,,ისე გამომრიცხეს გუნდიდან, რომ ჩემთან კომუნიკაცია არ ყოფილა. პირდაპირ გამოცხადდა ისე, რომ არცერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი არ შემხვედრია. არადა, მაღალი სიმაღლეებიდან ზარი იყო ჩემთან, რომ მხარს მიჭერენ პრინციპულად, ჩემ მხარეს არიან, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის” – თქვა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ მას შემდეგ, რაც ვაჟა გაფრინდაშვილზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, ქართული ოცნების რიგები დაატოვებინეს.
რაღაც მქონდა ისეთი, რომ მე შემეძლო ვინმესთვის მიმემართა, ვაპირებდი გადასვლას, მეცადა უბრალოდ. იქნებ ისინი არიან მართლები და მე ვტყუი. გადავიდოდი პირდაპირ იმ მიზნით, რომ ჩავბარებულიყავი. რას ვეტყოდი იცი? მე გადმოვედი იმისთვის, რომ მეთხოვა თქვენთვის დახმარება იმაში, რომ ჩვენი საერთო მტერი – ნაცისტური იდეოლოგია, რომელმაც დაღუპა საქართველო, მოვიშოროთ, რომ თქვენც ხართ იძულებული…
მე ჩავთვალე, რომ თუ ვინმე გადავიდოდა და კაცურად დაელაპარაკებოდა, არ არის აუცილებელი მტერთან გინება და ფურთხება, უნდა მოიქცე ღირსეულად, არ არის აუცილებელი დაამცირო, მტერიც შეიძლება ღირსეული აღმოჩნდეს […] თუ ვთხოვდი და ავუხსნიდი, რომ ამ შემთხვევაში საერთო ინტერესები გვაქვს, გამოუშვებდნენ.
ამერიკელი და დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ რუსეთთან უნდა ილაპარაკოთ, უნდა გამონახოთ საერთო ენა, ეს ხომ ფაქტია? ამას გვეუბნებიან. არაფერი გააკეთოთ და არ გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს თქვენ მდგომარეობას. იმიტომ, რომ ვერ გვეხმარებიან იმაზე მეტს, რაც შეუძლიათ. ეს არის აქსიომა, რეალობა. ამიტომ, ნებისმიერ ქმედება ნებსით თუ უნებლიედ, რომელიც ამის საწინააღმდეგოდაა მიმართული აზიანებს ქვეყანას, ეს არის ისეთი რამ, რაზეც ვერც ერთი მხარე ვერ შემომედავება.
როდესაც შენ ვიღაცას მუდმივად ეძახი ოკუპანტს, აგინებ, ლანძღავ, უკანალს უშვერ, შეუძლებელი ხდება იმ გარემოს შექმნა, სადაც დალაპარაკება, რაღაცაზე მსჯელობა არის შესაძლებელი.
ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ქართველები ერთმანეთს დარევიან, მაგრამ მერე რაღაცები ლაგდება. მუდმივად ამ რეჟიმში ვიყოთ? ვაგინოთ, ვაფურთხოთ იმ ძალას, რომელიც ჩვენზე გაცილებით ძლიერია? რომელიც, ჩვენი დასავლელი პარტნიორები რომ არა, დიდი ხანია სხვანაირად დალაგდებოდა სიტუაცია. გვეუბნებიან ეს ადამიანები [დასავლელი პარტნიორები], რომ არ დავუძახოთ, ნუ აგინებთ. ევროპელი პარტნიორები რომ იძახიან რაღაცას, ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენც იგივე უნდა ვიძახოთ? ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი გვეუბნება, რომ ჩვენ [რუსეთმა და საქართველომ] უნდა გამონახოს საერთო ენა.” – ამბობს ერეკლე კუხიანიძე