ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში პნევმონიის დიაგნოზით გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია ამჯერად ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს წინ გამართეს. შეკრებილებს პოლიციის შენობის წინ გზა რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა პარალიზებული იყო.
თუმცა მალევე, ადგილზე სამართალდამცავები გამოჩნდნენ, რომლებმაც გზის გახსნა სცადეს, თუმცა მათ მოთხოვნებს გარდაცვლილი ცირგაიას დედა არ დაემორჩილა და გზის სავალ ნაწილზე გაწვა.
სამართალდამცავებმა აქციაზე გარდაცვლილის დედა – ირინა წურწუმია, გარდაცვლილის და, დეიდა და მეზობელი დააკავეს. ისინი სამართალდამცავებმა პოლიციის სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, ოთხივე დაკავებული გაათავისუფლეს. პოლიციის სამმართველოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ, გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული საქმის გამოძიება დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. მისივე თქმით, სამართალდამცავები მას კარგად მოექცნენ და საუბარიც მშვიდ გარემოში წარიმართა.
19 წლის გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში დღეს დილითაც გამართეს. ოჯახის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ცირგაიას გარდაცვალების შემდეგ 5 თვე გავიდა, ამ დრომდე არ მიუღიათ ექსპერტიზის დასკვნა. გარდაცვლილის ოჯახი ასევე, მათი შვილის მკურნალი ექიმის მაია ჯალაღონიას სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის, ჩხოროწყუელი შოთიკო ცირგაია გასული წლის ნოემბრის თვეში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში პნევმონიის დიაგოზით მოათავსეს. ის მაშინ გარდაიცვალა, როცა ოჯახის სურვილით ზუგდიდიდან თბილისში გადაჰყავდათ.