რუხის კლინიკაში მოთავსებული COVID ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. მედიკოსების ინფორმაციით, თეთრიწყაროს კლასტერის ერთ-ერთ წევრს მსუბუქი პნევმონია აქვს, ამავე ჯგუფის კიდევ ორი წარმომადგენლის დაავადება კი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.
ოჯახის ორი წევრი და ახალგაზრდა ქალი ანაკლიის საკარანტინო ზონიდან რუხის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. ამავე კლინიკაშია მოთავსებული შუახნის ქალი, რომელსაც ინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი თურქეთში მოგზაურობის ისტორიით განმუხურის კარანტინიდან გადაიყვანეს.
“გვყავს 4 COVID ინფიცირებული: 1 ძველი, 3 ახალი. სამივეს მდგომარეობა არის სტაბილური, ვმკურნალობთ და არანაირი გართულება არ აღენიშნებათ. ერთი შემთხვევა გვაქვს მსუბუქი პნევმონია, სხვა შემთხვევაში პნევმონიაც არ აღენიშნება.
რაც შეეხება ცხელებას, არცერთ მათგანს ცხელება არ გააჩნიათ. შესაბამისად ითვლება, რომ სამივე მათგანი არის მსუბუქი სიმპტომის მატარებელი” – აცხადებს რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ირაკლი გვაზავა.