ზვიად გამსახურდიამ სამხედრო ფორმები საჩხერის ბატალიონს ,,მთვარის ნიშნობის'' ჰონორარით უყიდა – ქართული არმია იწყებოდა ასე.
შემდეგ იყო არნახული სიყვარული ჯარისკაცებისადმი, რომელთაც შინდისფერი, საქართველოს დროშის ფერი ბერეტები ეხურათ და სადაც კი გამოჩნდებოდნენ, მოხუცები დალოცვას, გოგონები ყვავილებს და აღტაცებულ მზერას აყოლებდნენ.
ზვიად გამსახურდიამ ჩაიბარა პირველი აღლუმიც, რომელიც ეროვნული სიამაყის დემონსტრაციად იქცა. ხალხმა უკვე მაშინ იცოდა, რომ ამ ბიჭებს მტერი დიდხანს არ აცლიდა მშვიდობიან რეჟიმში ყოფნას, მაგრამ იმას, რაც მოხდა,ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე კოლაბორაციონისტების ბანაკიდანაც კი – სულ მალე არმიის დიდმა ნაწილმა გატეხა ქვეყნისა და მისი თავისუფლების სიმბოლოსადმი – პრეზიდენტისადმი მიცემული ფიცი და წყვდიადში ჩაძირა ქვეყანა, რაც შეეხება საჩხერის ბატალიონს, რომელზედაც განსაკუთრებულ იმედებს ამყარებდა პრეზიდენტიცა და ხალხიც, გადამწყვეტ მომენტში ჩააბარა სატელევიზიო ანძა, რამაც ფაქტობრივად გადაწყვიტა თბილისის ომის ( ამასაც მოვესწარით) ბედი, ბატალიონს ამ დროს მათ ზვიად გამსახურდიას ჯიბის ფულით ნაყიდი ის ფორმები ეცვათ…
მერე იყო აფხაზეთი, სადაც ქართული არმია მთავარსარდალმა შევარდნაძემ სავსებით შეგნებულად და წინასწარგანზრახულად აქცია საზარბაზნე ხორცად, მერე იყო მშიერი არმია, ლანჩაგამძვრალი ფეხსაცმელი, დაკერებული სამხედრო ფორმები, მოშლილი დისციპლინა, ბაბულიკების პარპაში , დეზერტირობა… მაგრამ არმია ცოცხლობდა და სამხედრო ღირსების მქონე ვაჟკაცების ( სარდლობა იქნებოდა ეს თუ რიგითი კაპრალი და ჯარისკაცი) წყალობით მიიტანა სული 2003 წლამდე, როცა დაიწყო თვისობრივად ახალი ქვეყნის მშენებლობა.
არმიის გარდაქმნას (ფაქტობრივად ეს ახალი არმიის შექმნა იყო) სათავეში ჩაუდგა სრულიად სხვა მოწყობისა და რწმენის ხალხი, რომელიც თავის თავში აერთიანებდა თითქოს შეუთავსებელს – პრაგმატულ სახელმწიფოებრივ აზროვნებას და იდეალიზმს – ქართული არმია შედგა. და ამ იდეალისტების სულისკვეთება ინერციით ამოძრავებს მას წინ დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ თავად იდეალისტები ახლა ციხეებში და დევნილობაში არიან. დღევანდელი დღე მათია, მათ მიერ შექმნილი ზეიმი , თუმცა მათ დღეს ვერავინ ნახავს სადღესასწაულო ღონისძიებებზე და როგორც იტყვიან, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული…
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 26 წლის იუბილე აღინიშნება.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებები ორ ლოკაციაზე – ქალაქ გორში დისლოცირებულ I ქვეით და ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადებში გაიმართება.
„გორში სამხედრო ქვედანაყოფში დაგეგმილ ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრებიან. ვაზიანში კი, შეიარაღებული ძალების დღეს სამხედროებს, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი მიულოცავს.
ვაზიანში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრებიან“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.