სოხუმში ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავენ

0
654

დღეს სოხუმში აღინიშნება აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ე.წ.სახელმწიფო დროშის დღე. ეს დროშა ,,რესპუბლიკის პარლამენტმა'' დაამტკიცა 23 წლის წინათ, 1992 წელის 23 ივლისს, როცა შეჩერებულ იქნა აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუცია  და აღდგენილ იქნა 1925 წლის კონსტიტუცია.

ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ე.წ აფხაზურ დროშაზე დატანილი ნიშნები და სიმბოლოები წარმოშობით ქართულია და შუა საუკუნეებიდან მოდის, თუმცა კი სულ სხვაგვარად არის ინტერპრეტირებული სეპარატისტების მიერ.

როგორც ცნობილია, აფხაზური დროშა შედგენილია ოთხი მწვანე და  სამი თეთრი  ზოლის მონაცვლეობით, რაც, აფხაზთა ახსნით, გამოხატავს ერთობას ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკისა, რომელიც შეიქმნა რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შვიდი ე.წ. ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის გაერთიანებით და მალევე იქნა ანექსირებული რუსული წითელი არმიის მიერ, ხოლო ზოლების  ფერები სიმბოლურად გამოხატავს ისლამსა და ქრისტიანობას.

დროშაზე გამოსახულია  შვიდი ვარსკვლავი, რაც აღნიშნავს აფხაზ ერს, უფრო ზუსტად აფხაზეთის შვიდ რეგიონს საძენს, ბზიფს, გუმაას, აბჟუასა, სამურზაყანოს, ცაბალსა და ფსხუ-აიბგას.  გაშლილი ხელის გული დროშაზე აფხაზური ინტერპრეტაციით ატარებს შინაარსს ,,გამარჯობა მეგობრებო, შეჩერდით მტრებო!“’ .

აფხაზი ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მათი სიმბოლო ეფუძნება შუა საუკუნეების (მეშვიდე – მეათე საუკუნეები) არაქართული სახელმწიფოს – აფხაზეთის სამეფოს დროშას, თუმცა ისტორიული წყაროები სულ სხვა რამეს მეტყველებენ.   

ყველა დოკუმენტი და აღმოჩენილი მასალა, პალეოგრაფიული იქნება ის, თუ მატიანური, ადასტურებს, რომ ეს დროშა მცირედი სახესხვაობით ეკუთვნოდა ეგრის-აფხაზეთის სამეფოს (786-978 წ.წ.), რომელიც ტიპური ქართული სახელმწიფო იყო და თავის დროზე  კოლხეთისა და ლაზიკის მსგავსად, დასავლეთ საქართველოს ერთეულს წარმოადგენდა. მაშინდელი აფხაზეთის სამეფო, როგორც ადმინისტრაციულ – ტერიტორიული მოწყობის, ისე ეკლესიისა და პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით ორიენტირებული იყო საერთო ეროვნულ ღირებულებებზე, რისკენაც ისწრაფოდა  აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთელი მოსახლეობა.

ისტორიულ წყაროებში ამ კუთხის სამეფო დინასტიები – ლეონის სახლი და შავლიანები, ასევე ნობილიტეტი ( თავადაზნაურობა) ქართველები იყვნენ და ტერმინი ,,აფხაზი’’ ნიშნავდა ქართველს, საქართველოს ერთერთი კუთხის მკვიდრს და არა ქართველისგან განსხვავებულ ეროვნებას . აფხაზეთის სამეფო ქართული ქვეყანა იყო, ქართული სახელმწიფო ენით, ქართული ღვთისმსახურებით და სხვა მახასიათებლებით, რაშიც მხოლოდ სეპარატისტ აფხაზ მეცნიერებს შეაქვთ ეჭვი.

აფხაზეთმა უდიდესი როლი შეასრულა ზოგადქართული ქრისტიანული  სახელმწიფოს მშენებლობაში, რაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გასაკვირი და აუხსნელი იქნებოდა  აფხაზებისგან (თანამედროვე სეპარატისტული  გაგებით), რომელნიც წარმართები იყვნენ მაშინაც და ნაწილობრივ დღემდე ( თუ ათეიზმზე არ ვილაპარაკებთ).

დასკვნა ერთია, აფხაზმა სეპარატისტებმა უბრალოდ მიისაკუთრეს ძველი ქართული ნიშნები, მათ შორის ხელისგული, რომელიც უძველესი დროიდან გამოიყენებოდა საქართველოში და დღემდე შემორჩა უძველეს კოშკებსა და ეკლესიების კედლებზე, რომ არაფერი ვთქვათ ისტორიულ რუკებზე, რომელთა ავტორები  უცხოელი კარტოგრაფები არიან.

ყველაფერი ამტკიცებს, რომ ეს ხელისგული არის სიმბოლო ძალაუფლებისა, რაც ქართულ სამყაროსთან არის დაკავშირებული და ევროპის უძველეს ბიბლიოთეკებსა და წიგნსაცავებში დაცულ დოკუმენტებში გვხვდება.

ევროპელებმა, განსაკუთრებით გენუელებმა, უამრავი წერილობითი წყარო და დოკუმენტი დატოვეს იმის დასტურად, თუ ვის ეკუთვნოდა იმდროინდელი აფხაზეთი და დღევანდელი სეპარატისტული რეგიონის დროშაზე გამოსახული სიმბოლოები – გაშლილი ხელისგული და თეთრ-მწვანე ზოლები.

XIII- XIV საუკუნეებით დათარიღებულ პორტოლანებზე ანუ საზღვაო რუკებზე, რომლებიც გენუელების მიერ არის შედგენილი, საქართველოს სამეფო ძალაუფლების გრაფიკულ სიმბოლოდ მარჯვენა ხელისგულია გამოსახული, ერთერთი პორტოლანის გენუური მინაწერი ამბობს, რომ სოხუმი, გაგრა და გონიო, რომელიც ხელისგულით არის მონიშნული, არის ,,საქართველოს დიდი მეფის მამულები“. ხელისგულით არის მონიშნული პრინც დადიანის რეზიდენციის ადგილი გილერმო სოლერის პორტროლანზეც, ამასთან XIV საუკუნის არაბი ისტორიკოსი ალ მუჰიბი პირდაპირ წერს, რომ ,,ქართველებს ჰყავთ ორი მეფე, ერთი დავითი, რომელსაც ტახტი თბილისში უდგას, და დადიანი , რომელიც მართავს სოხუმსა და აფხაზს’’ (ასე უწოდებს ალ მუჰიბი  ნიკოფსიას),  და ამ უკანასკნელის სამფლობელოს მოსანიშნად იგი ხელისგულის გრაფიკულ გამოსახულებას იყენებს. 

ისტორიული წყაროები მოწმობს, რომ მცდარია მწვანე და თეთრი ზოლების დაკავშირება ისლამთან და ქრისტიანობასთან,  აფხაზეთი რუსების განბატონებამდე არასოდეს ყოფილა ე.წ. მთიელთა კავშირის წევრი და, შესაბამისად, აბსურდულია სეპარატისტთა მტკიცება იმის შესახებ, რომ ეს

ზოლები, უფრო ზუსტად ზოლების ფერთა სიმბოლიკა რელიგიურია.

 ფლორენციაში, პრინც კორსინის ბიბლიიოთეკაში, აგრეთვე პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ბრიტანეთის ეროვნულ საცავში დაცულ XIV საუკუნით დათარიღებულ  სამ უძველეს უნიკალურ რუკაზე, რომელთაგან ერთერთი ცნობილ მალიორკელ კარტოგრაფს  ანჯელინო დულჩერის ეკუთვნის, სოხუმის თავზე მონიშნულია დროშა  მწვანე და თეთრი ზოლებით.

ერთერთ რუკაზე სოხუმის თავზე ხუთჯვრიანი დროშა შეერთებულია მწვანე და თეთზოლებიან ალამთან და კავკასიონის მთების გასწვრივ აწერია Georgianas ანუ საქართველო. მესამე პორტოლანზე ორივე ალამი  მწვანე-თეთრ ზოლებიანიცა და ხუთჯვრიანიც არის გაერთიანებულია და აღნიშნავს, რომ სოხუმი არის ცენტრი  საქართველოს მეფის მიერ ერისთავად დანიშნული  დადიანის საერისთავო ქალაქისა.

 ამგვარად, სეპარატისტული მტკიცება იმის შესახებ, რომ მწვანე და თეთრი ფერები გამოხატავს რელიგიურ ტოლერანტობას ქრისტიანობასა და ისლამს შორის და დაკავშირებულია ჩრდილო კავკასიასთან,  მოგონილი ვერსიააა. 

ზოლებიანი დროშის ერთობა ხუთჯვრიან დროშასთან ნათლად მიუთითებს სეპარატისტული ინტერპრეტაციის აბსურდს რელიგიურ დეფინიციასთან დაკავშირებით.

 იტალიელები , კერძოდ გენუელი ზღვაოსნები და ვაჭრები საზოგადოდ განთქმულნი მაქსიმალურად ზუსტი მონაცემების შეგროვებითა და აღწერით, ამიტომ სწორედ მათი მონაცემებით სარგებლობდნენ ევროპაში არსებული სხვადასხვა კატროგრაფიული სახელოსნოები. ამდენად არ არსებობს საფუძველი დეჭვი შევიტანოთ მათ მიერ სხვადასხვა წელს გამოცემული რუკების უტყუარობაში და მით უფრო ქართული მხარისადმი მიკერძოებულობაში.

1439 წლით არის დათარიღებული  ებრაული წარმოშობის კატალონიელი კარტოგრაფის-გაბრიელ დე ვალსეკას პორტოლანი,  რომელიც დაკავშირებული იყო იმდროინდელ ერთ-ერთ საუკეთესო კარტოგრაფიის მარიორკულ სკოლასთან.  ხსენებული კარტოგრაფერის რუკაზე  საქართველოს ხუთჯვრიანი სამეფო დროშა შეერთებულია  მწვანე და თეთრ ზოლებთან და  მონიშნულია სოხუმში. პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება მის მიერვე შექმნილი 1447 წლით დათარიღებული პორტოლანი, რომელიც  ზუსტი გამეორებაა 1439 წლის რუკისა.

უწინდელ რუკებს სრულად ეთანხმება  1456 წელს იაკობ ბერტრანის  მიერ  ბარსელონაში შექმნილი პორტოლანი,  რომელზედაც სოხუმი მონიშნულია როგორც Sebastopolis-Poto megrelo, ანუ სამეგრელოს ნავსადგური და რომელზედაც გამოსახულია ხუთჯვრიანი დროშა 7 მწვანე და თეთრ ზოლთან ერთად.

მეტად საყურადღებოა ვენეციელი დიპლომატის და მოგზაურის ჯოსაფათ ბარბაროს თხზულების – “მოგზაურობა  ტანაში” ერთი  მონაკვეთი.  ბარბარომ, რომელმაც XV საუკუნის მეორე ნახევარში, დიპლომატიური მისიით იმოგზაურა კავკასიის რეგიონში და აქ რამდენიმე  წელიწადი  დაჰყო,  დაგვიტოვა  უმნიშვნელოვანესი  დოკუმენტი, რომელიც მეტად საყურადღებოა კავკასიის ისტორიის შესწავლისათვის. კერძოდ, ბარბარო წერს, რომ სამეგრელო ესაზღვრება კაიტაღებს, რომლებიც კავკასიის მთების მახლობლად ბინადობენ… ამქვეყნის მმართველს ჰქვია ბედიანი, მას შავ ზღვასთან აქვს ორი ციხე სიმაგრე, ერთს ჰქვია ვატი, ხოლო მეორეს -სებასტოპოლი

შეგახსენებთ, რომ ვატი დღევანდელი ბათუმია, სებასტოპოლი – სოხუმი, რომელიც იმ დროს ბედიანის (დადიანის) საერისთაოში (სამეგრელო) შედიოდა. 

ამასთან დაკავშირებით უნდა ვახსენოთ ევროპის ბიბლიოთეკაში დაცული ერთი უნიკალური რუკა,  რომელიც  ბევრ  დეტალს  ჰფენს  ნათელს.  ეს არის ბატისტა ანგეზის 1540 წლით დათარიღებული კარტოგრაფიული  ნამუშევარი,  რომელიც ერთდროულად მოიცავს საზღვაო და სახმელეთო წერტილებს  და გასაოცარი სიზუსტით აღწერს კავკასიის რეგიონს, კერძოდ: MEGRELIA REGI – ს (სამეგრელოს რეგიონს),  რომელსაც განაგებდა დადიანის (ბედიანის) დინასტია. ამ ავტორის ცნობით, რეგიონის ცენტრი იყო  სოხუმი, სადაც დომინანტი მოსახლეობა ქართველობა იყო. ამას მოწმობს  1543 წლით დათარიღებული   კიდევ ერთი პორტოლანი  პარიზის  ნაციონალური  ბიბლიოთეკიდან, რომლის ავტორი ზემოხსენებული ბატისტა ანგეზია და    ნათლად გვიჩვენებს დადიანის სამფლობელო-სამეგრელოს მაშინდელ საზღვრებს.

 რაც შეეხება ჩრდილო კავკასიას, ბატისტა ანგეზის რუკაზე  ყუბანის აუზში  მონიშნულია ABACVAS REGI,  რომლის ცენტრი არის აყუა. ეს ადასტურებს ბარბაროს და სხვათა აღწერას  და ნათლაც აჩვენებს სად იყო  პირველსამშობლო  თანამედროვე აფხაზებისა, რომლებმაც ამ ამბებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ შეაღწიეს საქართველოს სამეფოს მიწებში, დაეპატრონნენ მას და    დღევანდელ სოხუმს უწოდეს მანამდე ჩრდილო კავკასიაში არსებული საკუთარი რეგიონის ცენტრის სახელი. . 

იმავე ხანაში გამოშვებულ სხვა  საზღვაო რუკებზეც დადიანის საერისთავო (Mengrelia) გადაჭიმულია ტუაფსემდე (ქართული სახელმწიფოების საზღვარი მთელი ისტორიის განმავლობაში).

წინა სტატიასტიქია კახეთში
შემდეგი სტატიაელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური