მოვამზადოთ, სამართლებრივი საფუძველი, რათა რუსეთს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება – 3 ოპოზიციური პარტია ჰააგის გადაწყვეტილებაზე

0
177

2008 წლის ომთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სამი პარტია ეხმაურება.

პარტიები იურიდიულ ორგანიზაციებს ძალისხმევის გაერთიანებისა და დასკვნის საფუძველზე სამართლებრივი საფუძვლების მომზადებისკენ მოუწოდებენ, რათა ზიანი აუნაზღაურდეთ 2008 წლის ომის დროს დევნილებსა და ომში დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებს.

სტრატეგია აღმაშენებლის გიორგი ვაშაძის თქმით, დასკვნის საფუძველზე ხელისუფლებას შეეძლო მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება დევნილებისა და ომში დაღუპული ოჯახის წევრებისთვის, ასeვე უნდა დაეწყო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იმ პირების მიმართ, ვინც ჰააგის პროკურორმა საქმეზე დამნაშავედ ცნო.

ვაშაძემ იურიდიულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა და მოუწოდა, რომ რადგან ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს არ იცავს, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები პარტიებმა და ორგანიზაციებმა ერთობლივად მოამზადონ.

“პრემიერმინისტრი საერთოდ განცხადებასაც კი არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით, კობახიძე, პრორუსული ქართული ოცნების ხელმძღვანელი, არაფერს ამბობს – 10 წლის განმავლობაში ეს ხალხი გვიმტკიცებდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. 10 წლის განმავლობაში ეს ადამიანები ჩვენ გვადანაშაულებდნენ 2008 წლის საომარ მოქმედებებში, მაგრამ მნიშვნელოვანია რა თქვა პროკურორმა – საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის, ბრალიც კი არ იქნა წარდგენილი ქართულ მხარესთან მიმართებაში, მეორე – მძინარე ცხინვალს დაესხა თავს საქართველო, ან სამშვიდობოების დაბომბვა დაიწყო ქართულმა მხარემ, ყველაფერი ეს გაქარწყლდა და ცალსახად და მკაფიოდ დღეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ბრალეულობაა დადგენილი. რა უნდა ხდებოდეს ამის შემდგომ: პირველი, გვაინტერესებს, აღძრა თუ არა იგივე ტიპის სისხლის სამართლის საქმე ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ სამ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც ჰააგის პროკურორის მიერ არის დასახელებული, როგორც ბრალდებულები საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ საომარ მოქმედებებში, მეორე, არის თუ არა რაიმე კონკრეტული სამოქმედო გეგმა საერთაშორისო ასპარეზზე, მთლიანად იცვლება სამართლებრივი საფუძვლები, საქართველოს უჩნდება უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება იმ დევნილებისთვის, რომლებმაც უშუალოდ ზიანი მიიღეს 2008 წლის ომის დროს და არა მხოლოდ, იმ სიცოცხლეების საფასურად, რომელიც შეეწირა საქართველოში რუსულ აგრესიას. მე ხელში მაქვს გაეროს რეზოლუცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დაკავშირებით რეპარაციას, რომელიც დაახლოებით 1 თვის წინაა მიღებული და აქ არაფერია ნათქვამი საქართველოზე, რიტორიკულად მაინც დავუსვათ ამ ანტიქართველებს – აპირებენ თუ არა მსგავსი ტიპის რეზოლუციის მიღებას საქართველოსთან დაკავშირებით.

[…]

მინდა მივმართო სხვადასხვა ტიპის იურიდიულ ორგანიზაციებს, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა და იქ, სადაც ქართული ოცნება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ იცავს, ჩვენ მოვამზადოთ სამართლებრივი საფუძვლები, რომ ერთის მხრივ, ზიანის ანაზღაურება, არა მხოლოდ 2008 წლის, არამედ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა აგრესიული ქმედებების საფასურად იყოს განხორციელებული რუსეთთან მიმართებაში და მეორეს მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე არ ჩამოვიტანოთ საქართველოს საკითხი”, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ჰააგამ დაამთავრა ომის დანაშაულების გამოძიება. სასამართლომ რუსეთ – საქართველოს ომის საქმეზე თქვა, რომ საქართველოს დანაშაული არ ჩაუდენია. სამართლებრივად დადასტურდა, რომ მაშინდელ ხელისუფლებას არც მძინარე ცხინვალი დაუბომბავს და არც რუსების პროვოცირება უცდია. დადასტურდა ისიც, რომ ქართველ სამხედროებს, ვის პასუხისმგებლობასაც ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლება წლებია ითხოვს, დანაშაული არ ჩაუდენიათ.

წინა სტატიაიტალიაში 23 წლის ქართველი დააკავეს
შემდეგი სტატიაკიევში აფეთქებების ხმა ისმოდა – ქალაქში 9 ირანული დრონი ჩამოაგდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური