მთავარისიახლეებისაზოგადოებაანდრია პირველწოდებული პირველად ლაზეთში, „ქვეყანასა მეგრელთასა“, შემოვიდა

ანდრია პირველწოდებული პირველად ლაზეთში, „ქვეყანასა მეგრელთასა“, შემოვიდა

Published on

 
გაიოზ მამალაძე
 
ხშირად გაიგონებთ, რომ „ანდრია პირველწოდებული საქართველოში პირველად აჭარაში შემოვიდაო“. ეს არ არის მართალი. ცნობილია, რომ იგი ხმელეთით მოგზაურობდა, ძირითადად, ამგვარად, სანამ აჭარაში შევიდოდა მას უნდა გაევლო სხვა ტერიტორია, რომლებიც აჭარას ესაზღვრება. აჭარის სამხრეთით და მერე დასავლეთით ლაზეთია. ლაზეთი კი ქართველებით იყო დასახლებული უძველესი ეპოქიდან. ლაზეთმა მისცა საქართველოს თვითდასახელება, ეთნონიმი. ადრე ლაზეთს ერქვა ქალდეა. მეცნიერების აზრით, ქალდეადან უნდა იყოს ნაწარმოები სიტყვა ქართლი (ქალდი-ქართი, ქალდუ -ქართუ, ქალდეველი- ქართუელი).
ლაზები ქართველების ღვიძლი ნაწილი არიან. თუ დავამხინჯებთ ისტორიას, ვიტყვით, რომ ანდრია საქართველოში, პირველად, აჭარაში შემოვიდა, ამით ვაწყენინებთ ლაზებს, ჩვენს სისხლს და
 ხორცს… ამგვარად მათზე უარს ვამბობთ. არადა ლაზები მაგარი ქრისტიანები და ქართველები იყვნენ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ტრაპიზონი ისტორიულად ქართული ქალაქია… ამ საკითხს ეხმიანება საქართველოს ისტორიული რუკების მოხაზვის თემაც, რის შესახებაც სხვა დროს ვისაუბრებთ (საკითხის უკეთ გასააზრებლად იხილეთ ჩემი რუკა: „საქართველოს თანამეგობრობა ხჳჳ საუკუნის დასაწყისში“, ამავე საიტზე).
სხვათა შორის, ამ საკითხს, ნებსით თუ უნებლიედ, იდეოლოგიურად, ეხმიანება საქართველოში ქალაქ ლაზიკის მშენებლობის საკითხი. სახელწოდება ძალიან მომწონს…
ადრე ძველი ლაზიკა არსებობდა დღევანდელი აფხაზეთის ჩრდილოეთით, სადღაც სოჭის ოლქის მიდამოებში. როცა საქართველო აღდგება თავის ისტორიულ საზღვრებში, იქ აშენდება ქალაქი სახელწოდებით – ახალი ლაზიკა.
ახლა კი გავიხსენოთ რას გვიამბობს „ქართლის ცხოვრება“ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის შესახებ. ავტორი, ამბის გადმოცემის დროს, ლაზეთისა და ქართლის მცხოვრებთ მწარედ აკრიტიკებს მათი წარმართული რელიგიის გამო („უგუნურება პირუტყუებრივი“), ეს პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, ამგვარი უარყოფითი დამოკიდებულება წარმართებისადმი გავრცელებული იყო მთელ ქრისტიანულ სამყაროში, ჩვენ გვაინტერესებს ფაქტი, ლაზეთი – საქართველოა.
ზემოთ ჩვენ ვახსენეთ 300 წმინდა ლაზი, რომელნიც შეეწირნენ ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებას და სამშობლოს. სინამდვილეში მათი რიცხვი გაცილებით მეტია. ერთი ნაწილი, 300 ლაზი მეომარი, გამაჰმადიანების პოლიტიკის წინააღმდეგ აჯანყებულნი და მთაზე გამაგრებულნი, შეიპყრეს რიცხობრივად გაცილებით მეტმა თურქებმა და გამაჰმადიანება მოთხოვეს. უარის გამო მათ თავები მოჰკვეთეს და მდინარეშე გადაყარეს. ამ ადგილს, მთას და მდინარეს ეწოდა დუდუკვეთა (თავისკვეთა), შემდეგ დამპყრობლებმა სხვა მთაზე მონასტრის ბერები შეიპყრეს და მათაც გამაჰმადიანება მოსთხოვეს. აქაც ქრისტეს ერთგულ ბერებსაც თავი მოჰკვეთეს. ამ მთას პაპათის (სამღვდელოთა) მთა ეწოდა. სიმბოლურია, რომ წმინდა ლაზების ხსენების დღე ემთხვევა საქართველოს ერთ-ერთი განმანათლებლის, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. 
ანდრია პირველწოდებულისა და მის მიერ საქართველოში მოხდენილი სასწაულებისა თუ სხვა
 საკითხების შესახებ სხვა დროს ვისაუბრებთ (ადრე შემოგთავაზეთ წერილი თემაზე, როგორ გამოაგზავნა ანდრია პირველწოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა საქართველოში).
ქართველებს ვულოცავთ ანდრია პირველწოდებულისა და 300 წმინდა ლაზის ხსენების დღეს. მათი ლოცვა ნუ მოკლებოდეს ჩვენს ოჯახებს და ჩვენს სამშობლოს. 
 
„ქართლის ცხოვრება“
(ნაწყვეტი)
მოვიდა … ანდრია ქალაქად ტრაპიზონად, რომელ არს სოფელი მეგრელთა, სადა-იგი დაჰყო ჟამი მცირედი, და იხილა უგუნურება პირუტყუებრივი მკჳდრთა შორის მის ქალაქისათა, განვიდა მიერ და შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგებად სახარებისა. რამეთუ კაცნი პირუტყუთა უუგუნურეს იყვნეს და არა იცნობდეს შემოქმედსა ღმერთსა, და ყოველსა საძაგელსა და არა-წმიდასა წესსა აღასრულებდეს, რომელი სათქმელადა-ცა უჯერო არს. და მრავალნი ჭირნი და განსაცდელნი დაითმინნა ურწმუნოთაგან, და შეწევნითა ღმრთისათა და წმიდისა მის ხატისათა ყოველნი-ვე მადლობით მოითმინნა, ვიდრემდის ყოველნი-ვე მოაქცივნა და მოიყვანნა სარწმუნოებად. რამეთუ ადგილსა, რომელსა დაასვენა ხატი ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისა, აღმოეცენა წყარო ფრიად შუენიერი და დიდი, რომელი-იგი ვიდრე დღეს-ცა დაუწეუედელად აღმოსდის. და შემოკრბეს ყოველნი-ვე ყოვლით-კერძო მკჳდრნი მის ქუეყანისანი, და ნათელ-სცა ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, და დაადგინნა მღუდელნი და დიაკონნი, და დაუდვა წესი და საზღუარი სარწმუნოებისა და აღაშენეს ეკკლესია შუენიერი სახელსა ზედა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისასა. და ვითარცა ენება წმიდასა მოციქულსა მიერ წარსლვა, ევედრებოდეს და არა უტევებდეს წარსლვად, არამედ ეტყოდეს: „უკეთუ შენ წარხვალ, ხატი ეგე ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა აქა დაგჳსვენე, სასოდ და მცველად ჩუენდა“. ხოლო წმიდამან მოციქულმან ანდრია შექმნა ფიცარი მსგავსი ზომისა და დასდვა ხატსა მას ზედა. და მეყუსეულად გამოისახა სახე უცვალებელი ხატისა მის და მისცა იგი მათ. ხოლო მათ სიხარულით შეიწყნარეს და დაისვენეს ეკკლესიასა შინა თჳსსა პატივით, რომელი-იგი ვიდრე დღეს-აქამომდე ჰგიეს. ხოლო წმიდასა მოციქულსა მისცეს მშჳდობა და მოწლედ მოიკითხეს, ამბორს-უყვეს და წარმოგზავნეს.
 

სიახლეები

რუსეთში განადგურებულია $16 მილიონის ღირებულების დრონების ნაწილების საწყობი – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის შემადგენლობაში მყოფი თათრეთის რესპუბლიკაში, განადგურებულია დრონების საწყობი. ოკუპანტებისთვის მიყენებული ზარალის...

“მედიის თავისუფლების კოალიცია” ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ მუქარასა და ძალადობას გმობს

"მედიის თავისუფლების კოალიციის" თანათავმჯდომარეები საქართველოში ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების უსაფრთხოებაზე განცხადებას ავრცელებენ და უკიდურეს...

“ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს, ავიაციას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა. თუ გამოსავალი ახალი არჩევნებია – უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი” – TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი

TAV Georgia-ს, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის, გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე ამბობს,...

სასამართლომ ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმა

ოლიგარქის სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლემ,...