გიგა ოთხოზორიას გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა [Video]

0
441

„ჩვენს მიწაზე დგახართ და ამ სიტყვების თქმას როგორ გვიბედავთ“, – ეს ფრაზა გახდა კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი, რაც ტრაგიკულად დასრულდა 30 წლის გიგა ოთხოზორიასთვის. აფხაზეთიდან დევნილი, 30 წლის გიგა ოთხოზორია, 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა- ნაბაკევის ყოფილ გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას სიტყვიერი შელაპარაკება სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მდგომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებთან, ე.წ მესაზღვრეებთან მოუვიდა. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით გიგა შეეცადა ტერიტორიის დატოვებას, რა დროსაც შეიარაღებულმა აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიიმ ორი ტყვია ე.წ საზღვრის იქით ესროლა, შემდეგ უკვე დაედევნა მას და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან თავის არეში საკონტროლო ტყვია დაახალა. ცნობისთვის, 2016 წლის 26 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით რაშიდ კანჯი ოღლი დაუსწრებლად დამნაშავედ სცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ გამოტანილ სასჯელის ზომას და უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დააკმაყოფილა და გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის სასჯელი დაუმძიმა და მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დღევანდელი მდგომარეობით, იგი ინტერპოლოს მიერ წითელი ცირკულარით იძებნება. გიგა ოთხოზორიას დედის ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, იგი დღემდე მოლოდინშია, რომ მისი შვილის მკვლელი დაისჯება, თუმცა ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ და ეს პროცესი არ შეცვლილა. რა თქმა უნდა ამ საშინელ ტარგედიას ყავს თვითმხილველები, ერთ-ერთი მათგანი, სოფელ ხურჩის მკვიდრი, 93 წლის სოფლის უხუცესი არველოდ ნაჭყებია ჩვენთან საუბარში გიგას მკვლელობის დღეს იხსენებს. „ წლების განმავლობაში ეს ადგილი იყო გამშვები პუნქტი და სამწუხაროდ ორი წლის წინ აფხაზური თუ რუსული მხარის გადაწყვეტილებით ჩაკეტეს, რამაც აფხაზეთს კიდევ უფრო დაგვაშორა. გიგას მკველობის დროს მეც იქვე ახლოს ვიყავი, მაშინ ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობდა ამ ტერიტორიაზე. საზღვართან სადაც მკვლელობა მოხდა 50 მეტრშია ჩემი სახლი. ყველანი დაბნეულები და შეშინებულები ვუყურებდით ერთმანეთს, გასროლის შემდეგ თვალი მოვკარი მკვლელი როგორ გარბოდა და ამ ამბავმა ჩემზე ისე იმოქმედა თვეზე მეტი დალოგინებული ვიყავი“, – ამბობს მოხუცი. გიგა ოთხოზორიას დედას იმედი აქვს, რომ როცა პანდემიის გამო დროებით შეჩერებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები მალე განახლდება, მისი შვილის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდება და საბოლოოდ მისი შვილის მკვლელი დაისჯება.

წინა სტატია,,შემაშფოთებელია პოლიტიკის და საზოგადოების პოლარიზაცია საქართველოში”-ევროპარლამენტი მოუწოდებს მხარეებს დროულად უზრუნველყონ შეთანხმების შესრულება და მისი შედეგები კანონში რაც შეიძლება, მალე აისახოს
შემდეგი სტატიასაქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც 17 წლის, აფხაზეთიდან დევნილმა მარიამ ნარმანიამ პანდემიის დროს დაიწყო [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური