შობას ცის გახსნაა: კოჩშე მეტი ოკო რდენი, თენა ქოძირენი (კაცზე მეტი უნდა იყო, ეს რომ დაინახო )

0
1397

ნონა ქობალიას ბლოგიდან ,,მთვარის მოზაიკა” 

დამდეგ შობა- ახალ წელს გილოცავთ, დღარ ქირსე  დო ახალ წანაშ მოზოჯუას, ულამაზეს დღესასწაულს,  როცა, როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, ცაშკარ ინწყუმუ, ცის კარი იხსნება და სიკეთისა და სიყვარულის უსასრულო გრძნობა იღვიძებს ჩვენში. სიყვარული და სიკეთე კი ყველაზე ლამაზია ყველა დროსა და სივრცეში, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა იქნება ეს ჩვენს თავზე თუ ვარსკვლავიერი ცა ჩვენში.

 7 იანვარს ცის გახსნაა – ვინ მოთვლის, რამდენი ფრანი და შუშხუნა ავა ახალი წლის ღამეს ცაში, რამდენი სანთელი აინთება ჩვენს ფანჯრებში, რამდენი სიხარულით შეეგებება შობას,  რამდენი ბავშვი დაიბადება, რამდენი კი ავადმყოფი ახლობლის სარეცელთან გაატარებს ღამეს და უარესიც, მაგრამ ცისკარი შობა- ახალ წელს  ყველასათვის იხსნება, რადგან  მზიანი ღამის გაჩენის საშობაო და   მზის მობრუნების საახალწლო  მისტერიის მიღმა დგას განახლების, სიცოცხლის მარადიულობის, რაღაც  ახლის, უკეთესის დასაწყისის მოლოდინი და იმედი.

 ჩიჩილაკებზე, ოქროს ბურთებზე, აბრეშუმის ძაფზე, ვაშლზე, ბროწეულზე, წიფლის ნაპერწკლებზე, ურო ზუსტად,  მათში ჩაბუდებულ მზეზე, მათში მატერიალიზებულ ჩვენს სურვილებსა და ოცნებებზე ბევრის თქმა შეიძლებდა, მაგრამ, რადგანაც ცის გახსნით დავიწყეთ, ანუ სიცოცხლის ხით გატიხრული თუ გაერთიანებული სამყაროების ერთარსობის მეტაფორით, გვინდა სისხლისმიერ ხსოვნაში და მეგრულ ხალხურ პოეზიაში, დალოცვის ფორმულებში  მოვიძიოთ ის, თუ რას ხედავდა ჩვენი წინაპარი ცის გახსნილ კარებს მიღმა, რატომ ამბობდა  უდიდეს სიხარულსა და იმედის მოძალებაზე  ციკარი გამეხსნაო ( ცაშკარქ  გუმანწყუ).

 ცის გახსნა  ცაში ანგელოსის დანახვისა და სულში შემოპატიჟების დროა.  ანგელოზეფ ქიგირინუ – იტყვიან სამეგრელოში კაცზე, რომელმაც თავის თავში დათრგუნა დამიწებული ვნებები და მრისხანება და ანგელოსები – სიკეთე და მიტევება შემოიხვია ფარად.

 ცის გახსნა, როგორც აღვნიშნეთ,  წინაპართა საზრისით, იყო გათიშულ დროთა და სივრცეთა, სამყაროს სხვადასხვა განზომილებათა, პარალელურ სამყაროთა ( ორთა დო ურთაშ- ბუნებრივისა და ზებუნებრივის ) შეხება -შეერთების დრო. სხვათა შორის,  ამიტომაც ამბობენ, რომ შობისა და ახალი წლის ღამეებში მიცვალებულთა სულები – გალენიშები შინ ბრუნდებიან, ეს ნუგეშინი იყოს მათთვის, ვისთვისაც ახლობლის წასვლით სამყარო დაცარიელდა).

ეს არის დრო, როცა   მყარდება  ან არის პოტენცია აღდგეს ჰარმონია სულიერთა და უსულოთა, მკვდართა და ცოცხალთა, წარსულსა და აწმყოს, ადამიანის სიტყვასა და საქმეს შორის. ეს საზრისი  ემყარება და ითხოვს ადამიანის მიერ გასიგრძეგანებას მასში ღმერთის, შემოქმედის მიერ კოდირებული პასუხისმგელობისა  ჭიანჭველას გაჭყლეტისთვის, თავკერძობისთვის, ვერცხლისმოყვარეობისთვის, უკვდავი სულის ანუ თიხაში ჩაბერილი იმ სულის ქონში ჩახრჩობისთვის, რასაც ჩავდივართ, როცა საკუთარი თავის წინააღმდეგ მივდივართ. 

საბედნიეროდ,  ყველა დროში არიან ადამიანები, რომლებიც თავად არიან სანთლები და რომელთა სულიც ისე გამჭვირვალეა და ღრმა, როგორც გახსნილ კარებს მიღმა გამოჩენილი ცა.  ასეთი კაც- სანთელია უდაოდ ერთი მეგრელი პოეტი, რომლის ლექსი გასაოცარ სიღრმეებში ხედავს სამყაროს – ცის სიღრმე იქნება ეს, ოკეანისა თუ საზოგადოდ  სულიერებისა:,,ქოიძირუნანო შქასერს ბჟა ცას მიკოხედუნი,ახალ კოჩი თიშ ჯინათ გურსუ იხარენდუნი.ჩიტებს ქუდუხუნუდეს, რაგადანდეს ამბებს, დიდა ჩიტი სქუალეფშო ღორონს ურზანდ სანთელს.ათეჯგუა სასწაულეფ ქიანას რე ბრელი, კოჩშე ოკო მეტი რდენი, თენა ქოძირენი.’’

ქართულ თარგმანში ეს ლექსი ასე ჟღერს:,,თუ გინახავთ, შუაღამით მზე რომ აჩნდა ზეცას და ჭაბუკი მისი ჭვრეტით გულს რომ იოხებდა, ჩიტები ჩამომსხდარიყვნენ და ყვებოდნენ ამბებს, დედა ჩიტი შვილებისთვის ღმერთს უნთებდა სანთებელს. ამისთანა სასწაული ბევრი არის ახლო, კაცზე მეტი უნდა იყო, ეს რომ დაინახო.’’ ეს არის უღრმესი და ულამაზესი პოეტური ხატი მზიანი ღამისა და დაუსაზღვრებელი სიყვარულისა, რომელიც ადამიანს ღმერთთან აახლოებს, რადგან ღმერთი სიყვარულია. 

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 8dcdc8c523f43c0991d5d43177fa713f.jpg

და ახლა, რამდენჯერაც გვახსენდება ბავშვი, რომელსაც შია, ბავშვი, რომელსაც ტკივა, რომელსაც არა აქვს სახლი,  რომელიც მიტოვებულია ( და ნებისმერი ასაკის ადამიანი ღმერთთან მიმართებაში და ღმერთისთვის მისი ბავშვია), იმდენჯერ ვდგამთ ნაბიჯს ღმერთისკენ, საკუთარი თავისკენ, ისეთისკენ, როგორიც შეგვქმნა მან, როგორებიც ვიყავით, სანამ  ღვთაებრიობისთვის, ადამიანურობისთვის უცხო სისატიკე და გულგრილობა შემოგვეპარებოდა.

ცის გახსნის დღეს შესაძლოა მზემ გამოანათოს, მაგრამ თუნდაც ასე არ იყოს,  ამ დღეს ღრუბლების ნუ შეგვეშინდება, ავიხედოთ მაღლა ყოველთვის, როცა ირგვლივ მაღალფარდოვანი, ბევრის, მაგრამ არაფრის მთქმელი  სადღეგრძელოები იფრქვევა, ნუ მოვიწონებთ თავს საცივით და ელარჯით სუფრებზე (და ფეისბუქებზეც კი), როცა ბევრს ჭიქა ღვინოც არა აქვს, რომ შინ  მეალილეები შეიპატიჟოს.

სიმდიდრესა და სიუხვეში თავისთავად  არაფერია ცუდი, უფრო პირიქით, მაგრამ  ცუდი გაუზიარებელი სიმდიდრეა, თუმცა ესეც არის: რომც არ გაგვიზიარონ და ცრემლი მოგვგვაროს ჩვენი შვილის მოწყენილმა მზერამ იმის გამო, რომ იმდენი ,,ხლაპუშკა’’ და კამფეტი  არა აქვს, რამდენიც მის მეზობელს, რომ მისი ნაძვის ხე (თუ საერთოდ აქვს) ღარიბია, ხოლო საჩუქარი მის ძირას ვერ დავახვედრეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ   ეს არ არის მთავარი – ღმერთს ჩვენთან შემოსასვლელად საცივი და ელარჯი კი არა,  ის სანთელიც  არ ჭირდება, რომელსაც ღარიბებიც და მდიდრებიც ფანჯრებში ვანთებთ, იგი მოყვება იმ სანთლის შუქს, რომელიც ჩვენში ანთია –  ამ სანთელს ახსოვს, რომ დედა მარიამი შობის ღამეს მატერიალური თვალსაზრისით მშიერი (შქირენშე გურმეშირილი) აწოვებდა ძუძუს ახალშობილ იესოს, მაგრამ აწოვებდა იესოს(!) , რომელიც მან გვიშვა ცას დადარაჯებულებს.

 და ისევ  მეგრულ საშობაო პოეზიას და გალობას დავუბრუნდეთ:

 გუგატიბუ თელო ღორონთქ:ცხვარ- მანცხვარიშ ხატიქ, თარანგიოზ ფოთურქ, ღვთისმოწმობელ ხეთურქ, ყულ დო ალერტიქ, წმინდა გიორგ ილორქ, წმინდა გიორგ ჯვარულქ, წმინდა გიორქ სუჯუნაქ, წმინდა გიორგ ლაკადურქ,  ოთხი ხოლო მაკათურქ!  

გიძინას ირფელიშა: ხოჯიშა,  თხაშა, შხურიშა, ორჯიშა დო ერჯიშა, დუხვამუდა ღორონს დღაშე ეჩიშა- ორთვალამო დო ორენჯამო,კინჩხამო დო გორგალამო, ორკოლამო დო ფოხალამო, ჯიმალამო დო ნოსალამო, ჩილამო დო სქუამო

  ღორონთქ თეში დორხვამას: ოში უღუ კამბეშეფ სქანი ყვანას მებუდას, სქან ნაკეთებ ქარვასლეფ დიდნოღემსუ გედგუდას, ოში მილიონი ფარა ჯიბეს შეგილებუდას, ჟიროშ სქანი მილიონი კუპეცემსუ გეძუდას, ჩინოვნიკეფ გერდუდას დო სქანი ჩექმას ხეკუნდას.’’ 

ამ ძველ მეგრულ დალოცვაში ყურს  ხვდება ჩვენი ავბედითი  წარსულის ნაშთი – უცხო ,,კუპეცები  და ჩინოვნიკები’’ და მათი ჩექმა, რომლის გარეცხვას ყველა დროის დამპყრობელი შავი ზღვის ( და არა მხოლოდ) წყლებში ესწრაფვოდა.  ჩექმა კარგია, ოღონდ,  როგორც წითელი წაღები ჩვენი წვივლამაზი გოგო ბიჭების ფეხებზე, წითელი წაღები, როგორიც ის არის წითელფეხება მტრედების – ღვთის ფრინველების  მეტაფორაში.


  ღმერთმა გვაშოროს  მომხდურის ჩექმა, ხოლო, რაც შეეხება ნატვრას, ჩვენი ჩექმები ვაფხეკინოთ, ოღონდ მტერი მოგვშორდეს და თავადაც მშვენივრად გავიფხეკთ ჩვენს ჩექმას  აფხაზეთის წლებში თუ ლიახვის ტალღებში. 

და იქნებ, ერთხანს ტალახიანითაც მშვენივრად ვიაროთ, თუ ეს ტალახი ჩვენი მიწისა  იქნება – სადმე ოჩამჩირის ჭაობში თუ სამაჩაბლოს აყალოში ამოგლესილი. 

 და ეს იყოს ,,ოდიშის’’ ყველაზე დიდი საშობაო – საახალწლო  სურვილი სრულიად საქართველოსთვის.  

წინა სტატიაჩემთვის არის სრული მოულოდნელობა და ძალიან მიჭირს კომენტარის გაკეთება – მერაბ ქვარაია ლაივპრესის ჟურნალისტს პასუხობს
შემდეგი სტატიალაშა გოგიას პენიტენციალურმა სამსახურმა უქმე დღეებში დაწესებულების დატოვების უფლება გაუუქმა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური