ძუღური – არისაულ – პრიმორსკოე – აფხაზეთში უკვე აფხაზურ ტოპონიმებსაც ებრძვიან

0
441
სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ ქართული ტოპონიმების წინააღმდეგ მრავალწლიანი კამპანიის შემდეგ აფხაზური  ტოპონიმების რუსიფიცირებისთვისაც მოიცალა –  ე.წ.აფხაზეთის პარლამენტის 2 მარტის დადგენილებით გუდაუთის რაიონის სოფელ არსაულს სახელი გადაერქვა და დარეგისტრირდა როგორც ,,პრიმორსკოე''.
 
 ამ ფაქტს აფხაზეთის საზოგადოებაში და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებში მძაფრი პროტესტი მოყვა.
 
დე ფაქტო პრეზიდენტ ხაჯიმბასადმი მიმართვას, რომელსაც  ინტელიგენციის 35 წარმომადგენელი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ სოფლისთვის ისტორიული სახელის გადარქმევა მოხდა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ისტორიული სამართლიანობის დარღვევით და წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტსა და მაგალითს  სავალალო ტენდენციისა,  რომელიც ბოლო წლებში იკვეთება ააფხაზურ  ტოპონიმებთან მიმართებაში.
წერილის ავტორების თქმით,  სოფლის ადრინდელი სახელწოდება არსაული , რომელსაც საფუძვლად უდევს  ,,არის( რუსის)  აულ (,,რუსების აული'' აფხაზურად),  და თვით სოფელიც  აფხაზეთის რუკაზე გაჩნდა მეცხრამეტე საუკუნის 70 – იან წლებში, როცა შენდებოდა ახალი ათონის მონასტერი და შეიქმნა რუსი მუშების დასახლება, რომელსაც სწორედ ამიტომ დაერქვა რუსების აული.  
 
,,აფხაზური ტოპონიმის ჩანაცვლება უცხოენოვანი ტოპონიმით აფხაზეთის ეროვნული ინტერესის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, რაც დაუშვებელია.’’ – წერენ მიმართვის ავტორები და პრეზიდენტს თხოვენ ჩაერიოს  ამ თვითნებობაში.
 
სოფლისთვის სახელის გადარქმევაზე არანაკლებ საინტერესოა, თუ რა თავგამოდებით ცდილობდა აფხაზეთის პარლამენტი ამას. საკითხი ადრეც იყო გატანილი პარლამენტს სხდომაზე, მაგრამ  ჩავარდა, რადგან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა.  საკითხი 2 მარტს მეორედ იქნა გატანილი და ისევ ჩავარდა, მაგრამ პარლამენტის სპიკერმა ყველა კანონის დარღვევით, ხანმოკლე შესვენებისა და , როგორც ჩანს, დეპუტატებთან ,,გასაუბრების“’ შემდეგ იქვე,  მეორედ დააყენა იგი კენჭისყრაზე და რუსეთისთვის მაამებლური   ვარიანტიც დამტკიცდა. 
 
,,ოდიში ნიუსი’’ თავის მხრივ დასძენს, რომ არისაულის წინამორბედი სოფელი ამ მიდამოებში იყო ძუღური, წურწფაწყარი (ქართულად გოგირდწყალი) და რუსების ჩასახლება და ცალკე უბნად გამოყოფა სწორედ ამ სოფელში მოხდა. ქართული ტოპონიმების, უფრო ზუსტად მეგრული  ტოპონიმების დევნის პირობებში ( ამაში თბილისსაც ედო თავისი ნეგატიური წვლილი) სოფლის თავდაპირველი სახლწოდება გაქრა. ლავრენტი ბერიას დროს სოფელმა ერთი პერიოდი დაიბრუნა თავისი ისტორიული სახელი ( თუ შეიძლება ასე ითქვას , მეგრულიდან ქართულად თარგმნილი სახელის მიმართ), მაგრამ შემდეგ იგი ისევ გააქრეს რუკიდან. 
 
წინა სტატიავინ გაგზავნა ევროსასამართლოსთან “საკაჩაოდ” დელეგაცია მინისტრის ხელმძღვანელობით
შემდეგი სტატიასუსმა ქ. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დააკავა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური