ბეგლარ ელბაქიძე საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება. ის 10,5 კილომეტრის გადაცურვას ხელების გამოყენების გარეშე შეუჩერებელი ცურვით აპირებს.
რეკორდსმენი ამბობს, რომ კონკურენტი მსოფლიოში არ ჰყავს, მანძილს კი დაახლოებით 5 საათში დაფარავს. მარათონმა სტარტი 10 საათზე ახალი ბულვარიდან აიღო და ანბანის კოშკთან დასრულდება. ბეგლარ ელბაქიძის მცდელობა დამყაროს მორიგი რეკორდი კოლხურ ცურვაში ემსახურება «მხედრული კოლხურით» ცურვის პოპულარიზაციას მსოფლიოში იმ განზრახვით, რომ პერსპექტივაში ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატები და საერთაშორისო შეჯიბრებები წყალმაშველებს, სამხედროებს და სხვა სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შორის.
შეგახსენებთ, ხელების გამოყენების გარეშე ცურვა ერთერთია ჰენრი კუპრაშვილის მიერ გაცოცხლებული ცურვის უნიკალური სახეობებიდან „ლაზური“, ანუ „თავისუფალი კოლხური“ , „ხელფეხშეკრული კოლხური“ და სხვა
მას 1960-იანი წლების დასაწყისში, ანაკლიის მახლობლად სოფ. ერგეტაში, მეგრელი ბერიკაცის ლევან ქურსუასგან (1887-1969) ჩაუწერია ლეგენდა, რომ უძველეს დროში კოლხი (ლაზი) მეომრები სამხედრო მომზადების დროს იყენებდნენ ხელფეხშეკრული ( ხე დო კუჩხ აკოკირილო, ხე აკობორკილო) ყაიდით ცურვას, როგორც მეომრული სულის გაღვივების შესაძლებლობას და ასევე ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში, აძლევდა მათ შანსს (მაგალითად, თუ გემიდან წყალში გადახტებოდა ადა ა.შ.), ხელფეხშეკრულსაც დაეღწია თავი.
როგორც ჰენრი კუპრაშვილის ნაშრომშია ნათქვამი, თუ ადამიანი წყლის სტიქიისადმი ბუნებრივ შიშს (წყლის სტიქიის პირისპირ ადამიანის ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში ყოფნა ინსტინქტურად სიკვდილისადმი ბუნებრივ შიშს იწვევს) ხელფეხშეკრული დაძლევს ანუ მარად თანმდევ ამ დამთრგუნველ სინდრომს დაამარცხებს, ცხადია, მისგან ძლიერი მებრძოლი დადგება და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყოველგვარ წინააღმდეგობას ადვილად გადალახავს, რა მდგომარეობაშიც არ უნდა მოექცეს'' (ჰენრი კუპრაშვილი. ქართული ცურვა. სახელმძღვანელო. მეორე გამოცემა. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ქუთაისი. 2005)
დღეს ცურვის კოლხურ–იბერიულ ჯგუფი მასში შემავალი რვა სახეობით აღიარებულია როგორც მსოფლიოში ცნობილი ტრადიციული ცურვისგან განსხვავებული, სრულიად განსაკუთრებული სახეები. მათი საერთო მახასიათებელია ცურვისა და სუნთქვის ტექნიკა, ცურვის დროს ხელების უმოძრაო მდგომარეობა და თავისებური ჰიდროდინამიკური წინააღმდეგობის წარმოშობა.
,,მხედრული კოლხური'' ცურვა ინერგება სამხედროებსა (ქართულ ძალოვან სტრუქტურებში) და წყალმაშველებში (საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურებში), როგორც მეომრის ფსიქოლოგიური მომზადებისა და მასში მებრძოლი სულის, წინააღმდეგობის დაძლევის უნარების გაძლიერების საშუალება.
სწორედ ამას გულისხმობდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაცემა „შუსტერ ლაივში“ გამოსვლის დროს: ,,იცით, მე ნახევრად მეგრელი ვარ – არის ასეთი კუთხე საქართველოში, ძველი კოლხების და იქ ერთი ასეთი ტრადიცია აქვთ: ხელფეხს შეგიკრავენ და გაგდებენ ღრმა წყალში, თან გეუბნებიან: „გაცურე!“ ჩვენი წინაპრები ახერხებდნენ ცურვის სწავლას ამ მეთოდით, მაგრამ ამას დრო სჭირდება, რაც ჩვენ, უკრაინაში, არ გვაქვს. ამიტომ, საჭიროა არა ის, რომ მე ხელ-ფეხი მქონდეს შეკრული, არამედ – პირიქით… ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოვა!“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.