,,ლევან იზორიას ძმას აქვს ფსიქიკური პრობლემა”- აცხადებს სოფო კილაძე, ირმა ნადირაშვილი კი სვამს კითხვას , რატომ გაიცა ასეთ მდგომარეობაში მყოფ პირზე ე.წ. ,,ნარუშილოვკა”

0
550

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ლევან იზორიას ძმის ვიდეოს გასაჯაროებას უზნეობად მიიჩნევს. „ლევან იზორიას ძმას, როგორც მისმა ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, აქვს ფსიქიკური პრობლემა, რომლის შესახებაც ცნობილია „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ და ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“, – განაცხადა სოფიო კილაძემ. მისი თქმით, ასეთი ადამიანის ვიდეოს გასაჯაროება, მით უფრო, როდესაც ეს მის ძმაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ხდება, დიდი უზნეობაა. დეპუტატი ამბობს, რომ ფეხქვეშაა გათელილი ვახო იზორიას, როგორც შშმ პირის უფლებები:

„ჩემი ინფორმაციით, ბატონი კიტა იზორია ბევრი წელია ფსიქიატრების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ის მკურნალობის კურსს გადის, მათ შორის, მოცემულ პერიოდშიც. ასეთი ადამიანის კადრების გასაჯაროება, დიდი უზნეობაა და სამწუხაროა, რომ მისი და მისი ოჯახის უფლებების დარღვევა მოხდა. სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე, განსაკუთრებით შშმ პირების უფლებებზე მომუშავე უფლებადამცველებს მოვუწოდებ, მისცენ შეფასება „ნაციონალური მოძრაობის“ და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ უზნეობას“, – განაცხადა სოფო კილაძემ. მან კომენტარი გააკეთა ასევე ვახო იზორიას ხულიგნობის ფაქტზე დაკავების გამო პოლიციელზე განხორციელებული ზეწოლის საკითხზეც. კილაძე ამბობს, რომ აღნიშნული შემთხვევის შემდეგ პოლიციელი ორჯერ დაწინაურდა:

„ჩვენ ვსაუბრობთ 2014 წლის კადრებზე. 2014 წლის შემდეგ, ჩემი ინფორმაციით, ეს პოლიციელი ორჯერ იქნა დაწინაურებული. გარდა ამისა, მისმა მეუღლემ 2014 წლის შემდეგ შს სამინისტროში დაიწყო მუშაობა. თუ თქვენ ამას დევნად აფასებთ, კი, ბატონო, იყოს ეს დევნა“, – აღნიშნა სოფიო კილაძემ.

ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა ვიდეო, რომელიც 2014 წელს არის გადაღებული და სადაც ჩანს, თუ როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახო იზორიას. დაკავებიდან მალევე, ვახო იზორიას საპატრულო პოლიციის მანქანიდანვე ათავისუფლებენ.

გიორგი დვალიშვილი ტელეკომპანია „მთავარს“ უყვება, რომ მას შემდეგ, რაც ვახო იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, დაიწყო მისი დევნა – დააქვეითეს, სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს, მოგვიანებით კი, რეორგანიზაციის საბაბით, კადრების განყოფილებას გადასცეს.

გიორგი დვალიშვილმა თითქმის ექვსი წლის წინანდელი ფაქტის შესახებ პროკურატურას ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ მიაწოდა, რაც მას თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე დაუკავშირდა და კადრების გადაგზავნა მოსთხოვა. როგორც გიორგი დვალიშვილი ამბობს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე კახა ბუხრაძის წინააღმდეგ სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების ფაქტზე. თუმცა, მისივე თქმით, საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული.

ყოფილმა პოლიციელმა 2019 წლის ოქტომბერში მიმართა სახალხო დამცველსაც. როგორც სახალხო დამცველის ოფისში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, სახალხო დამცველმა ფაქტზე მოკვლევა დაიწყო შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის ფაქტზე და მოკვლევა კვლავ გრძელდება.

ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი კი აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ გასაჯაროვდა მსგავსი ინცინდენტი ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებით და ის ფაქტი, რომ მას აღმოაჩნდა ზემდგომი ორგანოების მერ გაცემული ,,ე. წ. ნარუშილოვკა” ანუ გარკვეულ სიტუაციაში ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ნებართვა. დეპუტატი სვამს კითხვას, როგორ მოხდა და რის საფუძველზე გაიცა ეს განსაკუთრებული დოკუმენტი ფსიქიკური დარღვევის მქონე პირზე, თუმცა ხელისუფლება ამაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს

წინა სტატიახმაურია თბილისის საკრებულოს შენობის გარეთ, ოპოზიცია დეპუტატ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმას აპროტესტებს
შემდეგი სტატიათბილისში ბეჟან გუნავა დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური