სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 5.6% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3.4%-ით გაიზარდა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
თევზეული (+18.1%)
ხორცი და ხორცის პროდუქტები (+9%)
პური და პურპროდუქტები (+6.9%)
ზეთი და ცხიმი (+4.8%)
ყავა, ჩაი, კაკაო – (+4.6%)
ბოსტნეული და ბაღჩეული (+0.4%).
საქსტატის მტკიცებით, წინა წლის სექტემბერთან შედარებით 4.3%-ით გაიაფდა ხილი და ყურძენი, 0.7%-ით შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული, ხოლო 0.6%-ით – მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები.
ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, ტრანსპორტზე ფასი – 18.7%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე – 6.2%-ით. სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 7.3%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – 9.2%-ით, ჯანდაცვა – 8%-ით, დასვენება, გართობა და კულტურა 2.9%-ით, ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა – 0.6%-ით.
საქსტატის დათვლით, ერთ წელში ფასი შემცირდა განათლებაზე – 12.5%-ით და კავშირგაბმულობაზე – 2.8%-ით. ასევე, 1.8%-ით გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.