მთავარისიახლეებისაიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

Published on

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველი სამხედრო ტყვეების წამებასა და მკვლელობას ეხება. საქმეში მომჩივნების ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) და ნიდერლანდური ორგანიზაცია Stichting Justice Initiative წარმოადგენდნენ.

სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევა დააკისრა, როგორც მატერიალური, ისე საგამოძიებო (პროცედურული) ნაწილში.

საქმის ძირითადი ფაქტები:

საქმე ეხება 2008 წლის ომის დროს სამი ქართველი სამხედრო ტყვის — უშანგი სოპრომაძის, კახაბერ ხუბულურისა და საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის წამებასა და სიცოცხლის აღკვეთას ცხინვალის რეგიონში, ასევე სხვა ქართველი ჯარისკაცების (მალაჩინი, ზირაქაშვილი, ქუტაშვილი, კავთიაშვილი, მელაძე) სასტიკ წამებასა და დამცირებას ტყვეობაში.
დაზარალებულთა წამებისა და იძულებითი სამუშაოების (თანამებრძოლებისთვის საფლავების გათხრა) ამსახველი არაერთი ვიდეომასალა მოგვიანებით ინტერნეტშიც გავრცელდა. ტყვეების ცხედრები ქართულ მხარეს 2008 წლის ნოემბერში გადაეცა და მათი ვინაობა დნმ-ის ანალიზით დადგინდა.
სასამართლოს მიგნებები:

რუსეთის იურისდიქცია: სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა „ეფექტიან კონტროლს“ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რის გამოც მასზე ვრცელდებოდა პასუხისმგებლობა სამხედრო ტყვეების უფლებების დარღვევაზე.
უფლებების დარღვევა: რუსეთის ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ტყვეების სიცოცხლის დაცვა და მათი წამების აღკვეთა. გარდა ამისა, რუსულ მხარეს არ ჩაუტარებია ეფექტიანი გამოძიება მომხდარ ფაქტებზე.
კომპენსაცია: სასამართლომ მომჩივნებს არამატერიალური ზიანის ანაზღაურება მიაკუთვნა იმ ნაწილში, რომელიც აქამდე არ ყოფილა ანაზღაურებული დიდ პალატაში განხილული სახელმწიფოთაშორისი საქმის (საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II) ფარგლებში, რათა გამოირიცხოს ორმაგი კომპენსაცია.

სიახლეები

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...