“უკან გადადგმული ნაბიჯია” – NATO “ოცნების” რუსულ კანონპროექტზე

0
187

ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

ალიანსში კანონპროექტს უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

“NATO შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვით. მრავალი წელია, მოკავშირეები და საქართველოს მთავრობა, საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის კონტექსტში, განიხილავენ საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გასაძლიერებლად, რომელიც მიზნად ისახავს, მოამზადოს საქართველო NATO-ში საბოლოო გაწევრიანებისთვის. მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად სათანადო სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების არსებობის აუცილებლობა და პოლიტიკის დებატებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა ამ კუთხით მთავარია. ამ მხრივ შემოთავაზებული კანონმდებლობა წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ე.წ. განდგომილებმა და “ოცნებიდან” ფორმალურად წამოსულმა დეპუტატებმა პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი წარადგინეს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ “ქართული ოცნება” აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.

წინა სტატიაპარლამენტმა უარი თქვას განხილვაზე – ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი “რუსულ კანონზე”
შემდეგი სტატიაპატრიარქო, გეყოთ გამბედაობა და მიმართოთ ერს, რომ ეს არის ძალიან საშიში კანონი – დედა სიდონია “რუსულ კანონპროექტზე”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური