ფოთის ბაზრობის დაზარალებული მოვაჭრეები პოლიციაში გამოკითხეს. როგორც ერთ-ერთი მოვაჭრე შორენა თვალთვაძე აცხადებს შეკითხვები ეხებოდა ხანძრის დეტალებს.
"ჩვენ გავაცანით ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიგვაჩნია, ბაზრობა დაწვეს. გვკითხეს ზარალზეც – მე პირადად, 100 000 ლარით დავზარალდი", – აღნიშნა თვალთვაძემ.
მისივე თქმით, რადგან ბაზრობის ადმინისტრაცია მოვაჭრეებს დახმარებას დაპირდა, ჯერჯერობით აქციებს წყვეტენ.
რაც შეეხება ბაზრის ადმინისტრაციის პოზიციას, დღეს ამის შესახებ განცხადება გააკეთა სავაჭრო ცენტრის მეპატრონემ ნოდარ კორსანტიამ, რომელიც დღეს დილიტ დაზარალებულებს შეხვდა.
მისი თქმით, ისიც მოვაჭრეების მსგავსად დაზარალებულია.
„მოლაპარაკებებს ვაწარმოებ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა მთავრობისგან კომპენსაცია მივიღო. თუ რამე ამინაზღაურდება, ყველას გაგინაწილებთ. იცოდეთ, რომ თქვენს გვერდით ვარ. კანონის ფარგლებში ვიმოქმედებ და პასუხისმგებლობას არ გავექცევი.დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით გამოსავალს ვიპოვით“, -განაცხადა ნოდარ კორსანტიამ.
ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან მოლაპრაკებები მიმდინარეობს, რათა დაზარალებულებს შეღავათი გაეწიოთ. საუბარია ბანკის სესხების გადავადებაზე.
მათივე ინფორმაციით, პოლიციიდან ნებართვის მიიღებისთანავე, მერიის შესაბამისი სამსახურები დამწვარი ტერიტორიის დასუფთავებას დაიწყებენ.
გუშინ, ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. დაზარალებულებს საკუთარი ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონდათ. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.