საქართველოდან ახალგაზრდების ემიგრაციის მასშტაბი კვლავ მაღალია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანა 20-დან 29 წლამდე ასაკის 31 828-მა ადამიანმა დატოვა.
საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 17 105 ემიგრანტი 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის, ხოლო 20-24 წლის ასაკის 14 723 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში.
განსაკუთრებით საყურადღებოა არასრულწლოვანთა მონაცემები. გასულ წელს საქართველო 15 წლამდე ასაკის 11 158-მა ბავშვმა დატოვა. მათგან 6 105 ბიჭია, ხოლო 5 053 – გოგო.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს საქართველოდან ემიგრაციაში სულ 114 374 ადამიანი წავიდა, მათ შორის 68 152 კაცი და 46 222 ქალი.
ამავე პერიოდში ქვეყანაში 131 501 იმიგრანტი შემოვიდა, შესაბამისად, საერთო მიგრაციული სალდო დადებითი იყო.
ემიგრაციის მზარდ მაჩვენებელს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას უკავშირებენ. მათი შეფასებით, ახალგაზრდებსა და ოჯახებს საქართველოს დატოვებისკენ არა მხოლოდ ფინანსური პრობლემები, არამედ უსაფრთხოების, სტაბილურობისა და უკეთესი მომავლის ძიებაც უბიძგებს.
ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე ყურადღებას მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ამახვილებს. მისი შეფასებით, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემები ადამიანებს ქვეყანაში ცხოვრების პერსპექტივას უკარგავს.
ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემაც დგას ჩვენს ქვეყანაში. კვირა არ გავა, რომ არ გავიგოთ სხვადასხვა ტრაგედიის შესახებ, რომლებიც ბავშვებს ეხება ინფრასტრუქტურის გაუმართავობის გამო თუ სამედიცინო სერვისების გაუმართავობის გამო ადამიანები ზიანდებიან, იღუპებიან კიდეს და ეს ყევლაფერი ჯამში ქმნის წარმოადგენას, რომ ადამიანებს აიძლებს, რომ დატოვონ ქვეყანა და ღირსეული ცხოვრების საშუალება ეძებონ სადღაც უცხოეთში, – ამბობს თორნიკე რაზმაძე.
ისტორიკოსი ბექა კობახიძე ახალგაზრდების მასობრივ ემიგრაციას ქვეყნის იზოლაციის საფრთხეს უკავშირებს. მისი თქმით, მშობლებს არ სურთ, შვილები გარემოში გაზარდონ, სადაც განვითარების შესაძლებლობები იზღუდება.
ყოვეწლიურად საქართველოს ტოვებს ერთი კარგი, მოზრდილი ქალაქი. როცა ქვეყანა მიდის იზოლაციაში, ადამიანებს არ უნდათ რაღაც ტაჯიკეთის გვერდზე, ერთ ჯგუფში გაზარდონ ასკუთარი ბავსვები, – ამბობს ბექა კობახიძე.
მოძრაობა „სართული – ახალი თაობის ძალის“ თანადამფუძნებელი ვადო მაჭავარიანი ემიგრაციის მასშტაბზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მისი მტკიცებით, სახელმწიფოს მიგრაციული და დასაქმების პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს არ ემსახურება.
ეს არის დამსახურება ანტიქართული, არასწორი, არაეროვნული პოლიტიკის, რომელიც ემსახურება, პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ სამუშაო ადგილებზე ქართველებს ანაცვლებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, მიგრანტები, რომლებსაც მარტივად აძლევენ ბინადრობის უფლებას. ამას კიდევ უფრო ხელს უწყობს ის, რომ კორპუსები რუსებისთვის შენდება, იქ არაბებისთვის ქალაქს აშენებენ და სხვადასხვა შეღავათები აქვთ მათ ბინადრობების მისაღებად. ეს პოლიტიკა არ შეიძლება, – ამბობს “სართული – ახალი თაობის ძალის” თანადამფუძნებელი ვადო მაჭავარიანი.
მოძრაობა „მე მიყვარს საქართველოს“ წარმომადგენელი ლუკა ჭოხონელიძე ხელისუფლების ეკონომიკურ განცხადებებს ახალგაზრდების ემიგრაციის მაჩვენებლებს უპირისპირებს. მისი თქმით, ქვეყანაში ისეთი პირობები უნდა შეიქმნას, რომ საზღვარგარეთ წასვლა ახალგაზრდებისთვის იძულებითი ნაბიჯი კი არა, თავისუფალი არჩევანი იყოს.
ბიძინა ივანიშვილმა ერთი წლის წინ თავისი ფსევდოფილოსოფოსისი, შათირიშვილის ენით მოსახლეოაბს დაუანონსა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ზედმეტბი არიან, ქვეყანა უნდა დატოვონ და სხვაგან გააგრძელონ მოღვაწეობა. გასულ წელს დაახლოებით 32 ათასმა ახალგაზრდამ დატოვა საქართველო. ჩვენ უნდა ვიბრძოდეთ ისეთი ქვეყნისთვის, სადაც ერთადერთი გადარჩენის გზა კი არ უნდა იყოს ქვეყნიდან გასვლა და სხვაგან მოღვაწეობის გაგრძელება, არამედ ქვეყნისთვის, სადაც წავსლა უბრალოდ, ახალგაზრდისთვის არჩევანია. ერთის მხრივ ხელისუფლება, რომელიც გვეუსაბრება ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, მეორეს მხრივ ახალაგზრდების გადინების მაჩვენებელი მკვეთრად აქვს გაზრდილი, – ამბობს მოძრაობა “მე მიყვარს” საქართველოს წარმომადგენელი ლუკა ჭოხონელიძე.