ხელისუფლებამ გადაწყვიტა ოპოზიციას თავისი ,,განსწავლულობითა და მახვილგონიერებით” დაუპირისპირდეს.
ირაკლი კობახიძის სტარტის შემდეგ, როცა მან ოპოზიციას გოიმები უწოდა, მას კვალში ჩაუდგნენ საპარლამენტო უმრავესობის სხვა წევრები და ახალ-ახალ ეპითეტებს უძღვნიან ოპონენტებს.
რომან გოცირიძე ხან ბრუს ლია, ხან ბრედ პიტი, თინა ბოკუჩავა – ხევისბერი, ნაციონალური მოძრაობა – სადისტების კლასტერი, და ა.შ. თუმცა ირაკლი კობახიძეს ვერავინ გაუტოლდა, თვით პრემიერიც კი, რომელიც ორი დღის განმავლობაში ფანტავდა ჯიგრულ ეპითეტებს მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ პარლამენტს დაპრეიერსაც განსხვავებული ლექსიკა შეეფერება.
ირაკლი კობახიძე: „ყურადღება მინდა გავამახვილო საპენსიო ფონდზე, რომელიც ამოჩემებული აქვს ოპოზიციას. თქვენ გაიმწარეთ ახალგაზრდობა, გირჩევთ შეიტანეთ შენატანი საპენსიო ფონდში, იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი. ჩემო “ევრო-ნაცებო”, ჩემო 3%-იანებო, გისურვებთ ტკბილ პოლიტიკურ პენსიას 2020 წლის ოქტომბრიდან. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს. ჩვენ გუშინწინ ვთქვით, რომ ეს იყო მასტერკლასი. დღეს იყო კიდევ უფრო მეტი, ეს იყო ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერ-მინისტრმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას“
ნუკრი ქანთარია: ,,რა გჭირთ ხალხო? არაფერი არ იცვლება თქვენთან თუ მალავთ ამ ამბავს? ეს ორი დღე შეიძლება ასე შეიძლება შევაფასოთ- აბდა-უბდა გადასკუპტა, აქეთ ტაში, იქით – ტაში. ასე გვიყვარს ჩვენ თამაში, აი ეს არის ბატონები თქვენი მთელი ლაიტმოტივი. ბატონო რომან, რა გჭირს გენაცვალე? ხან შესანიშნავ შვიდეულს ჰბაძავ, ახლა დღეს რაღაც ტარანტინოს ბრუს ლის სტილში გინდოდა გამოსვლა და რაც იმ ფილმში ბრეტ პიტისგან მიიღო პერსონაჟმა, აი ის მიიღე ზუსტად. ქალბატონ ბოკუჩავას ხევისბერის ნოტები რომ შეერია, სისხლი, ხანჯალი, ჯალათი, გიხდებათ?“
გია ვოლსკი: „რაც შეეხება “ნაცკლასტერს”, სადისტები იყავით, მაშინ ძალა გქონდათ ხელში, სადიზმის რამხელა დიაპაზონი იყო, რამდენი ადამიანი არის ამით დაზარალებული და სისხლისღვრაზე ლაპარაკობენ ახლა. სირცხვილი არ არის ბოლოს და ბოლოს? რომელ ბავშვებზე ან ვისზე გიზრუნიათ საერთოდ ?
ანრი იხანაშვილი: ,,თქვენი ყალბი პათოსი და ფარისევლობა ჩვენ ყველამ ვიხილეთ. თქვენი გამოსვლები განმსჭვალული იყო იმით, თუ რა მაგრები იყავით და მაგარ სახელმწიფოს აშენებდით, ზრუნავდით ჩვენს მოქალაქეებზე. თუ ასეთი მაგრები იყავით რატომ გადაგირჩიათ ქართულმა საზოგადოებამ?! ცინიკოსები ხართ ამაზე ღლიცინებთ“
რაც შეეხება გახარიას, ერთი კარგი მოლოდინი გააჩინა – იმედი გამოთქვა, რომ ,,მომავალი პარლამენტი ხალხის გადაწყვეტილებით, ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და კომპეტენტური იქნება”.
საკითხავი ის არის, ასეთ პარლამენტში თუ დარჩება ადგილი ქართული ოცნების ამ ოქროპირებისათვის