ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანი შესაძლოა ქართული ოცნების საპარლამენტო სიის პირველი ნომერი გახდეს და პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიონ.
ხმები მისი შესაძლო დაწინაურების შესახებ დაირხა მას შემდეგ, რაც გიგა ბოკერიამ, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე თეა წულუკიანის რეაგირების შეფასებისას, მას პოლიტიკური ბოღმისა და სიძულვილის ელექსირი უწოდა და კითხვით მიმართა გიორგი გახარიას , მოხსნიდა თუ არა თეა წულუკიანს მინისტრის პოსტიდან იმის გამო, რომ პარტნიორების კრიტიკას მტრული სახელმწიფოს ოკუპაციას ადარებს, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ წულუკიანს “დააწინაურებს”.
,,წულუკიანი საარჩევნო სიის თავში კარგი საჩუქარი იქნება ოპოზიციისთვის, რადგან თუნდაც ამ ერთი დანიშვნის გამო მმართველი პარტია დაახლოებოთ 10%-ს დაკარგავს – აცხადებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
“10 ნობელის ლაურეატი რომ დანიშნონ მთავრობაში ამ არაფორმალური და ჩამონგრეული მმართველობითი ვერტიკალის პირობებში საქართველოს არაფერი ეშველება. ერთადერთი გამოსავალი არის ამ ხელისუფლებოს შეცვლა, რაც შეეხება თეა წულუკიანს, “პარტია რომ ხისტი განცხადებებით იგებდეს არჩევნებს, ახლა, ისე „დავხისტავ“, რომ 100% გარანტირებული უნდა მქონდეს”” – ამბობს რომან გოცირიძე
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით კი, პრემიერმინისტრის რეპლიკა მისი დაწინაურების შესახებ იყო პასუხი გიგა ბოკერიას ,,ამ აბსოლუტურად ოდიოზურად ქცეული ადამიანის კივილზე” და რომ ამის უკან რეალურად რაიმე ტიპის გეგმები არ დგას.
რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა ქართული ოცნების საარჩევნო სიის სათავეში, წულუკიანი პასუხობს :”სია თუ არა, პარლამენტი თუ არა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ყველანი დავინახავთ ვინ სად დადგება იმ საარჩევნო კამპანიაში, რომელი ჩვენ ყველას გვაქვს წინ”