ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის ივნისში თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ხათუნა გოგუამ აღნიშნული საბავშვო ბაღი 1997 წელს დააარსა. მისი თქმით, გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ის ზუგდიდის მერს დავით კოდუას ღია წერილით მიმართავს. “ოდიშინიუსი” ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
ერთი გასაღების ამბავი და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ბატონო დავით კოდუა / Davit Kodua, ზუგდიდის მერი, ამ პოსტში პირდაპირ მოგმართავთ და ვნიშნავ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Zugdidi Municipality რადგან მინდა, ეს კითხვები მხოლოდ თქვენამდე კი არა, ფართო საზოგადოებამდეც მივიდეს. ბოლო პერიოდში არაერთხელ მომისმენია ზუგდიდში ერთი ფრაზა: „დათო კოდუა ხათუნა გოგუას ახალ ბაღში არ შეუშვებსო.“
მაშინ ამას უბრალოდ ადამიანების საუბრად ვიღებდი. არ მინდოდა ჭორისთვის რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა მიმენიჭებინა. დღეს კი, როდესაც ჩემი 29-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ „წითელქუდას“ ბაღის ხელმძღვანელობა შემიწყვიტეს…თუ უახლოეს დღეებში ჩემს ადგილზე ახალი ხელმძღვანელის წარდგენა/დანიშვნა მოხდება, ბუნებრივად ჩნდება ერთი ძალიან მარტივი კითხვა: როგორ დაემთხვა დღევანდელი რეალობა იმ საუბარს, რომელსაც საზოგადოებაში წინასწარ ვისმენდი? მე არ ვამბობ, რომ ეს ორი ფაქტი აუცილებლად ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ვსვამ კითხვას და ვითხოვ პასუხს ღიად, საჯაროდ და დოკუმენტებით.
🔑 ახლა , ერთი გასაღების ამბავი. ამ ფოტოზე სწორედ ის გასაღებია, რომლის ისტორიაც ჩემი აზრით, ამ ყველაფრის სიმბოლურ ნაწილად იქცა. ახალი ბაღის შექმნის იდეიდან დაწყებული, მისი მშენებლობის პროცესით გაგრძელებული და საბოლოო მოწესრიგებით დამთავრებული, ამ საქმეში მე აქტიურად ვიყავი ჩართული. მიწის შერჩევის საკითხზეც მქონდა ჩემი ჩართულობა. თავდაპირველად ბაღისთვის განსაზღვრულ მიწას შესაბამისი კოდიც მიენიჭა, თუმცა მოგვიანებით მშენებლობის ადგილი შეიცვალა. რატომ შეიცვალა ის ადგილი და რა გადაწყვეტილებამ განაპირობა ეს, ამაზე მოგვიანებით, დოკუმენტებით ვისაუბრებ. მშენებლობის პროცესის განმავლობაში მე, თანამშრომლებთან და მშობლებთან ერთად, ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე ვიყავი ჩართული საძირკვლის ჩაყრიდან საბოლოო შტრიხებამდე. მქონდა კომუნიკაცია შესაბამის პირებთან, ვარკვევდი ბაღის ფუნქციონირებისთვის საჭირო საკითხებს და როგორც ხელმძღვანელს, ბუნებრივად მქონდა პასუხისმგებლობა, რომ ახალი შენობა ბავშვების მისაღებად მზად ყოფილიყო. მაგრამ სწორედ ამ პროცესის ბოლო ეტაპზე, არჩევნების შემდგომ დაიწყო ჩემთვის ძალიან საინტერესო რაღაცეების მოსმენა, გამგის პოზიციასთან და ახალ ბაღთან დაკავშირებით. ადამიანებისგან მასიურად მოვისმინე, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია -„ხათუნა გოგუას ახალ ბაღში არ შეუშვებენო“. მე მაშინაც იგივე კითხვა გამიჩნდა, რაც დღეს: საიდან იცოდნენ მათ ეს? მე ჯერ კიდევ ვაგრძელებდი მუშაობას. ჩემს გათავისუფლებასთან დაკავშირებული ოფიციალური პროცესი დასრულებული არ იყო. აუდიტის დასკვნა ჯერ არ არსებობდა. და მაინც, გარკვეულ წრეში უკვე არსებობდა ინფორმაცია ჩემი ბაღიდან წასვლის შესახებ? კიდევ უფრო საინტერესოა ერთი კონკრეტული ფაქტი. ერთ-ერთი დისტრიბუტორი, რომელიც წლების განმავლობაში ბაღებთან თანამშრომლობს, აუდიტის შემოსვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, სამზარეულოს ბლოკში იკითხავს: „აქ ახალი გამგე ვინ არის? ხათუნა როგორ არის?“ , რამაც ჩემი თანამშრომლები გააოგნა.
ეს ადამიანი ჩემთვის სრულიად უცხო არ იყო და მას წლების განმავლობაში ბაღებთან ჰქონდა პროფესიული ურთიერთობა. მაგრამ კითხვა ჩნდება არა მის მიმართ, არამედ ინფორმაციის წყაროს მიმართ: საიდან იცოდა მან ის, რაც მე ჯერ არ ვიცოდი? როგორ შეიძლება, ჩემი გათავისუფლების ან შემცვლელის საკითხზე ინფორმაცია უკვე გავრცელებული ყოფილიყო მანამდე, სანამ მე ამის შესახებ ოფიციალურად რამეს გავიგებდი? ეს არის უბრალოდ დამთხვევა? თუ ინფორმაცია მართლაც არსებობდა წინასწარ ვინ ავრცელებდა მას და რა ეტაპზე? მე ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს.მაგრამ ფაქტი და ქრონოლოგია არსებობს. და სწორედ ამიტომ ვსვამ ამ კითხვას საჯაროდ.
🔑 და ახლა – გასაღები.
მშენებლობის პროცესში, როგორც სხვა ახალ ბაღებში, ბუნებრივად არსებობდა საჭიროება, რომ შენობას ჰქონოდა მოვლა-პატრონობა, განიავება, დაკეტვა, საჭიროების შემთხვევაში გახსნა და უსაფრთხოების კონტროლი, რაც სხვა ბაღების შემთხვევაში ჰქონდათ ბაღის გამგეებს, ჩემგან განსხვავებით. მშენებლებიც მიმანიშნებდნენ, რომ შენობის სათანადო მდგომარეობაში შესანარჩუნებლად ამ საკითხს ყურადღება სჭირდებოდა. მე ვცდილობდი გამერკვია, ვის ჰქონდა გასაღები და როგორ უნდა მომხდარიყო ბაღის შენობის მოვლა. მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ვისთვისაც არ უნდა მეკითხა, პასუხი დაახლოებით ერთი იყო: „ჩვენთან არ არის.“ ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ მოგვიანებით, როდესაც სკოლამდელი დაწესებულებების მართვის ცენტრს უკვე თავად დასჭირდა ახალი ბაღის კომუნალურ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციის მიღება, მე დამიკავშირდნენ და მკითხეს:„ხომ არ იცი, ვის აქვს გასაღები?“ მე თვითონაც დავიწყე გარკვევა.
და საბოლოოდ მოხდა ყველაზე კომიკური ნაწილი: გასაღები მე თვითონ ვიპოვე.
ერთ-ერთი ბაღის ეზოს დათვალიერებისას, ფანჯრის რაფაზე მიტოვებული, დაჟანგებული, მივიწყებული. იმ პერიოდში კი თემის წარმომადგენლები მიკავშირდებოდნენ, რომ შენობაში ხან ფანჯრები იყო ღია, ხან სხვა საკითხი ჩნდებოდა და საჭირო იყო, ვინმეს შენობის მდგომარეობისთვის მიეხედა. და ამ დროს გასაღები რომელიც თითქოს არავის ჰქონდა , მე თავად აღმოვაჩინე.შემდეგ ის სკოლამდელი დაწესებულებების მართვის ცენტრში მივიტანე. ერთი შეხედვით, ეს უბრალოდ გასაღებია. მაგრამ ჩემთვის დღეს ის უკვე გაცილებით მეტია. ის გახდა იმ კარის სიმბოლო, რომელიც ჩემი პროფესიული საქმიანობისთვის ღია უნდა ყოფილიყო. იმ ბაღის სიმბოლო, რომლის შექმნის პროცესშიც წლების განმავლობაში ვიყავი ჩართული, თემის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც დღემდე ჩემს გვერდით არიან. იმ სივრცის სიმბოლო, სადაც მე და ჩემი თანამშრომლები ახალ პროფესიულ გეგმებს ვაწყობდით. და უცებ , კარი ჩაიკეტა. ამიტომ, ბატონო დავით, რამდენიმე ძალიან მარტივი კითხვა მაქვს. რატომ არსებობდა წინასწარ საუბარი, რომ „დათო კოდუა ხათუნა გოგუას ახალ ბაღში არ შეუშვებს“? რატომ ისმოდა მსგავსი ინფორმაცია იმ ადამიანებისგანაც, რომლებიც ახალი ბაღის მშენებლობის პროცესთან იყვნენ დაკავშირებული? რატომ იყო გარკვეული ინფორმაცია ჩემი მომავალი ჩანაცვლების შესახებ ცნობილი სხვებისთვის მანამდე, სანამ მე ამის შესახებ ოფიციალურად რამეს გავიგებდი?
რატომ იკითხა დისტრიბუტორმა აუდიტის შემოსვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, ვინ იყო ახალი გამგე და როგორ იყო ხათუნა? საიდან მოდიოდა ეს ინფორმაცია?რატომ შეიცვალა თავდაპირველად განსაზღვრული გარემოებები ახალი ბაღის მშენებლობის პროცესში?რატომ მომიწია თავად მეძებნა პასუხები იმ საკითხებზე, რომლებზეც, როგორც მოქმედ ბაღის ხელმძღვანელს, შესაბამისი კომუნიკაცია უნდა მქონოდა?და კიდევ: თუ ჩემი გათავისუფლების საფუძველი მხოლოდ ის ოფიციალური პროცედურაა, რომელიც დოკუმენტებშია ასახული, მაშინ რატომ არსებობდა ჩემი გაშვების შესახებ საზოგადოებაში საუბარი ოფიციალური პროცესის დასრულებამდე? აქვე ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც შევეხები. ჩემს საქმეზე არსებობს აუდიტის დასკვნა, არსებობს ჩემი ახსნა-განმარტებები და არსებობს სხვა ოფიციალური დოკუმენტები. მე მზად ვარ, ეს ყველაფერი წარმოვადგინო. მით უფრო, რომ ჩემი ახსნა-განმარტებები არსებობს და ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია. ამიტომ არ მინდა არც მე და არც საზოგადოებამ ვიმსჯელოთ მხოლოდ ჭორებით. მოდით, ვიმსჯელოთ დოკუმენტებით, თარიღებით, ქრონოლოგიით, ოფიციალური გადაწყვეტილებებით. და იმ კითხვებით, რომლებიც ამ ყველაფერს ბუნებრივად მოჰყვება. და რადგან თქვენ თავად საუბრობთ ახალი საბავშვო ბაღების მნიშვნელობაზე… ამ ნაწილში სრულად გეთანხმებით. ახალი ბაღების მშენებლობა ნამდვილად მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, Მშობლებისთვის, თანამშრომლებისთვის. და მთელი მუნიციპალიტეტისთვის. მაგრამ სწორედ ამიტომ ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: ვინ შევა ახალ ბაღებში? ვინ მიიღებს შესაძლებლობას, იმუშაოს ახალ, თანამედროვე სივრცეებში? რა კრიტერიუმით შეირჩევიან ახალი ხელმძღვანელები? რა იქნება გადამწყვეტი – პროფესიული გამოცდილება, კვალიფიკაცია და წლების განმავლობაში შესრულებული სამუშაო? თუ სხვა რამ? თუ 2028 წლის არჩევნებს გულისხმობთ და უკვე ფიქრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც მომავალში ამ სისტემაში იქნებიან, მაშინ საზოგადოებასაც აქვს უფლება იცოდეს: შანსი ექნებათ მათ, ვინც წლების განმავლობაში პროფესიულად მუშაობდა, დამოუკიდებელი პოზიცია შეინარჩუნა და პოლიტიკური დანებების გზა არ აირჩია?თუ უპირატესობა მათ ექნებათ, ვინც საჭირო დროს „ჩუმად და ჭკვიანად“ მოახერხა საკუთარი ადგილის მოპოვება? მე ამ კითხვას საკუთარ თავზეც ვსვამ: რა უფრო ფასობს – პროფესიონალიზმი და დამოუკიდებელი პოზიცია, თუ პოლიტიკური ლოიალობა? ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ჩემი პირადი ისტორიის პასუხი არ იქნება. ეს იქნება პასუხი იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც წლებია სკოლამდელ განათლებაში მუშაობენ და ელოდებიან, რომ მათ პროფესიულ გამოცდილებას ფასი ექნება. ბატონო დავით კოდუა, მე თქვენთან წინასწარ ჩასაწერად არ მოვალ, რადგან თქვენი კარი ჩემთვის დახურულია, ამიტომ გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე. თქვენ თავად აირჩიეთ ადგილი, დრო და პლატფორმა – მერია, საჯარო შეხვედრა, მედია თუ ნებისმიერი სხვა სივრცე. ვისაუბროთ მშვიდად, ღიად. Კონსტრუქციულად, მაგრამ დოკუმენტებით, ფაქტებითა და თარიღებით. მე წარმოვადგენ ჩემს დოკუმენტებს, განცხადებებს, ოფიციალურ პასუხებს, აუდიტის მასალებს და ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც ჩემს საქმეს უკავშირდება.თქვენც მობრძანდით თქვენი პასუხებით. მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ: თანაბარ და საჯარო პასუხს.
და ბოლოს ისევ ეს გასაღები🔑შეიძლება, ერთი შეხედვით, უბრალოდ დაჟანგული გასაღებია. მაგრამ ზოგჯერ ერთი გასაღები იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ბევრი სიტყვა. ჩემი კარი შეიძლება დაკეტეს, მაგრამ ჩემს ხმას ვერავინ ვერ ,,ჩაკეტავს“და რაც მთავარია -სიმართლესაც თავისი გასაღები აქვს და მე მას ვიპოვი, როგორც ფანჯრის რაფაზე გადამალულ გასაღებს. გელოდებით საჯარო დისკუსიაზე – თქვენ მიერ არჩეულ ნებისმიერ სივრცეში. – წერს ხათუნა გოგუა .