უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, უკრაინა რუსეთის წინაშე კაპიტულაციაზე დაითანხმოს. ამის შესახებ Bloomberg-ი ზელენსკისთან ინტერვიუზე დაყრდნობით იუწყება.
„ვფიქრობ, გადაიდგა ნაბიჯები უკრაინის კაპიტულაციაზე დასათანხმებლად. არ ვამბობ, რომ ეს არის მიზანი, რომლის მიღწევასაც ჩვენი პარტნიორები ცდილობენ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მიიჩნევენ, თითქოს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასრულება უკრაინის ხარჯზე უფრო სწრაფად შეიძლება. თუმცა, ეს სწორედ ასე გამოიყურება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ის მზად იყო, დათანხმებოდა ტრამპის მოთხოვნას, უკრაინას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეეჩერებინა, სანაცვლოდ კი აშშ-ს უკრაინისთვის „Patriot“-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტები მიეწოდებინა. თუმცა, ზელენსკის განცხადებით, ვაშინგტონი რაკეტების მიწოდებას აჭიანურებს.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანა თვეში „Patriot“-ის სისტემისთვის განკუთვნილ მხოლოდ 12 რაკეტას იღებს, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში მიწოდებულ რაოდენობაზე დაახლოებით ოთხჯერ ნაკლებია.
ზელენსკის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას ამ რაკეტებს სამხედრო დახმარების სახით უფასოდ გადასცემდა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში კი უკრაინას მათი შეძენა უწევს.