რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებას შეძლებს – გიორგი გახარია [Video]

0
787

ზუგდიდში, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზად იქნება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

საავადმყოფოში ამოქმედდება 100-მდე ადგილი და შესაძლებელი იქნება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მომსახურება. პრემიერმა რეგიონში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქესა და მედიკოსს მოუწოდა, სრული მობილიზება გამოაცხადონ.

„რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა აშენდა როგორც მრავალფუნქციური საავადმყოფო, საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობებით, თუმცა დღემდე არ იყო გაშვებული. დღეს ასეთი სამწუხარო პირობები და სერიოზული გამოწვევები გვაქვს, ამიტომ ვნახეთ, რამდენად სწრაფად შეიძლება ამ საავადმყოფოს ამოქმედება. უახლოეს დღეებში აქ ამოქმედდება 100-მდე ადგილი, რომელიც შეძლებს პოტენციურად მოემსახუროს კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეებს და ასევე, შესაძლებელი იქნება საკარანტინო ზონების ფუნქციონირება, მოგეხსენებათ აქ სასტუმროც არსებობს. ახლა მთავარია, ეს ყველაფერი მაქსიმალურად სწრაფად ავამოქმედოთ. რეგიონის თითოეულ მკვიდრს, მედიკოსს, ექიმს მოვუწოდებ, რომ სრული მობილიზება გამოვაცხადოთ,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სამკურნალოდ ჩაყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის რუხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომლის ტერიტორიაზე ავტოსადგომები და შიდა გზები უკვე მოწყობილია.
მომავალში კლინიკა საუნივერსიტეტო ფუნქციის შესრულებასაც შეძლებს. ადგილზე არსებობს აუდიტორიების, ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სივრცე. რუხის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.
კორონავირუსისგან მიყენებული ზიანის შესამცირებლად, მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით და ჯანდაცვის სამინისტროს ძალისხმევით, მთელი საქართველოს მასშტაბით კლინიკების მომზადება აქტიურად მიმდინარეობს.

წინა სტატიაCOVID 19-ით ინფიცირებული ორსული ქალის მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატიაპრემიერი სოფელ რუხში მდებარე ქართული საგუშაგოს წარმომადგენლებს შეხვდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური