სულ რამდენიმე საათი გავიდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართვა პარტიის პოლიტსაბჭოსადმი, რომელშიც ისინი მოითხოვენ მრავალათასიანი, ფართო წარმომადგენლობითი ყრილობის ჩატარებას და ეწინააღმდეგებიან პარტიის მომავლის კულუარულ გადაწყვეტილებებზე აგების მცდელობას, მიმართვას , როგორც იტყვიან, სოციალურ ქსელში ,,აფეთქება'' მოჰყვა – აქტივისტებისა და მხარდამჭერების უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნას შეუერთდნენ პარტიის რეგიონული ოფისების, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, სენაკის, წალკის, ყვარლის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, ელავის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ვანის, დმანისის, საჩხერის, ბოლნისის და სხვა რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
ამ ჩამონათვალში ჯერჯერობით არ არის პარტიის ზუგდიდის ორგანიზაცია და შესაბამისად მუსირებს კითხვა: ,,რას შვება ზუგდიდი?'' ( ჟურნალისტი ლაშა ბერულავა)
ნაციონალური მოძრაობის სიით არჩეული დეპუტატები ზუგდიდიდან ლაშა დამენია, თენგიზ გუნავა, ლელა ქებურია, ლევან კონჯარია და და პარტიის რაიონული ოფისის სხვა წარმომადგენლები ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებენ, რაც პარტიის აქტივისტებსა და მხარდამჭერებში ბადებს პასუხგაუცემელ კითხვებს მათი პოზიციის შესახებ, თუმცა ამ დუმილითაც ბევრი რამ არის ნათქვამი.
,,ასე იცის დაუმსახურებელმა წარმატებამ. თუ გგონიათ, რომ პარლამენტში შესვლით რაიმე მოგემატათ თქვენს მოცემულობაში, ძალიან ცდებით – წერს მათი მისამართით ნაციონალური მოძრაობის წევრი მაია კალანდია – იყოს მაშინ ნება თქვენი და ითამაშეთ ის თამაში, რომელსაც გთავაზობენ ეგრეთ წოდებული ლიდერები, სინამდვილეში კი ყველაფერი მიჰყავთ'' ჩიხისკენ. ამომრჩეველმა ხმა მისცა ერთიან ნაციოანლურ მოძრაობას, რომლის ლიდერია ოლიგარქის მიერ ქვეყნიდან განდევნილი მიხეილ სააკაშვილი. ცალსახად! არ მოგცემთ უფლებას ჩაგვრთოთ განდევნილი ლიდერის წინაარმდეგ წამოწყებულ ბინძურ თამაშში. ხმამაღლა, ყველგან და ყველასთან ვიტყვი დღეიდან, რა გეგმებიც გაქვთ. მოაწყობთ 2000 –ან ყრილობას? 10 000 კაცით დავდგებით გარეთ. თუ გგონიათ, ვერ მოვახსერხებთ, აგერ თქვენ და აგერ ჩვენ! ''
დღეს სოციალურ ქსელში ყრილობის გარშემო გამართულ დისკუსიაში აქცენტების გადაადგილება სცადა ენმ – ს ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელმა თეიმურაზ ბასილაიამ: ,,ჩემთვის პირადად ის უფრო სანერვიულოა ასეთ გარჩევებამდე რომ მივიდა საქმე , რაშიც ვფიქრობ მარტო ცალმხრივი არაა ბრალეულობა.
საკმაო გმოცდილება მაქვს და ზოგადად ვიტყვი, რომ დაახლოებით 7000-იანი ყრილობის ჩატარებას ჯერ სოლიდური თანხა უნდა და არც ვიცი რა რესურსი აქვს ამ დროს ენმ-ს, არჩევნები საკმაოდ მომჭირნედ იყო ამ კუთხით ( რამაც ერთ -ერთი უარყოფითი როლი ითამაშა), ხოლო ყრილობის ოფიციალურ ნაწილს , კენჭისყრას დახურულად და ხმების დათვლის პროცედურას სავარაუდოდ მინიმუმ 10-12 საათი დასჭირდება. ე.ი დღენახევარი შესვენებიანად. ახლა ვიფიქროთ როგორ მოხერხდება ყველაფერი ერთად.
და კიდევ. როგორც კი რაიმე აზრს გამოთქვამ , აუცილებლად ან ერთის მტერი ხარ ან მეორის. არადა ხომ შეიძლება უბრალოდ გაინტერესებდეს, ჭეშმარიტი დასკვნის გამოსატანად. ძალიან აგრესიული გახდა საზოგადოება. დასანანია''
თეიმურაზ ბასილაიას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ზუგდიდის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ანა წითლიძე: ,,თანხა ყველაზე ნაკლები პრობლემაა. მათ შორის 27 დეპუტატმა თითო თვის ხელფასი რომ დადოს ეგეც შეგვეშველება:)) ყრილობაზე მნიშვნელოვანი ლეგიტიმაცია პარტიისთვის არ არსებობს და ვალდებული არიან გამონახონ თანხები. მათ შორის პარტიული ცენტრალური ოფისის ხელფასები მოიკლონ.''
ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი როინ თირქია წერს: ,,დარჩეს მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარედ და არც ყრილობა იქნება ჩასატარებელი და ყველაფერი ჩადგება კალაპოტში, თუ არადა, ნაციონალური მოძრაობა ძლიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება… დევნილობაში მყოფი სააკაშვილის "მოტეხვა" გაუგონარი უზნეობაა და ვინც ამას ფიქრობს, აშკარად ამ პარტიის მტერია ან გაცნობიერებული არა აქვს ამ ნაბიჯის შემდგომი შედეგები''