მთავარიUncategorizedფარული მიყურადება, ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში დამონტაჟებული ვიდეოჩამწერი

ფარული მიყურადება, ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში დამონტაჟებული ვიდეოჩამწერი

Published on

პროკურატურის განცხადებით, კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.

“საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. საზღვრის ხაზზე შეთანხმებისას ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად იყენებდნენ 1970-იან და 1980-იან წლებში გამოცემულ 1:100 000-იანი და 1:50 000-იანი მასშტაბის რუკებზე არსებულ საზღვრის ხაზს, რომელიც სახელმწიფოთა შორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან”, — აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების თქმით, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტი ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით აღიჭურვა.

“გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელდა ბრალდებულ ი.მ.-ს სამუშაო კაბინეტის აღჭურვა ფარული ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობით. აღნიშნულის შედეგად გამოძიებამ მტკიცებულების სახით მოიპოვა ი.მ.-სა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ-ს შორის გამართული საუბარი, რომელიც რამოდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით-გარეჯის მიმდებარედ, საქართველოს ინტერესების საზიანოდ საზღვრის შეთანხმების საკითხს შეეხება”, — ამბობს პროკურორი.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული საუბარი 2020 წლის 28 სექტემბერსაა მოპოვებული.

“მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ვინაიდან საგამოძიებო უწყების მიერ მოცემული ეტაპისათვის უკვე განხორციელდა ფარული აუდიო-ვიდეო მასალის განსაიდუმლოება, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნული მტკიცებულების თაობაზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფარული ვიდეოჩანაწერი მოპოვებულია სასამართლოს ნებართვის საფუძველზე ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში 2020 წლის 28 სექტემბერს, ამ უკანასკნელის დაკავებამდე. ბრალდებულ ივერი მელაშვილისა და ნ.მ.-ს საუბარი შეეხება საქართველოს საზღვრის რამდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს, კერძოდ მე-17 არხის, დავით გარეჯის და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს”, — აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებში ბრალდებული ივერი მელაშვილი ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას დავით გარეჯის მიმედბარედ ქართულმა მხარემ საქართველოს თავდაპირველი პოზიცია უარყო.

“ფარულ ჩანაწერებში ბრალდებული ივერი მელაშვილი ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას დავით გარეჯის მიმდებარედ ქართულმა მხარემ უარყო საქართველოს თავდაპირველი პოზიცია, რაც საზღვრის უდაბნოს მთის ძირში გატარებას გულისხმობდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. მან მიღებული დავალების შესაბამისად, თავდაპირველი შეთავაზების საწინააღმდეგოდ დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მონაკვეთის შეთანხმება მოახდინა უდაბნოს მთის თხემზე. ბრალდებული საუბარში, ასევე, აცხადებს, რომ იგი წინააღმდეგი იყო დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მოცემული მდგომარეობით შეთანხმებაზე, მას არ მიაჩნდა სწორი აღნიშნული, თუმცა მიუხედავად ამისა, ივერი მელაშვილი ხელს აწერს შეთანხმების ოქმს, რის შედეგადაც დასახელებული მონაკვეთი ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ და საზიანოდ შეთანხმდა. რაც შეეხება მე-17 სარწყავი არხის მონაკვეთს, ივერი მელაშვილი აღიარებს, რომ დასახელებული მონაკვეთიც, დავით გარეჯის მონაკვეთის მსგავსად, ჩვენი ინტერესის საზიანოდ იქნა შეთანხმებული. გარდა აღნიშნულისა, ფარულ ჩანაწერებში საუბარია შეთანხმებულ მე-4 ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთზე, რომელიც, ასევე, ქართული მხარის თავდაპირველი პოზიციის საწინააღმდეგოდ შეთანხმდა და ამას ბრალდებული ტექნიკურ შესწორებად მოიხსენიებს, თუმცა საზოგადოებას შეუძლია ნათლად იხილოს, თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა საქართველოს თავდაპირველ პოზიციასა და საბოლოოდ შეთანხმებულ მონაკვეთს შორის”, — ამბობენ უწყებაში

სიახლეები

დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?

უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე - ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების...

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...