაქირავება, გაქირავებაც კი უკვე პრობლემაა, გამქირავებელსაც და დამქირავებელსაც უჭირს და ცხოვრების პირობები აიძულებს ერთმანეთის ხარჯზე ეძებოს გამოსავალი. ლაპარაკია საშუალო ფენას მიკუთვნებული ოჯახების შესაძლებლობებზე, თორემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ამ კონკურენციასა და ჭიდილში, სამწუხაროდ, აღარაფერი ესაქმებათ, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საშუალო ფენა საქართველოში მხოლოდ პირობითად არსებობს და არსებულიც კატასტროფული სისწრაფით გადადის სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში, საქმეს ნამდვილად არ უჩანს კარგი პირი. სტუდენტებისთვის პირველ რიგში, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის მომავალზეც აისახება.