მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

Published on

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. სამხედრო კომისარიატები მათ სამხედრო აღრიცხვაზე დადგომას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უნივერსიტეტიდან გარიცხვით ემუქრებიან.

სოხუმში შექმნილ ვითარებას 2022 წელს რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაში დაშვებულ შეცდომას უკავშირებენ.

სტუდენტები სამხედრო კომისარიატების ზეწოლის ქვეშ

პრობლემა ეხება სტუდენტებს, რომლებიც რუსეთში დროებითი რეგისტრაციით სწავლობენ. რუსეთის სამხედრო კომისარიატები ამ რეგისტრაციას სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის საფუძვლად მიიჩნევენ.

სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, რომელსაც ხელი 2022 წლის 19 სექტემბერს მოეწერა და რომელიც ძალაში 2025 წლის 25 აპრილს შევიდა.

სააგენტო „აიაშარას“ ინფორმაციით, საკითხი მიმდინარე წლის ოქტომბერში აფხაზეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა, თუმცა სტუდენტების სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

„პრეზიდენტ ბჟანიას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში (რომელიც 2024 წლის ნოემბერში სახალხო პროტესტების შედეგად თანამდებობას ჩამოაშორეს) მითითებულია, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურს გადიან იმ ქვეყანაში, სადაც გაწვევის მომენტისთვის ცხოვრობენ.

შეთანხმება ძალაში შევიდა და ახლა აფხაზეთის ხელმძღვანელობა ცდილობს, გამოასწოროს ყოფილი პრეზიდენტის, ბჟანიას შეცდომები და შეიმუშაოს აფხაზეთიდან ჩასული სტუდენტების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, რათა თავიდან აიცილოს მათი რუსეთის არმიაში გაწვევა“.

რაზე ისაუბრეს მოსკოვში

17 ოქტომბერს აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა პრეზიდენტ ბადრა გუნბას მოსკოვში სამუშაო ვიზიტისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შედეგები გააცნო.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის მოქალაქეთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

მათ შორის იყო რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზი სტუდენტების სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთში ყოფნის ვადის 180 დღემდე გაზრდა და საზღვრის ეროვნული პასპორტით გადაკვეთის შესაძლებლობა.

მინისტრის განცხადებით, ამ საკითხებზე კონსტრუქციული აზრთა გაცვლა გაიმართა და მუშაობა გაგრძელდება.

პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, განაგრძოს მოლაპარაკებები და უზრუნველყოს მოქალაქეთა სამართლებრივი მხარდაჭერა როგორც მოსკოვში, ისე რუსეთის რეგიონებში.

ამასთან, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ბარციცი აცხადებდა, რომ პრეზიდენტის დავალებით სამინისტრო უკვე მუშაობდა იმაზე, რათა ორმაგი მოქალაქეობის მქონე აფხაზი სტუდენტები რუსეთის სამხედრო კომისარიატებში აღრიცხვაზე არ დაეყენებინათ, რადგან ისინი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აფხაზეთში, არიან სამხედრო ვალდებულების მქონე პირები.

როგორც ჩანს, საკითხი ჯერჯერობით მოუგვარებელია.

სად დაუშვეს შეცდომა

მასწავლებელმა საიდ ბეიამ საკითხის სამართლებრივი მხარის გაანალიზება სცადა.

მან საკუთარ ტელეგრამარხზე შეახსენა საზოგადოებას, რომ ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს 2022 წლის 19 სექტემბრის შეთანხმება არეგულირებს.

„ბოლო დროს საზოგადოებაში აქტიურად განიხილავენ ინფორმაციას, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთთან ცდილობს შეთანხმებას, რათა ორმაგი მოქალაქეობის მქონე ჩვენი სტუდენტები რუსეთის ფედერაციაში სამხედრო აღრიცხვაზე არ დააყენონ.

ბევრს უჩნდება კითხვა: როგორ არის ეს საერთოდ შესაძლებელი? ჩვენ ხომ საკუთარ ქვეყანაში უკვე ვიმყოფებით სამხედრო აღრიცხვაზე!“

ბეიას განმარტებით, მთავარი პრობლემა შეთანხმების მეხუთე მუხლშია: ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიან იმ სახელმწიფოში, რომლის ტერიტორიაზეც გაწვევის მომენტისთვის მუდმივად ცხოვრობენ.

„მაგრამ თუ ახალგაზრდას ჯერ სამხედრო სამსახური არ გაუვლია და რუსეთში სასწავლებლად წავიდა, ის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

რატომ აქვს რუსეთს ამის უფლება?

რუსეთის ხელისუფლებისთვის რუსეთის პასპორტის ნებისმიერი მფლობელი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება, მხოლოდ რუსეთის მოქალაქედ ითვლება. აფხაზური პასპორტის არსებობა მათი სამხედრო კომისარიატისთვის არგუმენტი არ არის.

რუსეთის კანონის, „სამხედრო ვალდებულების შესახებ“, თანახმად, რუსეთის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ახალ საცხოვრებელ ადგილზე სამ თვეზე მეტი ვადით ჩადის, ვალდებულია, ადგილობრივ სამხედრო აღრიცხვაზე დადგეს.

სტუდენტები სასწავლებლად ჩასვლისას დროებით რეგისტრაციას რამდენიმე წლით აფორმებენ.

რუსული მხარე ამას ცალსახად განმარტავს: თუ ახალგაზრდა რუსეთში ცხოვრობს და სწავლობს, ესე იგი, შეთანხმების მეხუთე მუხლის თანახმად, მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი რუსეთია“.

საიდ ბეია სერიოზულ იურიდიულ ხარვეზად მიიჩნევს იმას, რომ შეთანხმების მეხუთე მუხლში არ არის მნიშვნელოვანი გამონაკლისი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მეორე მხარის ტერიტორიაზე განათლების მისაღებად დროებით იმყოფებიან.

„ეს ჩანაწერი რომ ყოფილიყო, რუსეთის სამხედრო კომისარიატებს ჩვენი სტუდენტების მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნებოდათ.

2022 წელს ჩვენმა უწყებებმა ხელი მოაწერეს ჩარჩო დოკუმენტს და იურიდიული ნიუანსები მხედველობიდან გამორჩათ.

წლების შემდეგ, როდესაც სტუდენტებს მასობრივად მოსთხოვეს რუსეთში სამხედრო აღრიცხვაზე დადგომა, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია, სასწრაფოდ გამართოს თათბირები პრეზიდენტთან და მოსკოვთან შეთანხმების პირობების შეცვლა სცადოს.

სანამ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის სამხედრო კომისარიატების მოთხოვნები იმ სტუდენტების მიმართ, რომლებსაც რუსეთში დროებითი რეგისტრაცია აქვთ, სამწუხაროდ, კანონიერად რჩება“.

როგორ იყო ადრე და რას ამბობს საზოგადოება

მანამდე აფხაზეთიდან რუსეთში სასწავლებლად ჩასული სტუდენტები სამხედრო აღრიცხვაზე მხოლოდ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აფხაზეთში, იმყოფებოდნენ.

ახლა ვითარება შეიცვალა.

სოციალური ქსელების მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ დროებითი რეგისტრაცია მუდმივ საცხოვრებელ ადგილს არ ნიშნავს. ბევრი სტუდენტი პერიოდულად ტოვებს რუსეთს, რათა სამთვიანი ვადა არ დაარღვიოს.

ამასთან, კრიტიკა ისმის იმ პირების მიმართ, რომლებმაც შეთანხმება მოამზადეს და ხელი მოაწერეს.

„ჩვენი განათლების დონის გათვალისწინებით, აუცილებელია, ასეთი დოკუმენტების ტექსტები რამდენიმე კომისიამ ზედმიწევნით შეამოწმოს. სწორედ ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს რუსეთის ფედერაციასთან ნებისმიერ შეთანხმებაზე!

სპეციალისტების მომზადების მოთხოვნებიც უნდა გამკაცრდეს – არავითარი ნათესაური კავშირები უნივერსიტეტში ჩარიცხვისას! არც უნივერსიტეტის დამთავრებისას! არავითარი შეღავათები სამსახურში მიღებისას, განსაკუთრებით იურისტებისთვის!

გინდათ სახელმწიფოს დანგრევა? განათლებით დაიწყეთ! ეს ნამდვილად ასეა!“

კიდევ ერთი კომენტარის ავტორი საკითხის სამართლებრივ სირთულეებზე ამახვილებს ყურადღებას:

„საქმე ის არის, რომ კანონებიც კი ყოველთვის არ უზრუნველყოფს სრულყოფილ სამართლებრივ რეგულირებას.

უნდა გვესმოდეს, საერთოდ რა მიზნით გაფორმდა ეს შეთანხმება და რა საკითხები უნდა მოეწესრიგებინა მას.

რუსეთში სწავლა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს არ ნიშნავს.

მარტივი არგუმენტი: ხუთწლიანი სწავლა მოქალაქეობის მიღების არანაირ უფლებას არ იძლევა, რადგან ეს დროებით ცხოვრებად ითვლება და მხოლოდ განათლების მიღებას ემსახურება.

მაგრამ სწორად ითქვა, რომ რუსეთი ორმაგი მოქალაქეობის მქონე ჩვენს მოქალაქეებს საკუთარ მოქალაქეებად განიხილავს. შესაბამისად, შეთანხმებასაც, ბუნებრივია, თავად განმარტავს“.

სხვა მომხმარებელი წერს:

„მას, ვინც ამ „მედიურ დოკუმენტს“ ხელი მოაწერა, ყველაფერი შერჩა. ამ დოკუმენტის მოქმედების ქვეშ სწორედ ისინი აღმოჩნდნენ, ვისზეც ის არც სამართლებრივად და არც ლოგიკურად არ უნდა გავრცელებულიყო“.

კიდევ ერთი კომენტარის ავტორი პასუხისმგებელი პირების სამართლებრივი შეფასების აუცილებლობაზე საუბრობს:

„ვითარება, როდესაც ადამიანი ექცევა კანონის მოქმედების ან პასუხისმგებლობის ქვეშ, რომელიც მას სამართლებრივად არ უნდა შეხებოდა, ჩვეულებრივ, კლასიფიცირდება როგორც სამართლებრივი შეცდომა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ან პასუხისმგებლობის უკანონოდ დაკისრება.

აქედან გამომდინარეობს კითხვა: აგებენ თუ არა პასუხს ჩადენილისთვის ის პასუხისმგებელი პირები, რომლებმაც ასეთი „შეცდომა“ დაუშვეს?

პარლამენტმა და უზენაესმა სასამართლომ ამ საკითხს სამართლებრივი შეფასება უნდა მისცენ!“

სტუდენტების ბედი კვლავ გაურკვეველია

სანამ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს აგრძელებს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე სტუდენტები სამხედრო სამსახურში გაწვევის საფრთხის წინაშე რჩებიან.

ბევრი მათგანისთვის ერთადერთ პრაქტიკულ გამოსავლად რუსეთში სწავლის საფუძველზე სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების გაფორმება რჩება.

სიახლეები

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...

რუსეთში, ლიპეცკის ოლქში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ სამხედრო დანიშნულების ქარხანა იწვის

რუსეთის ლიპეცკის ოლქის ქალაქ ელეცში მდებარე ქარხანა „ენერგიაში“ ფრთოსანი რაკეტებით დარტყმის შემდეგ ხანძარი გრძელდება. საწარმო,...