ერთ წელიწადში კიბოს შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა

0
402
ყოველწლიურად ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა იზრდება და მომავალ წელს კიდევ უფრო გაზრდას მოელიან. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალოდ ყოფელ 100 000 მოსახლეზე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2015 წელს კი, სპეციალისტთა ვარაუდით, ეს მაჩვენებელი უკვე 283-ს შეადგენს. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გარემოს, უფრო კონკრეტულად კი, ჰაერის დაბინძურება სახელდება. ჰაერის დაბინძურების უდიდესი წილი ავტომობილების გამონაბოლქვზე მოდის. გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილი თქმით, რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში ჩატარებულმა ჰაერის სინჯების კვლევებმა აჩვენა, რომ ძირითადი დამაბინძურებელი წყარო ავტომობილებია.
"ეს არის ძირითადად დამოკიდებული ავტოსატრანსპორტო პარკის სიძველეზე. საწვავის ხარისხთან ერთად პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვში იმ ტოქსიკური აირების შემცველობა, რომელიც არასრული წვის შედეგია", – განაცხადა გარემოს მინისტრმა.მისი თქმით, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთ უბანში ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი ევროსტანდარტის შესაბამისია. პრემიერ-მინისტრი კი სიმსივნის და სხვა დაავადების ერთ-ერთი მთავარ გამომწვევ ფაქტორად სწორედ გამონაბოლქვს ასახელებს.
"დემოკრატიული ინსტიტუტის" დამფუძნებელი, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას მინისტრის განცხადებას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მართლაც საგანგაშოა.
"როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, ჰაერის დაბინძურების შედეგები მიიღეს და როგორც მან თქვა, მართალია, გადაჭარბება გვაქვსო, მაგრამ საშუალო ევროპულ მაჩვენებელს უტოლდება და საგანგაშო არ არისო. ეს ძალიან არასერიოზული განცხადებაა.
"მართალია, საქართველოში სრულფასოვანი კვლევები არ ტარდება და საბჭოთა კავშირის შემდეგ ჰაერის დაბინძურების გასაზომი სისტემაც მოშლილია, მაგრამ რა კვლევებიც ტარდება, იმითაც კარგად ჩანს, რომ დაბინძურების ხარისხი მართლაც რომ საგანგაშოა.
"თბილისსა და სხვა დიდი ქალაქების დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტომანქანების გამონაბოქლვია. რაც შეეხება იმას, თუ ეს დაბინძურება რამდენად საგანგაშოა, ამაზე 2003 წელს ჩატარებული კვლევაც მეტყველებს. 2003 წლის კვლევის მიხედვით, თბილისში ჰაერის დაბინძურების მხრივ უმძიმესი მდგომარეობა იყო. მაშინდელი მაჩვენებლით, თბილისი ევროპაში უკანასკნელ ადგილას გავიდა. "პარკების მასობრივი ჩეხვისა და ავტომობილის რაოდენობის ზრდის ტენდეციის შედეგად, რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი არ გამოსწორდებოდა. ამის ფონზე კი ონკოლოგიური დაავადებების მატება შეინიშნება, რაც პირველ რიგში ჰაერის დაბინძურებითაა გამოწვეული", – აღნიშნავს ჩხარტიშვილი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკურ ცნობაში 2011 წლიდან დღემდე კიბოს ზრდის ტენდეცია შეინიშნება. 2011 წელს სიმსივნის 10 362 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2014 წელს კი – 25 172. რაც შეეხება ავთვისებიან წარმონაქმნს 2011 წელს – 4 252, 2014-ში კი – 5 229 იყო.
ონკოლოგიურ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში 2015 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა კიბოს პოპულაციური რეგისტრი. რეგისტრის 6 თვის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა წინა წლების მონაცემებთან შედარებით მკვეთრი სხვაობა: აგრეგირებული სტატისტიკით, 2014 წელს საქართველოში საშუალოდ ყოფელ 100 000 მოსახლეზე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგისტრის შეფასებითი მონაცემებით, 2015 წელს ამ მაჩვენებლის 283-მდე ზრდას ვარაუდობენ.
"საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნებოდა დისპანსერული აღრიცხვიანობის სისტემის მოშლა და ონკოლოგიური ავადმყოფების ოჯახის ექიმებთან მეთვალყურეობაზე გადაცემა, რამაც გამოიწვია ავთვისებიანი სიმსივნეების რეგისტრაციის გართულება და გავრცელების რეალური სურათის დამახინჯება, რაც გამოიხატა ავთვისებიანი სიმსივნეების ავადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირებით.
"საქართველოს მაჩვენებლები გლობალურ, განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნეების ინციდენტობის მაჩვენებლები ასევე მნიშვნელოვნად დაბალია დსთ-ს და ევროპის ქვეყნებთან შედარებით", – ვკითხულობთ ცნობარში.
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი გურამ მენთეშაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს, რომ გამონაბოლქვის სიჭარბე კიბოს განვითარებაზე მოქმედებს.
"რა თქმა უნდა, გამონაბოლქვი კიბოს განვითარებს ხელს უწობს, მაგრამ მთლიანობაში დადგენილია, რომ გამონაბოლქვი პირველ რიგში ფილტვის კიბოს განვითარებაზე მოქმედებს", – განაცხადა მენთეშაშვილმა.
ონკოლოგი მანანა ჯანგულაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ არა მარტო ონკოლოგიურმა დაავადებებმა მოიმატა, არამედ კიბოთი უფრო ახალგაზრდები ავადდებიან.
"ზოგადად დაბინძურებული გარემო, რა თქმა უნდა, სიტუაციას ამძიმებს, მაგრამ ამის პირდაპირი კორელაცია არ არსებობს. თუმცა გააჩნია, რომელ დაავადებაზეა საუბარი. მაგალითად, ფილტვის, პირის ღრუსა და საერთოდ ზედა სასუნთქი გზების სიმსივნეზე გამონაბოლქვი და დაბინძურებული გარემო ყველაზე ცუდად მოქმედებს და მისი ხელშემწყობიცაა.
"დაავადებების რიცხვმა, რასაკვირველია, მოიმატა, თუმცა ამავე დროს დაავადებების ასაკი გაახალგაზრდავებულია. უფრო ახალგაზრდა ასაკში ავადდებიან, თუმცა 93 წლის მოხუციც მყოლია, რომელსაც კიბო ჰქონდა.
"მინდა გითხრათ, რომ ყველა შემთხვევას თავისი მიდგომა სჭირდება და ყველას განსხვავებული მიზეზები შეიძლება ჰქონდეს", – განაცხადა ჯანგულაშვილმა.
რეზონანსი
წინა სტატიაზუგდიდში საქართველოს ფოსტის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
შემდეგი სტატიაპატიმრების შეწყალების აქტი სახელმწიფოს პრეროგატივაა და ამ წესის შეცვლა ნიშნავს უარს დემოკრატიაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური