მთავარისიახლეებისაზოგადოებამზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიანიჭეს, გამოძიება არაეფექტურია - საია

მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიანიჭეს, გამოძიება არაეფექტურია – საია

Published on

მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსს ამ დრომდე არ ანიჭებენ – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იტყობინება და აცხადებს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება არაეფექტიანია.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება 2025 წლის 12 იანვარს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
როგორც ორგანიზაცია იტყობინება, საიას ადვოკატის ყველა წერილობითი მიმართვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ უპასუხოდ დატოვა, რის შემდგომაც პროკურატურის უმოქმედობა გასაჩივრდა სასამართლოში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და ამდენად, უარი განაცხადა მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.

საიას განცხადებით, საქმის მასალების სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაცნობის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოძიება მიმდინარეობს არაეფექტიანად და არაა დაკმაყოფილებული ობიექტური გამოძიების სტანდარტი.

“კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამ დრომდე მოწმის სახით მხოლოდ სამართალდამცავი პირები არიან გამოკითხულნი, რომლებიც ირაკლი დგებუაძესთან სამსახურებრივად არიან დაკავშირებულნი ან დაქვემდებარებულნი, რის გამოც არიან სუბიექტურები და მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში გამოძიების შედეგით დაინტერესება იკვეთება.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დღემდე არ გამოუკითხავს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც დაკავებიდან რამდენიმე წუთში შეხვდა მზია ამაღლობელს. მას შესაძლოა ჰქონდეს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ინფორმაცია. აღნიშნული პირი მზია ამაღლობელს შეხვდა იმ პერიოდში, როდესაც მის ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში სრულიად უკანონოდ არ ეძლეოდათ მასთან გასაუბრების შესაძლებლობა.

საქმეში დღეის მდგომარეობით მხოლოდ ორი კამერის ჩანაწერია, რომელთა დაფარვის არეალშიც ხვდება დეპარტამენტის ის შესასვლელი, რომლიდანაც, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მზია ამაღლობელი არ შეუყვანიათ. შესაბამისად, აღნიშნულ ჩანაწერებში მზია ამაღლობელის არათუ უფლებადარღვევის, არამედ დეპარტამენტში შეყვანის კადრებიც კი არ ჩანს.” ნათქვამია “საიას” განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საქმის მასალებში დღემდე არ მოიპოვება 20 იანვარს, მზია ამაღლობელისთვის ჩატარებული სამედიცინო, ხოლო 21 იანვარს, მისი ტანსაცმლისთვის ჩატარებული ბიოლოგიურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები.

როგორც ირკვევა, გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა, რატომ ედო მზია ამაღლობელს ხელბორკილები რამდენიმე საათის განმავლობაში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, მაშინ, როდესაც ოთახში მასთან ერთად არაერთი პოლიციელი იმყოფებოდა, რატომ უტარდებოდა მას საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ბორკილებდადებულს, მაშინ როდესაც პოლიციელებისვე ჩვენებით, მზია ამაღლობელი მათთან თანამშრომლობდა და არანაირ საფრთხე მისგან არ მომდინარეობდა.

“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, რომელმაც დაათვალიერა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორია, იქვე არსებულ ბოძზე მან აღმოაჩინა გარე სათვალთვალო კამერა და მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიას მოსთხოვა კამერის ჩანაწერები, ეცნობა, რომ კამერა დამონტაჟდა მზია ამაღლობელის დაკავების შემდგომ. ამ ეტაპზე საქმეში არ მოიპოვება კამერის მოგვიანებით დამონტაჟების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

საქმის მასალების გაცნობისას ასევე გამოვლინდა, რომ ამ დრომდე საქმის მასალებს არ ერთვოდა მზია ამაღლობელის საიას ადვოკატების მიერ გაგზავნილი მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ასახავს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს. მასალების გაცნობისას აღნიშნულ საკითხზე პრეტენზიის დაფიქსირების შემდეგ, გამომძიებელმა ადვოკატს აღნიშნული მასალები მატერიალური სახით წარუდგინა, თუმცა ფორმალური და პროცედურული თვალსაზრისით კვლავ უცნობია, რატომ არ არის ეს მტკიცებულებები დართული საქმეზე სხვა მასალების მსგავსად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საიას თქმით, აღნიშნული გარემოებები მიანიშნებს იმაზე, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წარმოებული გამოძიება არ არის ეფექტიანი და უგულებელყოფილია გამოძიების ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად წარმოების საკანონმდებლო სტანდარტი.

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...