ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა და თქვა, რომ “ეს უბრალოდ გამორჩენილი იყო ტექსტში და ამის დაზუსტება ხდება”.
“მისათითებელია აუდიოჩანაწერი და აუდიოჩაწერის განხორციელებაც იქნება შესაბამისად დარეგულირებული და ამ საკითხზეც გადაწყვეტილების მიღება შეეძლება იუსტიციის საბჭოს ყოველ კონკრეტულ სხდომასთან დაკავშირებით. ლოგიკურიცაა, თუ ვიდეო- ფოტოგადაღებასთან რეგულაციაა, აუდიოსთან დაკავშირებითაც უნდა იყოს. ეს უბრალოდ გამორჩენილი იყო ტექსტში და ამის დაზუსტება ხდება”. – თქვა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმმა სასამართლოს სხდომებზე მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის კანონპროექტი დაჩქარებული წესით 26 ივნისს მიიღო.
ოცნების მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტით, მედიებისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება მნიშვნელოვნად შეიზღუდება.
მომხრე იყო 83, მოწინააღმდეგე – არცერთი.
საკითხი დღესვე მიიღეს II მოსმენით.
პარლამენტში პირველი მოსმენა 25 ივნისს გაიმართა, აღნიშნულ კანონპროექტს ივანიშვილის პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის დოკუმენტში წერია, რომ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, იზღუდება როგორც სასამართლოს შიგნით სივრცეში, ასევე ეზოსა და დერეფნებში გადაღება, ხოლო პროცესების გაშუქების უფლებამოსილება მიენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ დადგენილ უფლებამოსილ პირს.
ამასთან ერთად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ “ნებისმიერ პირი, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ სივრცეში, თუ მოსამართის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს, ვერბალური, უხამსი ქმედებით და ეს უკავშირდება მოსამართლის სტატუსს – გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას”.
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აკრიტიკებს ოცნების მიერ ინიცირებულ ახალი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით მიღებას და “მოუწოდებს პარლამენტს – არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით”.
იოსელიანის აპარატი წერს, რომ აღნიშნული ცვლილებები ამოღებული იქნება მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე.
აღსანიშნავია, რომ 10 ივნისს ივანიშვილის სატელიტმა მოძრაობამ, ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ “დესტრუქციულმა ქმედებებმა და ძალადობამ” ქუჩიდან სასამართლო დარბაზებსა და შენობებში გადაინაცვლა, რის გამოც, მოძრაობის წევრები ქართულ ოცნებას მოუწოდებდნენ, “კანონის გამკაცრების გზით უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო პროცესებზე”.