საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება [Video]

0
676

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტირიენეტები დღეს გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს 24 საგამოცდო ცენტრია.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური წესები იმოქმედებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.

“მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი დისტანციის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ პირბადის გარეშე მიეცეთ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციებით, ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა. ჩართული კონდიციონერის პირობებში სავალდებულოა პირბადის გაკეთება.

კონდიციონერების ჩართვა ნებადართულია ქვემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვით.

კონდიციონერის მოხმარებისას აუცილებელია, რომ შენარჩუნებული იყოს: ფიზიკური დისტანცია;

ხელების ჰიგიენის დაცვის წესი; რესპირატორული ეტიკეტი; ნიღბების სავალდებულოდ ტარების წესი; კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე; აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია; დაუშვებელია ერთი და იმავე ჰაერის რე-ცირკულაცია.

აქვე აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ის წესი, რომლებიც აპლიკანტებმა უნდა დაიცვან საგამოცდო სივრცეებში.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:

საგამოცდო ცენტრში უნდა ეკეთოთ (გარდა 37.0 C-ზე მეტი ტემპერატურისა და რესპირატორული რომელიმე სხვა სიმპტომის მქონე გამოსაცდელისა) ნიღაბი: სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე; საგამოცდო სექტორის დატოვების დროს; სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს; კონდიციონერის მუშაობისას.

იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელს აღენიშნება ტემპერატურა 37.0 С -ზე მეტი ან რესპირატორული სხვა რომელიმე სიმპტომი, იგი ვალდებულია, საგამოცდო ცენტრში მუდმივად ატაროს ნიღაბი.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკური 25 ივლისს გაიმართება, სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.

წინა სტატიარუსი ოკუპანტები შამგონაში ბლოკ-პოსტს აშენებენ
შემდეგი სტატიამესტიაში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური