აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის 25 დეკემბერს გროზნოს მახლობლად ჩამოგდებულ AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავს – Embraer E190-ს.
როგორც გამოცემა Minval Politika წერს, წერილში მოყოლილია დეტალური ჩვენება იმ სამხედრო ოფიცრისგან, რომელიც თვითმფრინავის ჩამოგდებაში უშუალოდ მონაწილეობდა. მისი თქმით, საბრძოლო მოქმედება განხორციელდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით.
წყარო – კაპიტანი დიმიტრი სერგეევიჩ პალადიჩუკი – საკუთარ განმარტებით წერილში ადასტურებს, რომ მან ბრძანება მობილური ტელეფონით მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ პოზიციაზე კავშირის სტაბილური საშუალებები არ იყო და ძლიერი ნისლის გამო სამიზნის იდენტიფიცირება ოპტიკურად შეუძლებელი გახდა
“08:13 საათზე სამიზნე აღებული მქონდა თვალთვალზე, შემომივიდა ზარი და მითხრეს: გაანადგურე. პირველი რაკეტა მიზანს ააცდა, რის შემდეგაც გავეცი ბრძანება მეორე გასროლაზე. მეორე რაკეტამ სამიზნე დააზიანა და მისი ნამსხვრევები მოხვდა თვითმფრინავს“, — წერია კაპიტნის განმარტებაში.
წერილს თან ერთვის ვიდეო, აუდიოჩანაწერები და მასალები, რომლებიც არასტანდარტულ ტექნიკურ მდგომარეობასა და კომუნიკაციის პრობლემებზე მიუთითებს. გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წერილის ავთენტურობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია გამოძიების მიმდინარეობისთვის, განსაკუთრებით — აზერბაიჯანის კომპეტენტური ორგანოებისთვის.
გავრცელებული აუდიომასალიდან, რომელიც სამი ადამიანის ხმოვან შეტყობინებას შეიცავს, ირკვევა, რომ თვითმფრინავისკენ ორჯერ გაისროლეს და მეორე რაკეტის ნამსხვრევებო სამგზავრო ბორტს „მოხვდა“.
Minval.az-ი აღნიშნავს, რომ მოცემული მასალები შესაძლოა გახდეს გამოძიების გარდამტეხი ნაწილი და გადამწყვეტი — პასუხისგებაში მიეცნენ როგორც კონკრეტული სამხედრო პირები, ისე პოლიტიკური ხელმძღვანელობა, თუკი დადასტურდება ბრძანების გაცემა სამოქალაქო სამიზნის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, 2024 წლის 25 დეკემბერს, კომპანია AZAL-ის Embraer E190-ი ჩამოვარდა გროზნოს მახლობლად. ბორტზე მყოფი 42 ადამიანიდან ყველა დაიღუპა. ოფიციალური გამოძიება დღემდე არ ასახელებდა თავდასხმის ზუსტ მიზეზებს.