ლიხნში წარმართული ლოცვა აღევლინა

0
489

,,აფსნი პრესის'' ცნობით, დღეს აფხაზების წარმართულ სალოცავში ლიხ–ნიხა  უძველესი საწესჩვეულებო ლოცვა ანიხუარა აღევლინა.

სერგეი შაკრილი, რომელიც  ერთერთია აფხაზეთის ექვს უმაღლეს ქურუმთაგან,  ამბობს, რომ დღევანდელი მსხვერპლშეწირვის აღთქმა მათ  2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დადეს უზენაესის წინაშე.  

,, სახელმწიფოს  მეთაურის არჩევნების წინ  ხალხში დიდი ვნებათაღელვა და უთანხმოება იყო. ამიტომ    ქურუმებმა დავდეთ აღთქმა, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო არჩეული,  ანიხუარას ლოცვას აღვავლედით და აი, დღეს, წმინდა სალოცავს   ვავედრებთ ჩვენი ხალხის ერთობას.''

აფსნი პრესის ინფორმაციაში ნათქვამის, რომ ქურუმებმა დალოცეს აფხაზეთის პრეზიდენტი და მოუწოდეს ურყევად იდგეს თავისი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე. 

თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა:  ,,ჩვენ ისევე ერთიანნი უნდა ვიყოთ, როგორც ეს იყო ომის დროს,  რადგან ჩვენ ძმები ვართ, მიუხედავად პოლიტიკურ შეხედულებათა განსხვავებულობისა.''

დილით, ანიხუარას რიტუალის ჩატარებამდე, ლიხნში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვა აღავლინა მამა ბესარიონ აფლიამ. დღეს პანტელეიმონ მკურნალის დღეა და ვლოცულობთ იმისთვის,  რომ ჩვენს ხალხს მიეცეს ღირსეული ცხოვრება  ტკივილისა და მწუხარების გარეშე. იგივეს ემსახურება  ანიხუარას ლოცვაც . რომელიც ტრადიციულია და საწესჩვეულებო ხასიათს ატარებს – განაცხადა მან. 

პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურის, მეცნიერებისა და განათლების საკითხებში ვლადიმერ ზანთარიამ აღნიშნა, რომ ძველი აფხაზური ადათები და ქრისტიანული კულტურა მჭიდროდ არის დაკავშირებულ ერთმანეთთან და ამას პატივს სცემს ეთნიკურ აფხაზთა უმრავლესობა.

საწესჩვეულებო ლოცვაში მონაწილეობს ყველა, ვისაც გულწრფელად სწამს უზენაესის არსებობა და შვიდი წმინდა სალოცავის ძალა. ეს არის ლოცვა ხალხში თანხმობისა და მშვიდობისათვის, განხეთქილებისა და ურთიერთდაპირისპირების თავიდან აცილებისთვის. –  აღნიშნა ზანთარიამ – ტრადიციულ წარმართულ ანიხუარას ათასწლოვანი ისტორია აქვს და   უფრო ძველია, ვიდრე მართლმადიდებლური ტრადიციები, რომლის ფესვებზეც არის  აღმოცენებული ჩვენი ქრისტიანული კულტურა.

წარმართული  ლოცვის რიტუალს ესწრებოდნენ დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

წინა სტატიაუკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
შემდეგი სტატიააგვისტოს ომი აფხაზური რაკურსით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური