მთავარისიახლეებისაზოგადოებაისა ქაძოევის ბებიას ჩვევა: რა ხიფათიც არ უნდა მოსვლოდა,მაშინვე დაიძახებდა: ოო,...

ისა ქაძოევის ბებიას ჩვევა: რა ხიფათიც არ უნდა მოსვლოდა,მაშინვე დაიძახებდა: ოო, რუსებო, თქვენ არ ნახეთ კარგი დღე

Published on

კავკასიის თავისუფლებისათვის მებრძოლი ისა ქაძოევი 80 წლისაა.
ამასთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში წერს: 
ალბათ არ არის ისეთი ქართველი, რომელიც მცირე ხნით მაინც დაჰყოფს ინგუშეთში და საბოლოოდ ისა კაძოევის ოჯახში არ აღმოჩნდება.
ისა არის ინგუშეთის მთავარი „ინგუში ქართველი“ – მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მეგობარი, თავადაც პოლიტიკური პატიმარი საბჭოთა დროს და კავკასიის თავისუფლებისთვის მებრძოლთა ძველი კოჰორტის უკანასკნელი მოჰიკანი.
 
– ნუგზარ, მითხრა ერთხელ თავისი დიდი კაკლის ხის ძირას, – ბებიაჩემს ერთი ჩვევა ჰქონდა, რა ხიფათიც არ უნდა მოსვლოდა, ხელს დაიწვავდა თუ ფეხს ცუდად დადგამდა, მაშინვე დაიძახებდა: ოო, რუსებო, თქვენ არ ნახეთ კარგი დღე… მაშინ შვიდი წლის ვიყავი და სულ მიკვირდა, რა შუაში იყვნენ რუსები. მერე კი ყველაფერს მივხვდი და ჩემი ცხოვრებაც რუსებთან ბრძოლამ წაიღო.
 
ასე იცხოვრა ისამ: იჭერდნენ, ასახლებდნენ, ულუკმაპუროდ ტოვებდნენ, მაგრამ ვერ გააჩუმეს, ვერ გატეხეს, საქმის ღალატი ვერ აფიქრებინეს. მთელმა ინგუშეთმა იცოდა, რომ ტოი-იურტის პატარა სახლში, სადაც მეც მრავალი ღამე გამითევია, ცხოვრობდა ამ ხალხის გაუტეხლობის მთავარი სიმბოლო, ინგუშეთის სინდისი და ნამუსი, ინგუშეთის ფარი და ხმალი – ისა კაძოევი. 
მერე იყო 90-იანი წლები, რუსეთ-ვაინახების ომი და ამ ომში დაცემული ისას ბიჭები, ჩემი უმცროსი ძმები – წარბშეკრული, ნაწამები ზელიმხანი და იზნაური, მამის კარაბინით რომ გვდარაჯობდა ოსურ საზღვართან მდინარეზე საბანაოდ წასულ ქართველ სტუმრებს; ის პატარა იზნაური, რომელიც რამდენიმე წელში სრულიად მარტო შეებრძოლა სამი ბეტეერით მოსულ 50 რუსს და ალბათ იმავე სიმღერით მოკვდა, სულ რომ მღეროდა: ჩვენი წინამძღოლი მრისხანე მერჩულეეე…
 
თითქოს მოკლეს რუსებმა ბიჭების სიკვდილით ისაც და ჩემი დედობილი რაიაც. მაგრამ ისა არ მოკვდა, ისა არ გაჩუმდა, ისამ იგლოვა და ბრძოლა გააგრძელა.
 
ხშირად მინახავს თავის წიგნებით გატენილ ოთახში ვაჟა-ფშაველას კითხვისას ცრემლმომდგარს უცებ ეშმაკურად გაუცინია და უთქვამს: მგონი, ვაჟა ჩვენია, ინგუშია, ჰა, რას იტყვი, ბოცო? ესეთები მარტო ინგუშები არიან და… ქართველებიც.
 
ისა კაძოევი 80 წლისაა. გამარჯვებას ვუსურვებ, დღეგრძელობას და ბებიამისის და მისი ცხოვრების ნატვრის ასრულებას – რუსებზე გამარჯვებას.
 
Dukxa vaaxa, sa voakxagha vola vosha Issa!.- წერს ნუგზარ წიკლაური
 
სურათზე: ისა ქაძოევი ანაკლიაში,  კავკასიის ხალხთა კულტურის ფესტივალზე. 2017 წლის  23 სექტემბერი

სიახლეები

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებისთვის

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რათა დაეხმაროს რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებაში - ინფორმაციას Financial...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა - დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მიზნობრივი სანქციები...

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების | ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და...

პარტია იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს – მიხეილ სააკაშვილი

"რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებს - ისინი იქნებიან ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია...