მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ მიმართვას აკეთებს: ,, ახლა სწრაფი, გადამწყვეტი, მშვიდობიანი, პატრიოტული მოქმედების დროა” (Video)

0
368
მიხეილ სააკაშვილი  ქართველი ხალხისადმი  მიმართვაში, რომელსაც ”ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს,  კიდევ ერთხელ უბრუნდება არჩევნების თემას  და არჩევნების შემდგომ შექნილ სიტუაციას აფასებს.
 
,,გუშინ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური და როგორც ვვარაუდობდი, მასობრივი დარღვევების, უხეში გაყალბების პირობებში. – ნათქვამია მიმართვაში – ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, თუ რა გაყალბებები ხდებოდა მეორე ტურში, მაგალითად, როგორ მასობრივად გაგვიყალბეს შედეგები   აჭარაში, როდესაც პირველად უბნებში ყველგან ვიგებდით და ამის შემდეგ  ყველა უბანში  წაგვაგებინეს სრულიად უხეში მეთოდებით. ან რაც გაუკეთეს აჰმედ იმამყულიევს მარნეულში, ან თუნდაც რაც გაუკეთეს სანდრას , რომელმაც, ყველა დათვლით, 60% -ზე მეტი მიიღო ზუგდიდის რაიონში და ბარიერი არ გადაალახინეს, და   რაც მოხდა თუნდაც გუშინ დიდუბეში, როდესაც 12-იდან 5 საათამდე მოვიდა 3-ჯერ მეტი ხალხი, ვიდრე პირველ  საათამდე. ასეთი რამ არ ახსოვს  არჩევნების ისტორიას , ყოველთვის 12-მდე ან 5-ის მერე მოდის ძირითადი მასა ხალხის.  მსგავსი თავხედური გაყალბება არც დასიზმრებია შევარდნაძის მთავრობას. 
 
ეს გააკეთა ივანიშვილმა . ივანიშვილმა საქართველოში გააუქმა  ამ ეგრეთ წოდებული  არჩევნებით საერთოდ არჩევნების ინსტიტუტი.
 
2012 წელს  მე  გადავეცი მშვიდობიანად ხელისუფლება ადამიანს, რომელიც თავიდანვე ნათელი იყო , რომ არჩევნებით წასვლას არ აპირებს, და მაინც გადავაბარე,  არა იმიტომ, რომ ძლიერი არ ვიყავი, ან იმიტომ, რომ არ შეგვეძლო სიტუაციის დაჭერა, არამედ , იმიტომ, რომ პატივს ვცემ ჩემს ხალხს და ასეთი იყო ქართველი ხალხის ნება. იგივეს გაკეთება მოუხდება ივანიშვილს, ვინაიდან ასეთი იქნება ქართველი ხალხის ნება.
 
 
ახლა ხშირად ამბობენ, რატომ არ ამოიღეს უცხოელებმა მეტად  ხმა?! ჩვენს მაგივრად ხმას არავინ არ ამოიღებს. 2003 წელს იყო ბევრი უცხოელი, რომელიც მომიწოდებდა, მეღიარებინა გაყალბებული არჩევნების შედეგები. ყველა მხრიდან მივლიდნენ, მაგრამ მტკიცე უარი მიიღეს და მას შემდეგ რაც ხალხის მობილიზაცია მოხდა, მათმა უმეტესობამ ასევე შეიცვალა აზრი და დაგვიჭირა მხარი. აქ  ჩვენ  იმაზე კი არ უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ წავაგეთ არჩევნები, უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ დავუშვით, რომ ივანიშვილმა გაააუქმა არჩევნების ინსტიტუტი.
2003 წელს ჩვენ ვიყავით ბევრად უფრო მომზადებულები იმიტომ,  რომ ვიცოდით ეს მოხდებოდა და წინასწარ გვქონდა მთელი ინფრასტრუქტურა შექმნილი. სამწუხაროდ, ახლა ყველანი ვერ მოვემზადეთ სათანადოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ  ხელები უნდა ჩამოვუშვათ და არსებულ თავსმოხვეულ რეალობას შევეგუოთ. პირიქით, ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება გადაჯგუფება, რეორგანიზება და ყოველდღიურ ბრძოლაში ჩართვა.
 
მე არ შევეგუები და არ ვაღიარებ ამ უკანონობის და გაყალბების შედეგს. ამას ვამბობ სრული პატივისცემით ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერების მიმართ. მე პატივს ვცემ თქვენს არჩევანს, მაგრამ თქვენმა უმეტესობამაც ხომ კარგად იცის, რომ ამ არჩევნებზე იყო მასობრივი გაყალბებები და მანიპულაციები იყო.  თქვენც  ხომ კარგად იცით, რომ ის ციფრები, რომელიც დაიხატა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამიტომ საქართველოს შემდგომი განვითარებისა და დემოკრატიის წინსვლისთვის ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა საქართველო ისევ დავაბრუნოთ დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ, რაც შეიძლება სწრაფად, პატიოსანი არჩევნების ჩატარებას და პატიოსნად მოვიყვანოთ ნორმალური მთავრობა საქართველოში.   ამისთვის ჩვენ გვჭირდება ყოველდღიური ბრძოლა და მეც ამ ბრძოლისთვის ვარ მზად.       მე ძალიან დიდ საქმეებში ვარ ჩართული უზარმაზარ ქვეყანაში, უკრაინაში,    მაგრამ ასევე მინდა იცოდეთ, რომ არც ერთი წუთით არ ვწყვეტ ასევე ფიქრს რქვენზე და არ ვაპირებ თითოეული თქვენგანის განსაცდელში მიტოვებას. მე დავუდგები გვერდში ჩემს ხალხს და აუცილებლად დავუჭერ მხარს ჩემს თანამებრძოლებს.
 
 ჩვენ ახლა არ გვაქვს თავზე ნაცრის წაყრის დრო, როგორც არასდროს, საჭიროა ერთიანობა დასახული მიზნისკენ სვლაში. ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან ჩვენი ხალხის ხოვრების შემდგომი გაუარესება, ეკონომიკის შემდგომი რღვევა, ინსტიტუტების შემდგომი მოსპობა, საქართველოს დამოუკიდებლობის საფუძვლების შემდგომი ჩამოშლა და გამოცლა, რაც გარდაუვალია, თუ ჩვენ მივეცით საშუალება ივანიშვილს შემდგომი ოთხი წელიც უდარდელად გააგრძელოს და დააჩქაროს ის პროცესები. რომლებიც  დაწყებული ქონდა პირველი ოთხი წლის განმავლობაში.
მე მგონი, ყველას გვაქვს გაცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა და ახლა დრო არის მოქმედების, დრო არის ანალიზისაც, მაგრამ პირველ რიგში, ანალიზის შემდგომ სწრაფი გადამწყვეტი,  მშვიდობიანი პატრიოტული მოქმედების”
 
 
 
 
 
 
 
წინა სტატიაანა ნაცვლიშვილი:”არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლების უფლებები შეზღუდეს, იყო მუქარის შემცველი კომუნიკაციები”
შემდეგი სტატიასერგეი შამბა: ,,სამწუხაროდ, მეზობელი საქართველოს პარლამენტში ვერ მოხვდნენ პარტიები, რომელთაც პრინციპული პოზიცია აქვთ აფხაზეთთან, როგორც თანასწორ ქვეყანასთან დიალოგის საკითხში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური