კომუნისტი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის საქართველოში ვიზიტსაც 2019 წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია მოჰყვა, კვლავ საქართველოზე საუბრობს. გავრილოვი, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს, ქართული მხარისგან ბოდიშს ელოდება.
კომუნისტი დეპუტატი აცხადებს, რომ ისინი პატიებას არ მოითხოვენ, თუმცა ამავდროულად მიიჩნევს, რომ “ბოდიში აუცილებელია ასამბლეის მონაწილე ევროპელი დეპუტატებისთვის, ასევე ძმებისთვის, რომლებსაც საქართველოს კეთილდღეობა სურთ. ბოდიში [აუცილებელია] რუსეთის მიმართ შეურაცხყოფისთვის და არსებითად არაფერთან დაკავშირებულ რუსეთის პრეზიდენტთან, დეპუტატებთან, ჩვენ საერთო ისტორიასთან”.
გავრილოვის განცხადებით სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქართველო-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენისთვის. ამასთან ერთად, ის მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის გამბედაობა აუცილებელია.
“ყველა ჩვენგანმა უნდა გადავდგათ, შეიძლება არც ისე დიდი, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა ეს ბუნდოვანი მდგომარეობა გადავლახოთ. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვეულებრივმა ხალხმა ჩვენთვის ახლო, მონათესავე ქვეყნის, საქართველოს მთავრობას უნდა მისცეს შანსი და მანდატი, რათა მათ ქვეყანაში საბოლოოდ დაისადგუროს მშვიდობამ,” – ამბობს ის.
კომუნისტი რუსი დეპუტატი აცხადებს, რომ ისინი ვინც შარშან, მისი თქმით, სახელმწიფო გადატრიალებას ანტიქრისტიანული, ანტიმართლმადიდებლური ლოზუნგებით აწყობდა, შიდაპოლიტიკური პრობლემების გადაჭრას ბინძური ხერხებით ცდილობდა, უნდა შეაჩერონ – “და ამაში გამოიყენეს საქართველოს ისტორიაში უნიკალური მოვლენა, მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეა, რათა დაეგმოთ არამხოლოდ ჩვენ, მართლმადიდებელი დეპუტატების საზოგადოება, არამედ საქარველოს მთავრობაც”.
“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ დღეს საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას, რათა საბოლოოდ ჩაშალოს გადატრიალების მომხრე რევანშისტების გეგმები,” – თქვა კომუნისტმა რუსმა დეპუტატმა ვიდეომიმართვაში.
გავრილოვს სწამს, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტერესშია “რუსეთთან თანაბარუფლებიანი, ღია ურთიერთობების დამყარება რუსეთთან”.
“ჩვენ არ ველით პატიებას მაგრამ მივიჩნევთ, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ბინძურ პროვოკაციაში ბრალდებულებს, რაც ჩვენი ურთიერთობების წინააღმდეგ იყო მიმართული, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ,” – დასძინა მან.