უკვე გაირკვა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არ იყვნენ არც ევროკავშირის ელჩი, არც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, არც დიდი ბრიტანეთის ელჩი, არც საფრანგეთის ელჩი
საქმე ეხება შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვით, ის 20 ივნისის ღამეს პარლამენტში რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად ხედავდა, ” როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს ზოგიერთი პოლიტიკოსი ”
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში განცხადეს, რომ 20 ივნისს ელჩი პარლამენტში არ ყოფილა და ის დილიდან თბილისში არ იმყოფებოდა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი 20 ივნისს არათუ პარლამენტში, საერთოდ საქართველოშიც არ ყოფილა.
დიდი ბრიტანეთის ელჩი 20 ივნისის მოვლენების დროს საქართველოს პარლამენტის შენობაში არ ყოფილა.- აცხადებენ საელჩოში
საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არ ყოფილა. ,,პირადად მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, რომ გერმანიის ელჩი, რომელმაც დამირეკა, პარლამენტში იყო, მაგრამ რა დრომდე ეს არ ვიცი, არ მიმიღია სატელეფონო ზარი, ან შეიძლება გამომრჩა, რადგან სადილზე ვიმყოფებოდი მეგობრებთან ერთად იმ საღამოს. ჩემი აზრით, გამოძიება უნდა ჩატარდეს სახალხო დამცველის ჩართულობით. რაც შეეხება გიორგი გახარიას გადადგომას ან დარჩენას, მისი პირადი პასუხიმგებლობის საქმეა. ჩემი აზრით პოლიტიკოსებმა უნდა შეაფასონ ახლანდელი და მაშინდელი სიტუაცია და შემდგომ მიიღონ გადაწყვეტილება. მე მის მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. დიპლომატები აქ დასახმარებლად იმყოფებიან. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული იყოს. ნამდვილად არ გვახარებს იმის ნახვა, თუ როგორ არის საზოგადოება დაყოფილი. ჩემი აზრით, ყველამ პატივი უნდა სცეს წესებს, ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხიმგებელი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე თუ აზრს გვკითხავენ ვეუბნებით, მაგრამ ისინი არიან არჩეულები, ეკისრებათ პოლიტიკური პასუხიმგებლობა და მათი ვალია ხალხის წინაშე იმოქმედონ შეგნებულად.”– განაცხადა პასკალ მენიემ
გახარიას განცხადებას დღეს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროც, ამასთან ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული კომენტარით. უწყების წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი პირველ კომენტარში ამბობს, რომ პირველად ესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა: „რომელიც ელჩები, ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას პირველად გვესმის რომ ვინმემ მობილიზაცია გაუკეთა ელჩებს და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენ ჩვენი უწყებით ამას ვერ დაგიდასტურებთ,“-
მოგვიანებით ვლადიმერ კონსტანტინიდმა პოზიცია შეცვალა. მან “რუსთავი 2”-ს სთხოვა ხელახლა ჩაეწერა, რადგან მისი პირველი კომენტარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. ამჯერად მან დაადასტურა გახარიას ნათქვამი და განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში გერმანიის ელჩი იმყოფებოდა. თუმცა იქვე განმარტა, რომ ფიზიკური მობილიზაცია ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მოუხდენია.