აგვისტოს ომი აფხაზური რაკურსით

0
496

საინფორმაციო სააგენტო  Sputnik-Абхазия აქვეყნებს აფხაზი პოლიტოლოგის, აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის მდივნის ნათელა აკაბას მოგონებებს ,,2008 წლის აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებზე’’, როგორც იგი უწოდებს აგვისტოს ომს. წერილს, რომელშიც ეს ომი დანახულია აფხაზური რაკურსით, ვაქვეყნებთ  მცირე შემოკლებით (თარგმანში ავტორის სტილი და ტერმინოლოგია დაცულია). დაკვირვებული მკითხველი სტრიქონებს მიღმა  უსათუოდ დაინახავს  დასავლეთის უკომპრომისო წინააღმდეგობას  რუსეთის აგრესიული პოლიტიკისადმი საქართველოს და ზოგადად რეგიონის მიმართ, ასევე მოვლენათა განვითარების რუსული სცენარის მონახაზს, რომელიც ვერ განხორციელდა ქართული არმიის თავგანწირული ბრძოლის, საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების ენერგიული ქმედებებისა და დასავლეთთან დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული ურთიერთობების საფუძველზე მოპოვებული მხარდაჭერის გამო, რაც, რა თქმა უნდა, ავტორის ნების წინააღმდეგ ჟონავს ამ სტატიაში იმ უბრალო მიზეზით, რომ სიმართლე არ იმალება, თუნდაც მისი დანახვა ბევრისათვის არ იყოს სასურველი.

 2008 წლის შუაზაფხულისათვის აფხაზეთი ფაქტობრივად საქართველოსთან ახალი ომის ზღვართან მივიდა. ამ დროისათვის დაიწყო არნახული დიპლომატიური აქტიურობა: სოხუმში გახშირდა დასავლელი დიპლომატების ვიზიტები, რომელნიც ჩართული იყვნენ ქართულ – აფხაზური მოლაპარაკებების პროცესებში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა, რომელიც ამავე დროს გაეროს გენერალური მდივნის კოორდინატორის რილს ასრულებდა, სოხუმში ჩამოიტანა ქართულ – აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების სამეტაპიანი გეგმა. პირველ ეტაპზე გათვალისწინებული იყო ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა და ქართველი დევნილების აფხაზეთში, თავიანთ ადრინდელ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების პროცესის დაწყება. მეორე ეტაპზე აფხაზეთში უნდა დაწყებულიყო აღდგენითი სამუშაოები  გერმანიის მთავრობის მიერ დონორი ქვეყნებიდან მოზიდული სახსრებით და ბოლოს, მესამე ეტაპის ფარგლებში იგეგმებოდა კონცენტრირება აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრაზე.

 

ბუნებრივია, აფხაზური მხარის რეაქცია ამ წინადადებებზე უკიდურესად ნეგატიური იყო. პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ სტატუსის განხილვა აბსოლუტურად მიუღებელი იყო აფხაზეთისთვის, ხოლო დევნილთა დაბრუნება, რასაც დაჟინებით მოითხოვდა საქართველო, ახალ  ომს გამოიწვევდა. სერგეი ბაღაფშმა მოუწოდა შუამავლებს ზედმიწევნით მიჰყოლოდნენ მოსკოვური შეთანხმების სულისკვეთებას.

იგივე პერიოდში სოხუმში ჩამოვიდნენ აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა და აშშ ელჩი საქართველოსი ჯონ ტეფტი, რომელთაც აფხაზეთის ხელმძღვანელობას შესთავაზეს თავიანთი  შუამავლობა თბილისთან დიალოგში. თუმცა აფხაზეთის პრეზიდენტმა პასუხად განუცხადა, რომ აფხაზეთი არანაირ მოლაპარაკებებზე არ წავა საქართველოსთან, სანამ მისი ჯარები არ დატოვებენ კოდორის ხეობას.

ამასობაში სიტუაცია აფხაზეთის გარშძემო სულ უფრო მწვავდებოდა – ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისი  სამხედრო ოპერაციისათვის ემზადებოდა, სულ სხვადასხვა წყაროებიდან დასტურდებოდა.

იმ პერიოდში რესპუბლიკაში განხორციელდა რამდენიმე დივერსიული აქტი, რომელთაც ადამიანები ემსხვერპლნენ. აფხაზეთის მცხოვრებლებს, რომელნიც თანდათან ეჩვეოდნენ მშვიდობიან ცხოვრებას, კვლავ გაუჩნდათ საფრთხის შეგრძნება, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თბილისი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ყველა ინფორმაცია სამხედრო ოპერაციის მზადების შესახებ მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია იყო.  

და აი, გაწყდა იქ, სადაც წვრილია, მაგრამ არა იქ, სადაც უფრო მოსალოდნელი იყო, არამედ სამხრეთ ოსეთში. აგვისტოს პირველი დღეებიდან მოძმე ოსეთიდან საგანგაშო ცნობები წამოვიდა. თუმცა 7 აგვისტოს საღამოს საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის ტელეარხებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მისცა ბრძანება არამცდარამც არ გაეხსნათ ცეცხლი კონფლიქტის ზონაში – ცხინვალის რეგიონში, რა პროვოკაციაც არ უნდა მომხდარიყო. თითქოს საღმა აზრმა გაიმარჯვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო დროებითი ჩაწყნარება ქარიშხლის წინ – განცხადებიდან რამდენიმე საათში დაიწყო ქართული არმიის სრულმასშტაბიანი შეტევა ცხინვალზე

აფხაზეთში სწრაფად გაიცნობიერეს, რომ ოსების ადგილზე შეიძლება თავად აღმოჩენილიყვნენ, ეს ვარაუდი მოგვიანებით დადასტურდა კიდეც – როგორც აღმოჩნდა, 2008 წლის ზაფხულში თბილისი აფხაზეთზე შეტევისათვის ემზადებოდა, მაგრამ შემდეგ თავისი გეგმები შეცვალა. სხვათა შორის, 10 აგვისტოს ჩვენი რესპუბლიკის მიმართაც განხორციელდა პროვოკაცია – რუსეთის ხომალდებს, რომელთაც იმ დღეებში დაიწყეს აფხაზეთის სანაპიროს პატრულირება, მოულოდნელად დაესხნენ თავს ქართული ხომალდები. რუსეთის გემებმა ჯერ გამაფრთხილებელი ცეცხლით უპასუხეს მათ, ხოლო შემდეგ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს და ერთერთი მათგანი ჩაძირეს კიდეც.

რუსეთის მოთხოვნით, ნიუ–იორკში მოწვეულ იქნა გაეროს უშიშეოების  საბჭოს საგანგებო სხდომა სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარების განსახილველად. ბევრს ეგონა, რომ უშიშროების საბჭო შეძლებდა სისხლისღვრის შეჩერებას, მაგრამ   სხდომამ, რომლის მსვლელობა რუსეთის ტელეეთერში გადმოიცემოდა, შოკში ჩააგდო ისინი: ამ დისკუსიამ გვიჩვენა, რომ უშიშროების  საბჭოს მუდმივი წევრების –დასავლეთის წამყვანი ქვეყნების დიპლომატები აბსოლუტურად არ იყვნენ მზად ან არ ჰქონდათ სურვილი მიეღოთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები. სახეზე იყო სამწუხარო რეალობა: საომარი მოქმედებების დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციები, როგორც აღმოჩნდა ვრცელდება არა ყველაზე, არამედ მხოლოდ რჩეულებზე. უფრო მეტიც,   სხდომაზე მიწვეულმა იმჟამინდელმა  საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ირაკლი ალასანიამ თავის გამოსვლაში მთელი პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის მხარეს  დააკისრა, ამავე დროს სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს არ მიეცათ სხდომაზე გამოსვლისა და თავიანთი თვალსაზრისის დაფიქსირების შესაძლებლობა. ასეთია გაეროში ,,თანასწორობა“ და ,, პლურალიზმი“

მიუხედავად რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის დიდი მცდელობისა დაეყოლიებინა გაეროს უშიშროების საბჭო  რაიმე ისეთი მოქმედებისთვის  ან თუნდაც განცხადების გაკეთებისათვის, რომელიც ჭკუაზე მოიყვანდა სააკაშვილს, მსგავსი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. დისკუსიის შედეგი იყო ის, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ  გამოთქვა შეშფოთება სამხრეთ ოსეთში სიტუაციის გაუარესების გამო და არაფერი ამაზე მეტი. არადა, საბჭო რომ  სერიოზულ ჩარევაზე წასულიყო და გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები და მექანიზმები, სიტუაცია სულ სხვა სცენარით განვითარდებოდა.

მაგრამ დასავლელი მფარველების გასაოცარი შემწყნარებლობა მიშიკოს ,,ცელქობების’’ მიმართ ამჯერად დათვური სამსახური აღმოჩნდა როგორც პირადად მისთვის, ისე საქართველოსთვის. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, რუსეთს რომ თავი შეეკავებინა გადაჭრით მოქმედებისთვის სამხრეთ ოსეთის ხალხის დასაცავად – ასეთ შემთხვევაში შეიარაღებულ კონფლიქტში უსათუოდ ჩაერეოდნენ მოხალისეთა რაზმები არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთიდან, არამედ რუსეთის სხვა სამხრეთი რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და, შესაძლოა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდანაც. მოვლენათა ასეთი განვითარება სერიოზულ დესტაბილიზაციას გამოიწვევდა რეგიონში. არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე გარემოებაც: სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, ხოლო თავისი მოქალაქეების დაცვას ნებისმიერი ქვეყანა უშუალო  მოვალეობად თვლის..

ამ დღეებში შესრულდა მეშვიდე წლისთავი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან. მაგრამ მთავარ დამნაშავეს – საქართველოს გაქცეულ პრეზიდენტს არათუ პასუხი აგებინეს, იგი ბოროტების ახლა თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ  თესავს და ეს მდგომარეობა არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს.

Sputnik-Абхазия:
http://sputnik-abkhazia.ru/analytics/20150807/1015368806.html#ixzz3i7S9CNX2

 

 

წინა სტატიალიხნში წარმართული ლოცვა აღევლინა
შემდეგი სტატიაწუხელ დაკავებულმა დეპუტატმა გიორგი კარბელაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური