ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პოლიტსაბჭოზე რამდენიმე მთავარ საკითხზე იმსჯელეს – შეიქმნას ჯგუფი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას შეაფასებს,შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ყრილობას მოამზადებს. პარტიამ ასევე მიიღო სპეციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიის ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, მიუხედავად ამისა და ძალადობრივი გარემოსი, პარტიამ მაინც მოახერხა ნახევარ მილიონამდე ხმა მიიღო, რისთვისაც ენმ მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ პარტია ბრძოლას აგრძელებს.
ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიული აქტივისტების ნაწილი, პარტიასთან აფელირებული ზოგიერთი ჯგუფი და სოციალურ მედიაში დისკუსიის ზოგიერთი აქტიური მონაწილე ნორმალური განხილვის ფარგლებს გასცდა და პარტიის ლიდერების მიმართ სიცრუესა და ცილისწამებაზე დამყარებული ბინძური კამპანია წამოიწყო, რამაც სარგებელი მოუტანა ივანიშვილის რეჟიმს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტსაბჭო გმობს შეთქმულების თეორიებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და ივანიშვილის გარიგების შესახებ და ემიჯნებიან ყველას, ვინც ჩაერთო პარტიის დისკრედიტაციის კამპანიაში შეურაცხმყოფელი ფორმით.