კლინიკები ვალდებული ხდებიან, მოქალაქეს გაუწიონ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ყველა შემთხვევაში, თუკი მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
სამედიცინო დაწესებულებებს კანონით დაეკისრებათ ეს ვალდებულება და, შესაბამისად, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონსა და “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები .
ცვლილებები გამოწვეულია აუცილებლობით, რომელიც შეიქმნა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან, მას სემდეგ, რაც კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირები ვეღარ სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურებებით.
როგორც პროექტის ერთერთმა ავტორმა სოფიო კილაძემ განმარტა, აღნიშნულმა წარმოქმნა გარკვეული პრობლემები სამედიცინო სერვისების მიღებისას იმ შემთხვევებშიც, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული დაზღვეული პირის ბრალეულობა დაზღვეულის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში.
“დღეს მოქმედი კანონი ექიმს ავალდებულებს, აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს მისი უწყვეტობა, თუ გამოხატულია სიცოცხლისათვის საშიში, მათ შორის, თვითმკვლელობის მცდელობით განპირობებული მდგომარეობა ან პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ექიმის სამუშაო ადგილზე, თუმცა კანონში არსადაა ნახსენები სამედიცინო დაწესებულების მსგავსი ვალდებულების შესახებ. როგორც წესი, ექიმი სწორედ სამედიცინო დაწესებულების პოლიტიკის გამტარად გვევლინება. შესაბამისად, კერძოდ დაზღვეული პაციენტი შეიძლება აღმოჩნდეს დაუცველი, როდესაც მას მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება და ჯერ არ არის გარკვეული მისი ბრალეულობა. ბრალეულობის დადგენის პროცესი კი, შესაძლებელია რამდენიმე კვირა ან სულაც რამდენიმე თვე გაგრძელდეს. კერძო დაზღვევა მას მსგავს შემთხვევებს ამ პერიოდის განმავლობაში არ უნაზღაურებს. არსებობს რისკი, რომ სამედიცინო დაწესებულებამ უარი თქვას მის მიღებაზე დაზარალებულის ფინანსური რესურსების არქონის გამო. პრაქტიკაში გვხვდება ასეთი შემთხვევები“, – ითქვა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.