გიორგი გახარია პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივა და წარადგენს ანგარიშს, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში.სხდომა 12 საათზეა დანიშნული. პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება.
საქართველოში 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს გაუქმდა. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე, პარლამენტმა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხარდაჭერით და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანით, მთავრობას 15 ივლისამდე მისცა სხვადასხვა შეზღუდვის უფლება. ოპოზიციამ ეს საკანონმდებლო ცვლილებები შეაფასა კონსტიტუციის და საერთაშორისო კონვენციების დარღვევად. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” კანონში შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.