თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, დაშავებული 48 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის თქმით, დაშავებულმა დამწვრობა სხეულის 25%-ზე მიიღო და აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დილის მონაცემებით,მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, მიუხედავად სერიოზული დაზიანებებისა, მკურნალობას თავიდან ბოლომდე ემორჩილება. ,,იმ აფეთქების ფონზე, რაც ვნახე, შეიძლებოდა გაცილებით სერიოზული დაზიანებები მიეღო.“, – განაცხადა ქაშიბაძემ.
ცნობისთვის, აფეთქება გუშინ, ღამის საათებში მოხდა. ადგილზე დაახლოებით 4 წუთში ოპერატიულად იქნა მობილიზებული 6 სახანძრო – სამაშველო ბრიგადა, რომელთაც შეძლეს ხანძრის ლიკვიდირება და ცეცხლის გავრცელების ან განმეორებითი აფეთქების საშიშროების აღმოფხვრა.ეს გნსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სადგური განთავსებულია მჭიდროდ დასახლებულ უბანში, ერთერთი მაღლივი შენობის უშუალო სიახლოვეს და ამასთან იქვეა გაზით სავსე ავზი, რომელსაც შესაძლოა ცეცხლი გადასდებოდა “, – განაცხადა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა.
გაზგასამართ სადგურზე, სადაც აფეთქება მოხდა, წუხელ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი აფეთქების ეპიცენტრთან მიახლოებას ცდილობდა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან გაფრთხილება მოჰყვა, გაფრთხილების უგულებელყოფის შემდეგ კი იგი დაკავეულ იქნა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულს ბრალად ედება სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, გამოძიება მის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით