მთავარისიახლეებისაზოგადოებათუთაჯღვერი - მთვარე წინამავალი

თუთაჯღვერი – მთვარე წინამავალი

Published on

 

ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა''
 
 
მეთუთაშხურეს მაგიური ფორმულა ,,ბჟაშ კინოოთამა''   ინახავს  ცოდნას პლანეტების განლაგებაზე, მლოცველმა იცის, რომ თუთაშხურობას  მთვარე წინ უსწრებს ( აწოყუნს, აწოჯღონს)  მზესა და დედამიწას. სწორედ ამიტომ ქვია ამ ფაზაში შესულ მთვარეს თუთა ჯღვერი – წინამავალი, წინამძღოლი  მთვარე. 
 
 
არაერთი სანდო წყარო მოწმობს, რომ არსებობდა კოლხური ასტროლოგიის, ოკულტური მეცნიერებისა და ალქიმიის სრულიად გამორჩეული, მძლავრი სკოლა, რომელსაც თუთაშური, მერცხულური ცოდნა ედო საფუძვლად და ამასთან თავისთავში აერთიანებდა უძველესი დროის აღმოსავლურ და დასავლურ  ოკულტიზმს და კოსმოგონიას, გარდატეხილს საკუთრივ კოლხური რწმენა–წარმოდგენებისა და მსოფლშეგრძნების პრიზმაში.
 
სამწუხაროდ, ეს ცოდნა მარადმედინ  დროში დაინთქა და მისი რეკონსტრუქცია, თუ უიმედო არა, უაღრესად რთულია, რადგან იგი, ერთი შეხედვით, მხოლოდ ამოუხსნელ სისხლისმიერ, ენობრივ  მეხსიერებაში არსებობს სუბსტანტის სახით და სანამ გულს არ გადაგვიხსნის ან თავად არ გავუხსნით გულს, ცხრა  ბეჭედი ადევს.
 
,, ღურუშ წამალს გორუნდეს დო ოლაფარეს ალაჩანდუა'' –უკვდავების წამალს ეძებდნენ და თურმე ლაფაროში იზრდებოდაო  – უთქვამთ ძველებს და ჩვენც ქვაწერილობის, ძველი ფოლიანტების, კირბების აღმოჩენის მოლოდინში გურს ვაუჩანთ – გულისყურს არ ვაპყრობთ თავად ენაში დალექილ მინიშნებებს, რომლებშიც თუთაშების იდუმალი მეტყველება და მისტიური ჩურჩული ისმის. 
 
მეგრულ ენაში შემორჩენილია  ამ სიბრძნის შესახებ  ინფორმაციის მატარებელი უამრავი მაგიური, საკრალური მნიშვნელობის სიტყვა და იდიომა, რომელიც მთვარეს უკავშირდება: თუთაშ ფორცხოლიშ ერღვაფა, თუთაშ ერია – მთვარის ფაზების შეშლა, უბადო მორთა – მთვარის ავბედითი მოქცევა, ახალ თუთა, ვითოხუთიშ თუთა – მთვარე თხუთმეტისა, თუთაშ მონია – მთვარის ქარი და მრავალი სხვა, რომელთაც, თუთაშებისგან  განსხვავებით, დღეს უფრო საკუთარი შეგრძნებებითა და განწყობებით ვხსნით, თუმცა კი, თავდაპირველი მნიშვნელობით, როგორც ჩანს, წმინდა ასტროლოგიური ტერმინები იყო.
 
ჯერ მარტო ოთუთაშხურე ხვამა – მთვარის დღის ლოცვა,  სამთვარიო რად ღირს. იგი, დღევანდელი, პროფანირებული სახითაც კი, თუ მრავალსაუკუნოვან მტვერს მოვაშორებთ, ინახავს კოდირებულ ცოდნას მთვარის კალენდრის, მთვარის ფაზების, მთვარესა და მიწას შორის კავშირების,  დადამიწასა და ადამიანზე მთვარის  ზეგავლენის ძალის შესახებ.  
 
მაგრამ დღეს თქვენს ყურადღებას მივაპყრობდი ოთუთაშხურეს ლოცვის ადრესატს, ლოცვის ობიექტს, რომელსაც მლოცველი თუთაშ ჯღვერს ანუ წინამავალ, წინამძღოლ მთვარეს უწოდებს.
 
რატომ თუთაჯღვერი და არა უბრალოდ თუთა ღორონთი? რას ნიშნავს წინამავალი მთვარე? რა ციურ მოვლენას ასახავს თუთაშ ჯღვერი – მთვარის  წინამავლობა?  რა არის ეს? – მთვარეს შევრდომილი ხალხის მიკერძოება და აღიარება მთვარისა, როგორც უპირველესისა მნათობთა იერარქიაში, თუ კონკრეტული ცოდნა ცაზე მნათობთა მოძრაობის შინაგანი წესრიგის შესახებ? ალბათ, ყველაფერი ერთად. 
 
დღეს ბავშვმაც კი იცის, რომ ხილული მთვარის ოთხი სახეცვლილება, რომელსაც გაჩენის დღიდან ჭვრეტს ადამიანი დედამიწიდან, დამოკიდებულია მის პოზიციაზე დედამიწისა და მზის მიმართ.
მოგეხსენებათ, ეს სამი პლანეტა ერთ ხაზზეა განლაგებული და მთვარე ერთადერთია, რომელიც ერთდროულად ბრუნავს მიწისა და მზის გაშემო – შესაბამისად, თუთაშ თე – მთვარის ნათება, თუთაშ მიკოხუნა, თუთას მუკორჩქინა  – მთვარის დაჩენა დედამიწიდან ხილულ ცაზე იმაზეა დამოკიდებული, როგორ ეწევიან და უსწრებენ ერთმანეთს ამ ხაზზე მზე და მთვარე.
 
 მთვარის დალევის ბოლო დღე – თუთაშ დალია და ახალი მთვარის დაბადების დღე – თუთაშ მიკოხუნა მოიცავს ორდღიან პერიოდს, რომელსაც ახალმთვარიანობა (და არა ახალი მთვარე ჰქვია). თანამედროვე მეცნიერები ამ პერიოდს შავ მთვარეს  ( მეგრელები – უბადო მორთას) უწოდებენ –   ამ დროს მთვარე დედამიწისკენ გაუნათებელი, ბნელი მხარითაა მობრუნებული, რადგან დედამიწა მზესა და მთვარეს შორისაა ჩამდგარი. ახალმთვარიანობის პერიოდში მთვარის მეგრული სახელი  თუ ეპითეტი გადის რთულ მოდიფიკაციას: ოპტიმისტებისთვის –   მოკა თუთა, უხენო თუთა ანუ ორსული, ახალი სიცოცხლის მომლოდინე  მთვარეა, პესიმისტებისთვის –  ღურუთუთა  ანუ  უკვე მკვდარი, ჩაბნელებული  მთვარე, ამ უკანასკნელს უკავშირდება მთვარის შთანთქმა გველეშაპის მიერ. 
 
ეს პერიოდი სულს უფორიაქებს ადამიანს, რადგან ბნელი მთვარის შემხედვარე ადამიანში, მით უფრო წარმართში, ერთმანეთს ებრძვის მტანჯველი და იმედიანი მოლოდინი, მტანჯველი იმიტომ, რომ ბნელი მთვარე აღძრავს ქვეცნობიერ შიშს, რომ მთვარე შეიძლება აღარ ამოვიდეს, ხოლო იმედიანი იმიტომ, რომ ახალი მთვარე დაიბადება და განანახლებს მიწასაც და მასაც.
 
 წარმართი, იმედიანიც და შიშიანიც, დაძაბული ელოდება მთვარის მეორე ფაზას, მთვარის წინამავლობას – თუთაჯღვერობას, მთვარის მომძლავრების პერიოდს და როცა დგება, საზეიმო ლოცვას თუთაშხურობას აღავლენს.   ეს ხდება ახალმთვარეობიდან მეშვიდე დღეს, როცა გარდასახდენი გარდახდენილია, მთვარის სიკვდილ – სიცოცხლის საკითხი გადაწყვეტილია  –  მთვარე დაბადებულია,  გამოსულია ბავშვობიდან, მაგრამ ჯერ ისევ ზრდადია და   ძლიერი, როგორც არასდროს.    და ოთუთაშხურეც ამიტომ არის  ყველაზე მხურვალე მთვარისადმი აღსავლენ ძველ ლოცვებს შორის – ეს მთვარის ზეიმია, მთვარის ჩაქრობის შიშისგან თავისუფალი, მთვარის ხილულ ძალას მინდობილი ადამიანების ლოცვა, აქ პესიმისტური, სკეპტიკური კითხვები  მთავრის ძალმოსილებით  იჩრდილება, მთვარე თვით მზეზე  მრეობს ( სხვათა შორის,  ესეც არის ერთერთი ახსნა  იმისა, რომ   თუთა ჯღვერის თაყვანისმცემლები მთვარეში  ხედავენ მამრულ საწყისს და, შესაბამისად, ამიტომ   არის მეგრელების მთვარე მამა და არა დედა, როგორც ეს  ბევრი სხვა ხალხის საზრისში გვაქვს.)  
 
მაგრამ დავუბრუნდეთ თუთაშურ ცოდნას : .მლოცველთა ახსნით, ამ ფაზაში მთვარე უკან იტოვებს  ( კინმიოთანს) მზეს.  იდიომა ,,კინოყოთამა'', როგორც ასეთი, თანამედროვე  მეგრულში მეტოქის დამარცხებას, მის უკან მიგდებას  ნიშნავს, მაგრამ არამხოლოდ.  
მეთუთაშხურეს მაგიური ფორმულა ,,ბჟაშ კინოოთამა'' –  მხოლოდ ერთი შეხედვით  ნიშნავს მთვარის მრეობას,  მზის უკან მოტოვებას, დამარცხებას სინათლის თვალსაზრისით ( მთვარე, რაც უნდა კაშკაშა იყოს,  მზეს ამით ვერ მოერევა), სინამდვილეში ეს ფორმულა სულ სხვა ცოდნას ინახავს და  გაცილებით მეტს გულისხმობს –  თუთაშმა იცის, როგორია ამ დროს პლანეტების განლაგება, რა პოზიცია აქვს მთვარეს დედამიწასა და მზესთან მიმართებაში, ანუ იცის,  რომ   ამ დროს  მთვარე წინ უსწრებს ( აწოყუნს, აწოჯღონს)  მზესა და დედამიწას. სწორედ ამიტომ ქვია ამ ფაზაში შესულ მთვარეს თუთა ჯღვერი – წინამავალი, წინამძღოლი  მთვარე და არა იმიტომ, რომ მლოცველში პოეტური აღმაფრენა ჭარბობს
 
ეპითეტები ეპითეტებად , მაგრამ  ,,თუთაჯღვერი’’ არის მეცნიერული, ასტროლოგიური ტერმინი და დასაბუთება იმისა, რომ ძველი კოლხები ღრმად იცნობდნენ მნათობთა მოძრაობის ტრაექტორიასა და ერთურთის მიმართ განლაგებას  და  მათი ამ ცოდნის უტყუარობა დრომ და შორს წასულმა თანამედროვე  ასტრონომიულმა მეცნიერებამ  დაადასტურა. 
 
 

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...