ირაკლი ალასანიას ყოფილი თანაგუნდელი, "თავისუფალი დემოკრატების" შიდა ქართლის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი თამაზ შიოშვილი ქალაქ გორის ვიცემერად დაინიშნა. ინფორმაციას ტელეკომპანია "დია" ავრცელებს.
შიოშვილი მოვალეობის შესრულებას 10 მარტიდან შეუდგა. გავრცელებული ინფორმაციით, შიოშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის, კახა სამხარაძის მეგობარია.
გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თემურ მანველიშვილი აცხადებს, რომ შიოშვილი კვალიფიციური და გამოცდილი კადრია და გორის მერმა მისი დანიშვნის გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო. თავად შიოშვილი საკუთარ გადაწყვეტილებაზე ტელეკომპანიასთან ინტერვიუში საუბრობს და აცხადებს, რომ არსებულ გუნდთან ერთად და გუბერნატორთან კოორდინაციით, ბევრი საქმის გაკეთებას შეძლებს. თამაზ შიოშვილს წარსულში გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი არაერთხელ გაუკრიტიკებია.
თამაზ შიოშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "თავისუფალმა დემოკრატებმა" გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, თუმცა, მან საკუთარი კანდიდატურა მოულოდნელად მოხსნა, რის შემდეგაც, ირაკლი ალასანიამ გორში კენჭისყრა თავად გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების წინ შიოშვილს "ქართულმა ოცნებამ" შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, თავად შიოშვილი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა.