მთავარისიახლეებიკორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

Published on

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო ჭელიძე და მისი 7 წლის ქალიშვილი ნუცა ფხალაძე; ვერიკო ვანიშვილი და მისი არასრულწლოვანი შვილი არიანა; 54 წლის ლალი შიშმანაშვილი და 28 წლის ჯაბა საყევარაშვილი.

ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო 19 ნოემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე ჩამოინგრა.

აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა – მეხუთე სართულზე მცხოვრებმა მოქალაქემ, რომელიც, „თბილისი ენერჯის“ ცნობით, ბინაში იშვიათად მიდიოდა, დილით გამათბობლის ჩართვა სცადა. აფეთქების ძლიერმა ტალღამ კორპუსის სართულები პირველ სართულამდე ჩამოანგრია და საყრდენი კედელი მოშალა.

მომხდარიდან მალევე ნანგრევებიდან გამოიყვანეს 4 დაშავებული, კიდევ 7 მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია კი თითქმის 14 საათი გაგრძელდა. მათგან ტრაგედიას მხოლოდ 3 წლის თაია ფხალაძე გადაურჩა, ის მაშველებმა 8-საათიანი ძებნის შემდეგ შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დღის ბოლოს, საღამოს 12:00 საათისთვის დასრულდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მედიასთან შემაჯამებელი კომენტარისას დაადასტურა, რომ ნანგრევებიდან ამოსვენებული იყო 6 ადამიანის ცხედარი.

ბოლო ცნობებით, აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – 3 წლის გოგონა და 11 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკაში რჩებიან. ექიმების განმარტებით თაია ფხალაძე სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება, ის თავიდანვე კონტაქტური იყო და ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალი გაიხსენა. კიდევ ერთი დაშავებულის – 31 წლის კაცის მდგომარეობა კი კვლავ მძიმეა – ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გაზის აფეთქების შედეგად მას სხეულის 87% აქვს დამწვარი. დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტი ინტენსიურ მკურნალობას გადის და მდგომარეობის სიმძიმის მიუხედავად, სტაბილურობას ინარჩუნებს.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სიახლეები

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

ფონიჭალაში, კორპუსში აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ფონიჭალაში, სადაც გუშინ, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, საგამოძიებო...

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას განსაკუთრებით ამკაცრებს ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების...

აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება – ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31...