მოცინარე ვარსკვლავები – ხვიჩა–ხვიჩა მურიცხეფი

0
1005

ნონა ქობალიას ბლოგიდან ,,მთვარის მოზაიკა”

,,მზე დედაა ჩემი“ სახეს იცვლის იმის მიხედვით, რამდენის დანახვა შეუძლია კალეიდოსკოპში ჩახედვის მოსურნე ადამიანს.  იქნებ, ხვიჩა მურიცხი ბეთლემის ვარსკვლავია,  რომელიც მაცხოვრის დაბადებამდე საუკუნეებით ადრე იხილა მეგრელმა წარმართმა  – თუთაშმა თუ მენახირე ბიჭმა, რომლის სული, მრისხანე კერპების ფერხთაქვეშ გართხმული, თუ მათ ძალმოსილებაში დაეჭვებული, ითხოვდა განახლებას, აღორძინებას, უფრო დიდ იმედსა და სინათლეს… 

მითებში ხშირად ირევა სიმბოლოთა თავდაპირველი სახე და მნიშვნელობა, საუკუნეების განმავლობაში, ღვთაებათა დამხობისა და სხვა ჰიპოსტასით აღდგომის კვალდაკვალ, ადამიანი ივიწყებდა მათ თავდაპირველ არსსა და იერარქიას, ურთიერთმიმართებისა და გამჭოლი საზრისის საწყის წესრიგს ან პირიქით, ვერ ივიწყებდა და სხვადასხვა ეპოქების ნიშნები ერთდროულად რჩებოდა მითში, ისე როგორც წინაპართა სისხლი ერწყმის ერთმანეთს ჩვენს ძარღვებში როგორც ფიზიკური, ისე სისხლისმიერი ხსოვნის სახით.

ამ მხრივ მითი ძალიან ჰგავს კალეიდოსკოპს, როცა მისი დატრიალებისას ვიღებთ განსხვავებულ ორნამენტებს, თუმცა კი, მასში ჩაყრილი მინის ნამსხვრევები არც ფერში იცვლებიან, არც – რაოდენობით. 

ასე მოხდა ქართული, სახელდობრ, კოლხური კოსმოგონიური პოეზიის შედევრში ,,მზე დედაა ჩემი“, რომელიც სახეს იცვლის იმის მიხედვით, რამდენის დანახვა შეუძლია კალეიდოსკოპში ჩახედვის მოსურნე ადამიანს. იყო დრო, როცა ეს პატარა ლექსი საბავშვო ეგონათ, პრიმიტიული, ბავშვისთვის გასაგები ან იოლად ახსნადი სიმბოლიკით, მოგვიანებით – პოეტური გადმოცემა დაობლებული ადამიანის განცდებისა , უსაზღვრო ნაღველისა, რომელსაც მარტოობაში დაძირული კაცი განიცდის…

ჩვენგან უფრო ახლო ხანებში მასში წარმართის მსოფლმხედველობის, მნათობთა თაყვანისცემის, დამხობილი ასტრალური ღვთაებების გარეშე დარჩენილი ადამიანის უკიდეგანო სევდა დაინახეს… მაგრამ,  რადგანაც ეს ლექსი თუ მითოსური იგავი, თუთაშური ცოდნა სამყაროს შესახებ მეტნაკლებად ყველას გვესმის, თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ვარსკვლავების ეპითეტზე ,,ხვიჩა–ხვიჩა მურიცხეფი“ , რომელიც საუკუნეზე მეტია სხვადასხვაგვარად ითარგმნება და რომლის ნამდვილი მნიშვნელობა, როგორც იტყვიან, თარგმანშია ჩაკარგული…

მოციმციმე ვარსკვლავები, წვრილ–წვრილი ვარსკვლავები, ფართო–ფართო ვარსკვლავები, გუნდ–გუნდი ვარსკვლავები, მოკაშკაშე ვარსკვლავები… – ყველა ეს თარგმანი უკუნასესხობის ძალით ბრუნდება მეგრულში და მთარგმნელთა ავტორიტეტის ზეგავლენით მეგრულის კარგად მცოდნე კაციც კი უკრიტიკოდ იღებს მათეულ ვერსიებს, თუმცა კი, არ შეიძლება არ იცოდეს, რომ ხვიჩალი, ხვიჩა – მოცინარეს, მოღიმარეს, სიცილისგან პირგაბადრულს ნიშნავს, ხოლო ხვიჩინი,  როგორც იტყვიან, –ფართო ღიმილს, ღიმილით გაბრწყინებას .

 სიტყვის ცხოვრება არ არის მარტივი, მასაც ჰყავს ჩასაფრებული სიკვდილი თავდაპირველი მნიშვნელობისა და, მით უფრო, მეტაფორული მნიშვნელობის მივიწყების სახით. ხოლო სადაც მეტაფორა კვდება, სიტყვა პრიმიტიული მნიშვნელობის, გამარტივებული სიმბოლიკის ამარა რჩება, რაც (ამ ლექსის შემთხვევაშიც)  აღარიბებს მასში ჩაშიფრული უძველესი ცოდნისა და რწმენა–წარმოდგენების აღქმას.და თუ სიტყვების თავდაპირველი მეტაფორული მნიშვნელობის აღდგენას ვცდით, ,,მზე დედა ჩემი“ კიდევ უფრო ღრმა და მრავალშრიანი სახით შემობრუნდება ჩვენსკენ. 

მაშ ასე, რას გვეუბნება ძველი ღმერთების კვდომის შემდეგ მამა მთვარისა და დედა მზის, როგორც ღვთაებათა ასტროლოგიური ხატების, გარეშე დარჩენილი ადამიანის სევდა, რომელიც მისტიურ საბურველში ახვევს დაცარიელებული მიწიდან ცისკენ მზირალი წარმართის ხილვას….რატომ გვეუბნება იგი ამ ლექსში მზესა და მთვარეზე ნაკლებს, ვიდრე ვარსკვლავებზე, რომელნიც რაღაცას უცინიან, როგორც მძინარე ჩვილები, რომელთა ღიმილის მიზეზს ვერც მათგან ვიგებთ და ვერც ჩვენ ვხსნით… აქ, ალბათ, ბიბლიას, დაბადების წიგნს უნდა ჩავხედოთ, გავიხსენოთ, რა ხდება, როცა სტუმარი შვილის შეძენას უწინასწარმეტყველებს აბრაამსა და სარას: ,, გაიცინნა სარა გულსა თვისსა და თქუა: არღარაი და რაი მომეცა აქამომდე და აწ უფალი ჩემი (იგულისხმება აბრაამი) მოხუცებულ არსს“… მაგრამ იგი მიეცა მას. 

ალბათ სარას ღიმილსაც ისევე პრიმიტიულად ავხსნიდით, როგორც მეგრელი წარმართის და–ძმა ვარსკვლავებისას, რომ არა ცოდნა იმის შესახებ, რომ სიცილს, ღიმილს აქვს შორეული, კოსმოგონიური სემანტიკა: სიცილი დაღონების ანტონიმია, დაღონება სიკვდილის საწყის ეტაპზე მიგვანიშნებს, ხოლო სიცილი – სიკვდილზე, სიკვდილის შემდგომ დაბადებასა და აღორძინებაზე – აბრაამი დაღონებულია ანუ ეს მისი კვდომის დასაწყისია, ხოლო სარას სიცილი სიკვდილის მეორე მხარეს – აღდგომას, ახალშობას შეესაბამება, რაც არ ეწინააღმდეგება სიკვდილის არქაულ მეტაფორას, დაღონებაც და სიკვდილიც ორივე სიკვდილის მეტაფორაა, ოღონდ განსხვავებული ასპექტით. ვარსკვლავები, ისევე როგორც სარა აბრაამზე , უფრო ახალგაზრდები არიან, ვიდრე მზე და მთვარე  და ახალგაზრდული ოპტიმიზმის წყალობით, უფრო მეტს ხედავენ, ვიდრე წასასვლელად გამზადებული, სიკვდილთან შერიგებული ღმერთები.

 დაღონება, კვდომის, სიცარიელის განცდა, რომელიც მსჭვალავს უღმერთოდ დარჩენილ ან ძველი ღმერთების ძალმოსილებაში დაეჭვებულ  წარმართს (ღურელს მუ აქიმინე – მკვდარს რა შეუძლია) არ არის დასასრული და იგი ჩუმი იმედით ებღაუჭება, თუ მიაწერს სიცილს ვარსკვლავებს, რადგან თუ ვინმე ჰგავს მას ცაში წასულ მნათობებსა და ასტრალურ სხეულებს შორის, ეს ვარსკვლავებია, მისი და–ძმა, ასაკობრივი ნიშნით იქნება ეს, თუ კაცთა და ღვთაებათა იერარქიაში დაკავებული ადგილით. და თუ ასეა, მოცინარე ვარსკვლავი, უფრო ზუსტად, ვარსკვლავის ხვიჩინი, სიცილი ახალი სიცოცხლის დაბადების მაუწყებელია, იმედი ახალშობისა და აღდგომისა…ნუ დავკარგავთ მეგრულიდან თარგმანში გასაოცარ წინასწარგანჭვრეტას იმისა, რომ ახალი ღმერთი უნდა დაიბადოს …

იქნებ, ეს არის ხილვა თუ გამოცხადება მოტყინარე ვარსკვლავისა, რომელიც საუკუნეების შემდეგ მხიარული ციმციმით დაადგება ბეთლემის გამოქვაბულს, იქნებ, ბეთლემის ვარსკვლავი ერთ–ერთია იმ ვარსკვლავთაგან, რომელიც საუკუნეებით ადრე იხილა მეგრელმა წარმართმა  – თუთაშმა თუ მენახირე ბიჭმა, რომლის სული, მრისხანე კერპების ფეხთქვეშე გართხმული, თუ მათ ძალმოსილებაში დაეჭვებული სული ითხოვდა განახლებას, აღორძინებას, უფრო დიდ იმედსა და სინათლეს… 

მოცინარე ვარსკვლავები ნუ მოგიშალოთ ღმერთმა, დამდეგ შობა–ახალ წელს გილოცავთ. 

წინა სტატიაქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს
შემდეგი სტატია,, ჩვენ პრობლემატური საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არა გვაქვს, არამედ ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან”- სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური