მთავარისიახლეებიექსკლუზივიასე ნაცნობი უცნობი წისქვილი ...

ასე ნაცნობი უცნობი წისქვილი …

Published on

ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა''
 
 
ამბობენ, რომ სქიბუ, წისქვილი დროსაც ფქვავს, დროის წისქვილიც არს. დრო წყალთან არის დაკავშირებული, წყალი კი, მარადმედინი წყალი, შვიდ წელიწადში ერთხელ იძინებს. ამ დროს წისქვილი ჩერდება, დრო ჩერდება და, ვინც წყლის ძილს შეესწრება და ამ დროს წისქვილის ღარში ჩაყოფს ხელს, მარადისობას, ზედროულს  ეზიარება, თუ ცას შევეშვებით და მიწაზე დავეშვებით  –  ნატვრა აუსრულდება. ვისია ფქვილისფერი, ქვირა ცხენი და მისი პირქუში ( მუნაფაჯგუა) მხედარი   რომელიც ამ დროს  მნატვრელს ეცხადება? 
 
 
წისქვილი, ოქუმი, ისევე როგორც სამჭედლო, ერთ–ერთი ყველაზე საკრალური ადგილია ძველ ქართულ სოფელში. წყლის ჩუხჩუხი წისქვილის ღარში, ბორბლის ბრუნვა, დოლაბებისა და სარეკლის მონოტონური ხმიანობა, გარს მომდგარი ტყის მისტიკური ბუბუნი და ისიც, რომ წისქვილი განაპირა ადგილებში იდგმებოდა,  უხსოვარი დროიდან ქმნიდა ერთგვარ სიურეალისტურ ატმოსფეროს, რომელიც მიღმიერთან შეხების განცდას აღუძრავდა და ირეალური ფიქრებისთვის განაწყობდა ადამიანს.
 
წისქვილის საკრალიზაციაზე მიგვანიშნებს თუნდაც ის, რომ არსებობდა ცნება  ხატის წისქვილი – ხატიშ  წისქვილი, იგივე ოქუმ–ბედინერი, რომლის დაშლა ან მიტოვება ,,ვაშინერდ“ – არ ეგებოდა, თუნდაც ეს წყლის მიერ კალაპოტის ცვლასთან ყოფილიყო დაკავშირებული. წისქვილის ამგების, მეწისქვილის გარდაცვალების შემთხვევაში ეს საქმე აუცილებლად უნდა გაეგრძელებინა მის მემკვიდრეს, ხოლო წყლის დაშრობის შემთხვევაში სოფელს უნდა ეზრუნა, რომ საწისქვილე არხში გადმოეგდო ბორბლის დამბრუნებელი წყალი იმ ღელედან თუ მდინარის ტოტიდან, საიდანაც იგი ადრე იღებდა სათავეს. წისქვილის კარზე თუ კედელზე უსათუოდ იყო გამოსახული ჯვარი ან ბორჯღალო, ქიაჩი, იგივე მბრუნავი ჯვრის სიმბოლო, რომ წისქვილს ღვთის თვალი არ განშორებოდა და განეფრთხო ეშმაკეული
 
წისქვილის საკრალიზაცია დაკავშირებული იყო ძველი ღმერთების კულტთან, იქნებოდა ეს ნაყოფიერების ღვთაება, წყლის სტიქიის მბრძანებელი ძალები თუ ჭექა–ქუხილისა და სინათლის ღმერთი დადი.
 
რაკი სიტყვა სინათლეზე ჩამოვარდა, აქვე აღვნიშნავთ, რომ წისქვილი, სამჭედლოს მსგავსად, იყო ერთადერთი ადგილი, სადაც არასოდეს ქრებოდა შუქი. კოჭობი, რომელიც საღვთო ადგილების ატრიბუტი იყო შორეული ხანიდან, იმედად და ორიენტირად ეგულებოდა შორიდან მომავალ უცხო მგზავრსაც და სოფლის მკვიდრსაც, რომელსაც გარეთ შემოაღამდა.
 
ერთ–ერთ წინა ბლოგში, რომელიც მეგრულ იდიომებს ეხებოდა,  ჩვენ ვისაუბრეთ ქვის მნიშვნელობაზე სიმართლის ჭრაში, მოსამართლეც და ეჭვმიტანილიც ლოდზე დგებოდა (ქუას გერდ, ქუას ქუას მინოდვანდ) , რომ ნერჩი პატონის  (ფუძის ანგელოზის) მფარველობასა და  მიწიერ ვნებებს განშორებოდა და მხოლოდ ზეციური კანონებით განესაჯა და წარემართა თავისი ქმედება, ქვასავით ურყევი სიმართლის ამარა წარმდგარიყო ზეციური ძალების წინაშე. 
ქვატახტისა და ჩვენი დღევანდელი თემის გადაკვეთის მეტად მნიშვნელოვანი წერტილი დადიანებისა და სხუნუების (მსაჯულების) სამართალზე  უფრო შორს მიდის, უფრო შორეულ დროსა და რწმენა–წარმოდგენებს უკავშირდება. ეს არის ქვა, დოლაბი, რომელიც მეუფებისა და ძალმოსილების სიმბოლოს წარმოადგენს.
 
დადიანების, დადიების წარმომავლობა ღვთაება დადის, ჭექა–ქუხილისა და სინათლის ღმერთს ანუ ზევსის კოლხ წინამორბედს უკავშირდება. ღვთაება დადის ფუნქციები იგივე ვობის ფუნქციებია და ორივე ერთად აკუმულირებულია ყამარის მამის მითოსურ ხატში. ჩვენ დღეს ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, მაგრამ ის კი უნდა აღვნიშნოთ, რომ ამირანის ციკლის მითებსა და ლეგენდებში არის ვერსია, რომლის თანახმად, ყამარის მამას ქუდად წისქვილის დოლაბი, ღრუბლისფერი გელაზი ახურავს. სხვათა შორის, კავკასიის მთიელთა ზღაპრებში ჭექა–ქუხილის ღმერთს გელა ჰქვია. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ჭექა–ქუხილის ღმერთი რამდენიმე სხვა ხალხის რწმენა–წარმოდგენებში ზის დოლაბზე, რომელიც მის ქვეშევრდომებს უჭირავთ მხრებზე, ეს ყველაფერი ერთად კრავს წრეს დადიაშ ქუატახტიშ სიმბოლიკის ამ ახსნის გარშემო.
 
მაგრამ მოდით, დადიანების სასახლიდან ისევ წისქვილში დავბრუნდეთ, წისქვილში, რომელშიც თითქოს პრიმიტიულად არის მოცემული კოსმოგონიის აქტი, რომელშიც მონაწილეობს წყლის სტიქია,  მბრუნავ დოლაბში განსახიერებული მზე, მზის დისკო და … რა თქმა უნდა, მეწისქვილე, რომელსაც ქოჩორი თუ თმა–წვერი ფქვილით აქვს შეფერილი და როგორც წესია – ბრძენია, ღვთაებრივი სიბრძნის მატარებელი, რომლის განგრძობა დოლაბისა და წყლის ხმიანობაში ჩაშიფრული მიღმიერი სიტყვითა და ჩამოფქვის მოლოდინში ღამის მთეველ ადამიანთა მონათხრობით, ადამიანური ფიქრების, დარდისა და სიხარულის განსჯით საზრდოობს. მეწისქვილემ იცის ღვთაებრივი და ადამიანური საიდუმლოს შენახვა, რადგან იცის, რომ მისი გათქმა ისჯება ,,ვინც წისქვილში იღალატებს, მისი სულიც ჩვენ დაგვრჩება“.
 
რა თქმა უნდა, წისქვილზე ვერ ილაპარაკებ ეშმაკეულის ხსენების გარეშე, ეშმაკეულიც ხომ სულ წმინდა ადგილებს არის დადარაჯებული, უფრო სწორად, წმინდა ადგილის მოიმედე ადამიანს. და მეგრული წისქვილის მისადგომებთან სულ კუდიანები, ჭინკები და ქაჯები დაძრწიან, რომ გზა აურიონ მგზავრებს,  მესაფლავეებსა და  ცხენს  ზურგზე  ზურგზე ახტებიან,, მარცვლის ტომრებს უხვრეტენ, ჭკუიდან შლიან, გზიდან აცდენენ. ყველაზე გაბედულები წისქვილის ბორბალს ჯოხს ურჭობენ და აჩერებენ, ღარს  რაბებით კეტავენ, მეწისქვილეს ადამიანის ხმით იხმობენ გარეთ, რომ დოლაბს მოაშორონ….
 
ასეა ეს შედარებით ახლო საუკუნეების ზღაპრებშიც და კიდევ უფრო შორეული ხანის მითებში. სხვათაშორის, ჩვენებური დევის ქალები, როკაპები თითისტარად ხმარობენ უზარმაზარ ნაძვს, რომელსაც კვირისტავად დოლაბი  აქვს.
ამ მხრივ საინტერესოა, რომ  ჩვენი მაზაკვალები (კუდიანები) ტაბაკონაზე მიფრინავენ არა მხოლოდ ცოცხებზე და მგლებზე ამხედრებულები, არამედ  ქვის საწნახელში (ქუაშ ოჭნახუ) ან  ვეება ქვასანაყში – ქვინჯეში მსხდარნი. ამასთან ქვასანაყში მჯდარი კუდიანი ,,ტრანსპორტს’’ გვერდებზე ფილის ცემით   აჩქარებს, რის გამოც ირგვლივ ღამის ყიამეთში ნაპერწკლები იფრქვევა და საშინელ, ქვის ქვაზე ცემის საშიშარ ხმები გამოიცემა.
 
ჯადოსა და წამალ – საწამლავის მნაყავი კუდიანის ქვინჯეთი და ქუაოჭნახუთი ფრენა   იმ დროის გადმონაშთია, როცა ხორბალს და სხვა მარცვლეულს, მათ შორის სელსაც, წყლის წისქვილში ან ხელსაფქვავით – (სქიბუთი დო ხეშ სქიბუთი)  კი არ ფქვავდნენ, არამედ ნაყავდნენ ამოღრუნტულ დიდ ქვაში, ქვის როდინში (ქვინჯე, არვანი) ან  ბრტყელ  ქვაზე (ოკაკლე ქუა), პირველ შემთხვევაში ამას ქვის ცემით ნაყვა (კაკუა) ერქვა, მეორე შემხვევაში ხახუნით ნაყვა (ჯიკუა). 
 
მაგრამ ალბათ სჯობს უფრო მშვენიერი სურათით დავამთავროთ – ამბობენ, რომ სქიბუ, წისქვილი დროსაც ფქვავს, დროის წისქვილიც არის. დრო წყალთან არის დაკავშირებული, წყალი კი, მარადმედინი წყალი (მალწყარი) შვიდ წელიწადში ერთხელ იძინებს (წყარმალიშ მერულაფა). ამ დროს წისქვილი ჩერდება, შესაბამისად, დროც ჩერდება და,  ვინც წყლის ძილს შეესწრება, და ამ დროს წისქვილის ღარში ხელს ჩაყოფს, მარადისობას, ზედროულს  ეზიარება, თუ უფრო დაბლა დავეშვებით –  ნატვრა აუსრულდება.
 
ამბობენ იმასაც, რომ ამ დროს მნატვრელს ცხენის ჭიხვინი ჩაესმის, ეს დადის ცხენია, ნაცრისფერი, ფქვილისფერი ცხენი, რომელსაც მეგრულად   ,,ქვირა“ ქვია (ახლა ამ სიტყვას მეორე მნიშვნელობასც აქვს –  ცხენის ასაკობრივი სახელიც არის, მაგრამ თავდაპირველი მნიშვნელობა ფერს უკავშირდება).
 
მიძინებულ წყალთან და გაჩერებულ დროსთან უმხედრო ქვირა ცხენისა თუ ქვირა ცხენზე   ამხედრებული კაცის  გამოჩენა, რომელსაც დოლაბი ახურავს თავზე, ღრუბლისთავიანია (ღრუბლით თავდაბურული), მრისხანეა (მუნაფას ქოგუ – დღესაც იტყვიან განრისხებულ, პირქუშ კაცზე სამეგრელოში) უკავშირდება დადის კიდევ ერთ ხატებას,  რომლის თანახმად ის ცხენკაცია, ცხენისფეხება და თმებიც ფქვილისფერი აქვს (ქვირიშფერი) – ანუ  დოლაბის ფერი  (სქიბუშფერი),  ღრუბლისფერი (დუს მუნაფა გიორთუ ქუდო).
 
 ნათქვამია, ვისაც რა უნდა თქვასო, წისქვილმა ფქვასო. ჩვენ ამით დავამთავროთ.

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...