ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი:
“თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან.
კამერის წინ ზის ძალიან დაღლილი, ზოგჯერ თითქოს შინაგანად გატეხილი ადამიანი, რომელიც უკვე თითქმის ხუთი წელია, ომს უშუალოდ, ყოველდღიურ რეჟიმში მართავს.
პირველივე წუთებიდან ჩანს, რამდენად გამოფიტულია.
ჩვეულებრივ კითხვაზე – „როგორ ხართ?“ – პასუხობს, რომ თითქმის არ სძინავს, რადგან ღამღამობით სამხედროებთან მიმოწერაშია და საჰაერო თავდაცვის დარჩენილ საშუალებებს ერთი ოლქიდან მეორეში ანაწილებს.
განსაკუთრებით მძიმე მოსასმენია ორი ისტორია.
პირველი ეხება რაკეტას, რომელიც რამდენიმე წამში საბავშვო მოედანზე ჩამოვარდა. მშობლებმა საკუთარი ბინების ფანჯრებიდან დაინახეს, როგორ დაფლითა აფეთქებამ მათი შვილები.
მეორე ისტორია დაღუპული სამხედროების ოჯახებისთვის ჯილდოების გადაცემას ეხება.
„ჯილდოს გადასცემ მამას, გრძნობ მის ძლიერ ხელს, ის კი ჩუმად გეკითხება: შეიძლება, ერთმანეთს ჩავეხუტოთ?
ამ დროს შინაგანად თითქოს არსებობას ვწყვეტ. ეს ადამიანები უკვე აღარ არსებობენ ისეთებად, როგორებიც ადრე იყვნენ. ისინი ვეღარასოდეს იქნებიან ძველებურები“.
როდესაც წამყვანი ცდილობს, ზელენსკი წარსულში დააბრუნოს და აჩვენებს ძველ ფოტოებს კრივი-რიჰიდან, სტუდენტური КВН-ის პერიოდს, პადინგტონის გახმოვანებასა და კადრებს სერიალიდან „ხალხის მსახური“, ზელენსკი ყველაფერს გაუცხოებული უყურებს, თითქოს სხვის ბიოგრაფიას ათვალიერებდეს.
2022 წლის თებერვალსაც ყოველგვარი გმირობის ხაზგასმის გარეშე იხსენებს.
ამბობს, რომ პირველი 20 დღე ადრენალინის ხარჯზე ერთი კაბინეტიდან მეორეში დარბოდა, განუწყვეტლივ რეკავდა ყველასთან და ცდილობდა, კიევისთვის წყლისა და საკვების მიწოდება მოეგვარებინა.
შიში და იმის გაცნობიერება, თუ რა მოხდა სინამდვილეში, მხოლოდ სამი კვირის შემდეგ მოვიდა, როდესაც ბუჩა გათავისუფლდა და ასობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედრები აღმოაჩინეს.
სწორედ ბუჩის მაგალითზე ხსნის ზელენსკი, რატომ იწვევს მასში ჩუმ, მაგრამ ძლიერ გაღიზიანებას გარედან წამოსული რჩევები, რომ სწრაფად უნდა მოილაპარაკოს და ყველაფერი დაასრულოს.
„წარმოიდგინეთ, რომ ამერიკაში ან ბრიტანეთში აღმოაჩინეს საერთო სამარხი, სადაც 500 ნაწამები ადამიანი წევს, ხელებშეკრული. ამის შემდეგ როგორ შეძლებთ, უბრალოდ ყველაფერი აპატიოთ?“
შემდეგ მთელი საუბარი იმ ჩიხის გარშემო ტრიალებს, რომელშიც დღეს უკრაინელები და, ფაქტობრივად, ყველა აღმოჩნდა.
ომის მიზეზებს ზელენსკი მარტივად ხსნის: მოსკოვი ძალის გამოყენებით ცდილობს საბჭოთა იმპერიის ხელახლა შეკრებას, რადგან უკრაინის ევროპისკენ სვლა ამ პროექტს საბოლოოდ ასამარებს.
მაგრამ როდესაც საუბარი დღევანდელ მდგომარეობას ეხება, მის სიტყვებში აშკარა გულისტკივილი და იმედგაცრუება იგრძნობა.
ქვეყნის ტერიტორიის თითქმის მეხუთედი ოკუპირებულია. აღმოსავლეთი მძიმე დაბომბვების ქვეშაა. ქალაქები ელექტროენერგიის გარეშე რჩებიან. ადამიანები ყოველდღე იღუპებიან.
ამ დროს ცეცხლის შეწყვეტაზე ნებისმიერი საუბარი ერთსა და იმავე მოთხოვნამდე მიდის: კიევმა კიდევ უფრო შორს უნდა დაიხიოს გამაგრებული პოზიციებიდან, ყოველგვარი გარანტიის გარეშე, რომ ერთი წლის შემდეგ რუსეთი შეტევას თავიდან არ დაიწყებს.
საუბრის ბოლოს ტრამპისა და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმების თემაც წამოიჭრება.
ტრამპი საჯაროდ საყვედურობს ზელენსკის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო, რადგან არჩევნების წინ ამერიკელი ფერმერებისთვის დიზელის გაძვირების ეშინია.
და აქ განსაკუთრებით ნათლად ჩანს, რამდენად მტკივნეულად აღიქვამს ზელენსკი ასეთ დამოკიდებულებას.
მისი ქვეყანა იწვის.
მოსკოვმა უარყო მისი წინადადება ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების ორმხრივად შეწყვეტის შესახებ.
ევროპის მიერ გადახდილ Patriot-ის რაკეტებს ამერიკელები ახლო აღმოსავლეთში გზავნიან.
მაგრამ ამერიკაში საწვავის ფასების ზრდაში დამნაშავედ მაინც მას აცხადებენ.
მთელი საუბრის შემდეგ საკმაოდ მძიმე განცდა გრჩება.
ადამიანი მოქცეულია ორ რეალობას შორის: ერთი მხრივ, მის ქვეყანაში ადამიანები ყოველდღე იღუპებიან, მეორე მხრივ კი მოკავშირეები პრაგმატულ ვაჭრობაში არიან ჩართული – საკუთარი არჩევნებით, საკუთარი ინტერესებითა და პოლიტიკური გათვლებით.
მაგრამ ამ გზიდან გადახვევა მას უკვე აღარ შეუძლია.
უყურეთ”: