მთავარისიახლეებისაზოგადოება"პლაქვენილი" გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და მისი თვითნებურად მიღება...

“პლაქვენილი” გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და მისი თვითნებურად მიღება არ შეიძლება

Published on

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

კლინიკა განმარტავს, რომ “პლაქვენილი” გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით, რის შესაბამისადაც მოსახლეობას სთხოვს, არ შეეცადონ ამ მედიკამენტის აფთიაქებში შეძენას და მის გამოყენებას.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სადღეისოდ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის სამკურნალოდ ოფიციალურად რეკომენდებული პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს.

ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩინეთსა და რიგ სხვა ქვეყნებში ხდებოდა სხვადასხვა მედიკამენტების კლინიკური გამოცდა, მათ შორის:

  • რემდესივირი
  • ლოპინავირ/რიტონავირი
  • დარუნავირ/კობიცისტატი
  • ატაზანავირ/რიტონავირი
  • ფავიპირავირი
  • ქლოროქინ ფოსფატი (დელაგილი)
  • ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქველინი)
  • რიბავირინი
  • ოსელტამივირი
  • ალფა-ინტერფერონი
  • არბიდოლი
  • და სხვ.

არცერთ ზემოთჩამოთვლილ მედიკამენტს არა აქვს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ოფიციალური რეკომენდაცია COVID-19-ის სამკურნალოდ.

ყველა ზემოათაღნიშნული მედიკამენტი, რემდესივირის და ფავიპირავირის გარდა ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომია და გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა კვლევებსა და სხვადასხვა ექსპერტებს შორის ამ მედიკამენტების შედარებით ეფექტიანობაზე არსებობდა განსხვავებული აზრი. აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებს თავიანთ გაიდლაინებში რეკომენდებული აქვთ სხვადასხვა მედიკამენტები და/ან მათი კომბინაციები.

ჩვენ ცალკეული კვლევების შედეგების, ექსპერტთა მოსაზრებების, ზემოთაღნიშნული მედიკამენტების მოქმედების მექანიზმების და COVID-19-ის პათოგენეზის ანალიზის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზემოთაღნიშნული მედიკამენტებიდან არჩევის პრეპარატად ჩაგვეთვალა ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი), რაც ასახულია COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში.

პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) აქამდე მალარიის და ზოგიერთი რევმატიული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა და ხელმისაწვდომია საქართველოში.

საქართველოში COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა ჯერ კიდევ ა.წ. თებერვალში და ამ დღიდან დაწყებული ყველა ავადმყოფი (უსიმპტომო ავადმყოფების გარდა) იღებს მკურნალობას ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით).

ა.წ. 19 მარტს აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ დარგის ლიდერებთან და წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დაუყოვნებლივ COVID-19-ის სამკურნალოდ და რომ ეს მედიკამენტი ფაქტობრივად დამტკიცებულია FDA-ის მიერ.

პარალელურად ზოგიერთმა ქვეყანამ და წამყვანმა სამედიცინო ცენტრმა ეს გადაწყვეტილება ასახეს თავიანთ ოფიციალურ რეკომენდაციებში.

ამდენად, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ სრულად დაადასტურა, რომ ჩვენმა ცენტრმა თავის დროზე სწორი არჩევანი გააკეთა, რაც შესაძლოა იყოს ერთ-ერთი (თუმცა არა ერთადერთი) მიზეზი იმისა, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით ძალიან წარმატებულად ხორციელდება COVID-19-ით პაციენტების, მათ შორის 80 წელს გადაცილებული ასაკის და სერიოზული თანხმლები დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობა და მენეჯმენტი (საქართველოში სადღიოსოდ არ არის დაფიქსირებული COVID-19-ის არცერთი ლეტალური შემთხვევა).

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პლაქვენილი გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით და არ გამოიყენება ამ დაავადების საპროფილაქტიკოდ.

შესაბამისად, კატეგორიულად ვთხოვთ მოსახლეობას, არ შეეცადონ ამ მედიკამენტის აფთიაქებში შეძენას და მის გამოყენებას COVID-19-ის პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან მედიკამენტის არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ამ პიროვნების ჯანმრთელობას.

გვინდა გავაკეთოთ კომენტარი აგრეთვე მედიკამენტ რემდესივირზე (Remdesivir), რომელზეც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

მედიკამენტი რემდესივირი თავის დროზე შეიქმნა ამერიკული კომპანია Gilead-ის მიერ ებოლას ცხელების სამკურნალოდ, მაგრამ ამ დაავადების დროს ეფექტიანი არ გამოდგა. ამჟამად ძალიან სერიოზული ჯგუფების მიერ, მათ შორის აშშ ნაციონალური ინსტიტუტის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორის Anthony Fauci-ის მიერ, შეისწავლება ამ მედიკამენტის ეფექტიანობა COVID-19-ის სამკურნალოდ და წინასწარი კვლევებით მიღებულია დამაიმედებელი შედეგები.

Gilead Science სწორედ ის კომპანიაა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს უფასოდ აწვდის მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს და შესაბამისად, აქვს საქართველოსთან მჭიდრო და საქმიანი პარტნიორული ურთიერთობა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ უკვე მიმართეს კომპანია Gilead Science -ს, მოაწოდოს საქართველოს მედიკამენტ რემდესივირის გარკვეული რაოდენობა და გვაქვს იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ამ მედიკამენტს“, – ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს განცხადებაში.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...